გზა კრაკოვიდან პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად Wizz Air-ის იაფი ბილეთების თარიღები იყო.

ბილეთები კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად

როგორც ცნობილია “ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და ჩემი გზა ქუთაისისკენ თბილისიდან ღამის 11 საათზე დაიწყო. ამ გზაზე მიკროავტობუსით 1-2-ჯერ მგზავრობის შემდეგ, ცოტა უფრო მეტი ხარჯის გაწევას და საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ვირჩევ ხოლმე, რთულად ვიტან ჩვენებური მარშუტკის მძღოლების მართვის სტილს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ავტომობილის პარკირება 1 დღე 7 ლარი ღირს და ეს ხარჯი განსაკუთრებით მაშინ ამართლებს თუ ერთი ავტომობილით 3 ან 4 ადამიანი ისარგებლებს. ასეთ შემთხვევაში საერთო დანახარჯი თბილისიდან აეროპორტამდე და უკან მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურს უტოლდება.

აეროპორტში 24 ლარად და 79 თეთრად შეძენილი ქუთაისი-კატოვიცეს ბილეთის რეგისტრაციის შემდეგ, მარტივად გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი და მესაზღვრესაც არ დაუსვამს “ჩამჭრელი” კითხვები. ალბათ იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 1 დღით ადრე გავემგზავრეთ, რა თქმა უნდა ვიზებით.

არც სიმკაცრით გამორჩეული კატოვიცეს აეროპორტის მესაზღვრეს დაუსვამს კითხვები, უბრალოდ უკან დასაბრუნებელი ბილეთი იკითხა და მოწვევას გადახედა. შემდეგ ანაბეჭდების აღება მთხოვა და რომ ვერ მოახერხა ცალკე ოთახში გადამიყვანა, იქ სადაც უკან გამოსაბრუნებელ ხალხს ანთავსებენ ხოლმე. 10 წუთი ლოდინის შემდეგ გვერდითა ოთახის კარი გაიღო და უკვე სხვა მესაზღვრემ ფურცელი მომაწოდა გასაცნობად, რომელზეც ქართულად ეწერა რაღაც აუცილებელი პროცედურები. ამ ფურცლის ხელმოწერის შემდეგ მესაზღვრე ქალმა რუსულად მკითხა ვიზის მიღებისას როგორ მოახერხეს ჩემი ანაბეჭდების სკანირება. ავუხსენი, რომ ძალიან რთულად, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაბეჭდები რთულად იკითხება… პასპორტში შტამპიც ჩამირტყეს და შენგენში გზა დამილოცეს, გარეთ კი გულშემატკივრები მელოდებოდნენ, რომლებმაც ჩემზე მეტად ინერვიულეს – მადლობა მათ თანადგომისთვის.

კატოვიცეს აეროპორტიდან გეზი კრაკოვისკენ ავიღე. მიკროავტობუსები აეროპორტის წინ დგას. კრაკოვამდე მგზავრობა 12 – 13 ევრო ღირს. თუ ბილეთს ონლაინ შეიძენთ 10.50 ევროს გადახდა მოგიწევთ.  მაგრამ თვითმფრინავმა რომ დააგვიანოს მარშრუტკა შეიძლება ნახევარ საათზე მეტს არ დაგელოდოთ. თუ თვითმფრინავსა და მიკროავტობუსს შორის საკმაო დრო არის მაშინ ონლაინ ჯავშანს გირჩევთ, იაფიცაა და გარანტირებულიც იქნებით.

თუ კატოვიცეს აეროპორტიდან პირდაპირ პრაღაში მიემგზავრებით მაშინ გირჩევთ “ლეოექსპრესს”, რომელიც შვილობილი კომპანიის მეშვეობით პირდაპირ აეროპორტში მოგაკითხავთ და არ მოგიწევთ კატოვიცეში ან კრაკოვში ჩასვლა და შემდეგ “პოლსკი ბასის” ლოდინი. “პოლსკი ბასის” შესახებ ცოტა ქვევით.

კრაკოვიდან პრაღამდე

კრაკოვში ორი დღის გატარების შემდეგ გეზი ავიღე პრაღისკენ და რა თქმა უნდა “ლეოექსპრესით”. ბილეთები ორიოდე თვით ადრე შევიძინე 14,8 ევროდ. ლეოექსპრესი დაბალი ფასის მიუხედავად მაღალი კომფორტით გამოირჩევა. ავტობუსს ემსახურება ორი მძღოლი და ერთი ბორტგამცილებელი. ჩასხდომისთანავე მოგვართვეს წყალი და ჩეხური გაზიანი სასმელი “კოფოლა”. ყავა და წახემსების სხვა საშუალებები ფასიანია. ყველაზე მეტად კი ვაფასებ დიდ სივრცეს რომელიც სკამებს შორის არის, და რომელიც თავისუფლად მგზავრობის საშუალებას იძლევა.

ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე, რომელიც თითქმის შუმჩნეველია მოვხვდით ჩეხეთის ქალაქ ბოჰუმინში, რომლის ვაგზალი ავტობუსიდან ლეოექსპრესის მატარებელში გადასაჯდომი პუნქტია და არა მარტო. ვაგზალზე სუფთა და მოწესრიგებულ სასადილოში 1.5 ევროდ ცხელი სენდვიჩი მივირთვი, გარეთ კი ჩეხურის მცოდნე მოგზაურებს ღია ბიბლიოთეკაც ელოდება.

ვაგზლის ბაქანზე ლეოექსპრესის მატრებელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი “შტადლერი”, ოღონდ ერთსართულიანი, ოდნავი დაგვიანებით შემოვიდა. ვაგონში წინასწარ შეძენილი ადგილები, შუაგულში, მაგიდის ორივე მხარეს დავიკავეთ და მატარებლის მაქსიმალური სიჩქარით 160 კმ/სთ-ით პრაღისკენ გავეშურეთ. მატარებლით მგზავრობას ბევრი პლუსი აქვს, დიდი სივრცე ვიდრე თვითმფრინავში, გადაადგილების უფრო მეტი თავისუფლება, დიდი ტუალეტი 🙂 და ჩეხური უფასო გაზიანი სასმელი “კოფოლა”. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ პირდაპირ პრაღის ცენტრში, ცენტრალურ ვაგზალზე შევედით, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა თვითმფრინავთან შედარებით მცირე მანძილზე მგზავრობისას. პრაღა ფანტასტიკური ამინდით შეგვეგება 🙂

პრაღაში მოგზაურობის მსურველებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ფულის გადაცვლას მხოლოდ ერთ ადგილზე, ვაგზლის მახლობლად, პოლიტპატიმრების ქუჩაზე, რადგან აქ დაცული იქნებით საკომისიო გადასახადისგან ან კურსის მანიპულირებისგან.

ფულის გადახურდავების შემდეგ აუცილებლად შეიძინეთ სატრანსპორტო ბილეთები. ნახევარსაათიანი ბილეთი 24 კრონი ღირს, რაც თითქმის 1 დოლარია და მისი, ისევე როგორც სხვა ხანგრძლივობის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ მეტროს შესასვლელებში დამონტაჟებულ ავტომატებში. თუ რამდენიმედღიანი ბილეთი გესაჭიროებათ მაიკითხეთ სიგარეტის და პრესის ჯიხურებს მეტროს ჩასასვლელებში. 3 დღიანი ბილეთი 310 კრონი (12.5 დოლარი) ღირს. ბილეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ ტრანსპორტში შესვლისას.

მგზავრობიდან გადავიდეთ ბინაზე. როგორც წესი ბიუჯეტური მოგზაურობისას უპირატესობას ვანიჭებ აპარტამენტების დაქირავებას. ბინების დიდი არჩევანია Airbnb-ზე, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სისტემით და მიიღოთ ფასდაკლებები აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. ბინა შევარჩიე ადგილმდებარეობის მიხედვით პრაჟსკი ჰრადის (პრაღის კრემლის) მახლობლად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო აპარტამენტის ფასიც.

ესეც ხედი ჩემს მიერ შერჩეული აპარტამენტის სადარბაზოს კარიდან 🙂 რამდენიმე საუკუნის შენობაში მოწყობილ აპარტამენტში ყველა პირობა არის შექმნილი პრაღის დღეების კომფორტულად გასატარებლად.

ამ ბინას გირჩევდით, მაგრამ მისმა მეპატრონემ ის Airbnb-დან ახლახანს ამოიღო და მისი დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ბუკინგკომიდან, სადაც ორჯერ ძვირად ფასობს.

თუ ამ უბანში სხვა აპარტამენტის დაქირავების სურვილი გექნებათ გირჩევთ ეძებოთ სასტუმროებისა და ბინების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com

ამ სირთულეების გადალახვა ნამდვილად ღირს პრაღის სანახავად, უამრავი გამორჩეული ხედი და საინტერესო სანახაობა, გართობა და რომანტიკა ყველაფერი ერთ ქალქში – მათ შესახებ ცალკე პოსტში.

პრაღიდან უკან ვბრუნდებით “პოლსკი ბასით”, რომელიც ავტოსადგურ “ფლორენციდან” გადის. ავტოსადგურამდე მეტროთი იმავე სახელობის სადგურამდე ან ტრამვაით მიხვალთ. შეიძლება “უბერის” ტაქსიც გამოიყენოთ. თუ ამ ბმულიდან დარეგისტრირდებით – 10 ევროს სამგზავრო ბონუსი – პირველი მგზავრობა უფასო იქნება, ოღონდ რეგისტრაცია რომელიმე ევროპული მობილურის ნომრის გამოყენებით მოგიწევთ.

პოლსკი ბასი

პოლსკი ბასით მგზავრობა ბილეთის სიიაფის გამო გადავწვიტეთ და თან შემოწმებაც მინდოდა. მისი ბილეთი თვენახევრით ადრე 6 ევროდ შევიძინე. ბილეთს ნომერი არ ჰქონდა და ცხადი იყო, რომ ადგილების დაკავება დასწრებაზე იქნებოდა. ამიტომ ავტობუსის კართან კარგა გვარიანი რიგი დადგა, ერთადერთი მძღოლი კი ბარგის დაბინავებით იყო დაკავებული. სანამ საბარგული არ დახურა მგზავრებს არ მოგვხედა. ცოტაოდენი მონდომების შემდეგ ადგილები მეორე სართულზე მესამე რიგში დავიკავეთ, მაგრამ დიდი ვერაფერი კომფორტი. ჭერი დაბალი და სკამებს შორის სივიწროვე, ისეთი არა რომ მუხლები გატკინოს მაგრამ მაინც, აი “ლეოექსპრესში” კი სულ სხვაგვარად იყო. არც თითქმის 6 საათიანი მგზავრობა აღმოჩნდა დიდად კომფორტული, პრაღა-ბრნოს მაგისტრალის ბეტონის საფარი ისე ურახუნებდა ავტობუსის კორპუსს, რომ ჩაძინებაც ვერ მოვახერხე.

ბოლოს “პოლსკი ბასის” ავტობუსი კატოვიცეს ავტოსადგურში შევიდა. კიდევ ერთი მინუსი “ლეოექსპრესთან” შედარებით, რომელსაც მგზავრები პირდაპირ კატოვიცეს აეროპორტში მიჰყავს.

კატოვიცეში 3 საათი ხეტიალის შემდეგ აეროპორტში გამგზავრება საქალაქო ავტობუსით გადავწყვიტეთ, რომელიც ვაგზლის ქვედა სართულიდან გადის. ვიფიქრე რადგან ზევით ნახსენები კომპანიის მიკროავტობუსით მგზავრობა 5 ევრო ღირს, მუნიციპალური ავტობუსი უფრო იაფი იქნებათქო. ეკონომია უბრალოდ ინტერესის გამო ვცადე, მაგრამ არ გაამართლა, საქალაქო ავტობუსი დაახლოებით 6 ევრო ღირდა და თანაც საკმაოდ ხმაურიანი იყო.

კატოვიცეს აეროპორტიდან კი პირდაპირ ქუთაისში დავბრუნდით, შემდეგ კი ავტომობილით თბილისში.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ