მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები
სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.
სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.
კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.
გაეროს დემოგრაფიული კომიტეტის მონაცემებით, 2012 წლის აპრილში კატების რაოდენობამ ქალაქ სტამბოლში გადააჭარბა ადამიანების რაოდენობას… თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ციფრები კომიტეტს თავად კატებმა მიაწოდეს, ამიტომ, ვერ ვენდობით. იმასაც ამბობენ, აია სოფიასა და ლურჯი მეჩეთის შემდეგ სტამბოლში ყველაზე მეტ ფოტოს სწორედ კატებს უღებენო.
ძაღლებს კი, თავიდან, ნაკლებად გაუმართლათ – გასული საუკუნის დასაწყისში ქალაქის მესვეურებს ძაღლები მარმარილოს ზღვის კუნძულებზე გაყავდათ და იქ ტოვებდნენ, რომ სტამბოლის ქუჩები გაეთავისუფლებინათ, მაგრამ დღეს ეს ბარბაროსული მეთოდები ისტორიას ჩაბარდა. თურქული კანონმდებლობა ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ მკაცრია – მუნიციპალიტეტს ევალება უპატრონო ცხოველებს ჩაუტაროს ვაქცინაცია და სტერილიზაცია და დააბრუნოს იქ, საიდანაც აიყვანა. ძაღლებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ჩიპები აქვთ ყურზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ცხოველი ჯანმრთელია და შეგიძლიათ, მშვიდად მოეფეროთ. ჩიპი ჩვენი ახალი აიდი ბარათის მსგავსია – ძაღლის მთელი ისტორიაა ზედ ჩაჩიპული, ასაკისა და მისამართის ჩათვლით… შეიძლება, სახელიც წერია. 🙂 თქვენ კი მეუბებით – მამაიობიო… 🙂
- ორჰან ფამუქი თავის “სტამბოლში” ასე წერს, ძაღლები შუკა-შუკა დაეხეტებიან, ხალხმრავალ ადგილებს ერიდებიან და ნაგვის ბუნკერებში იქექებიანო. წიგნი პირველად 2003 წელს გამოსცეს და ქალაქში მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს სტამბოლელმა ძაღლებმა ძველი წყენანი დაივიწყეს და აღარც ყველაზე ხალხმრავალ და ტურისტულ ადგილებს ერიდებიან – სულთან აჰმედის მოედანს, გალათას კოშკს, თაქსიმს… არც ნაგავში საქექად აქვთ საქმე.
ვინ არ იცის, თუ როგორ იხსნეს რომი ბატებმა, მაგრამ 340 BC ბიზანტიუმი (იგივე კონსტანტინოპოლი, იგივე სტამბოლი) ძაღლებმა გადაარჩინეს. როდესაც ფილიპე მაკედონელმა ქალაქზე იერიში უმთვარო კუნაპეტი ღამის საფარქვეშ მიიტანა, ყველას ეძინა, მეციხოვნეთაც კი, მაგრამ არ ეძინათ ძაღლებს, რომელთაც ყეფა ატეხეს და გუშაგები გააღვიძეს. ძაღლების ყეფაზე მთვარემაც თვალები ჭყიტა, ღრუბლებიდან გამოიხედა, აბა, ვნახო, რა ხდება ერთიო და არე-მარე გაანათა. ფილიპეს ოინი არ გამოუვიდა, იერიში ჩაუფლავდა და ალყის მოშლაც მოუწია.
ამიტომაცაა, ეგებ, რომ დღეს სტამბოლში ძაღლებს არ ერჩიან, მიუხედავად იმისა, რომ ისლამში ძაღლი უწმინდური ცხოველია… ბევრგან თვალს მოჰკრავთ – მშრალი საკვებია დაყრილი კატებისთვის და ძაღლებისთვის, ჭურჭელი – წყლით, რომ სტამბოლელი ოთხფეხები გაუწყლოებისგან იხსნან. ასე რომ გვივლიდნენ, ქართველები კარგა ხანია ათი თუ არა, რვა მილიონი მაინც გავხდებოდით… ოღონდ – სტერილიზაციის გარეშე. 🙂 🙂
რა გასაკვირია, რომ სტამბოლელი ძაღლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან. დიდი ზომის – ნამდვილი ქოფაკები… მაგრამ – გულკეთილი ქოფაკები.
გირჩევთ, ერთჯერადი სველი ხელსახოცები იქონიოთ თან – აუცილებლად მოეფერებით ვინმე ბუნდღლიანს და ხელი რომ დაბანოთ მერე. 🙂 თუ კაფეში მოეფერეთ მაგიდის ირგვლივ მოდარაჯე კატებს – ოფიციანტი ხელის ლოსიონს გამოგიტანთ – კარგად კი ბანს, მაგრამ ძლიერი სუნი აქვს. და წაუმყრალებს. 🙂
- ამასწინათ ერთმა ფეისბუქელმა მეგობარმა მკითხა, ევროპისკენ თუ აპირებო. სტამბოლში მივდივარ-მეთქი, – ვუპასუხე. ნუ მეკაიფებიო, – გული მოუვიდა, არადა, სულაც არ ვეკაიფებოდი – ჩემთვის სტამბოლი მართლაც ევროპული ქალაქია და მათ მიმართ დამოკიდებულება, ვინც მოიშინაურეს – ამის ერთი კარგი დასტურია.
კატებისა და ძაღლების გარდა, სტამბოლელი თოლიებიც აუცილებლად გაგაცნობენ თავს – ისინი ფრენა-კამარის ვნებაზე მეტად საკვების ვნებას შეუპყრია, მზისკენ აჭრილან კიარა, სანაპიროზე მოფუსფუსე ხალხსა და გემებს დასტრიალებენ… ბათუმი გამახსენდა. კრუიზი შავ ზღვაზე, გემბანიდან რომ ვუყრიდი ძეხვისა და ყველის ნაჭრებს თოლიებს, ისინი კი ჰაერში იჭერდნენ და მადიანად შეექცეოდნენ…
ეჰ, ჯონათან… ჯონათან…
ბაირამობა
სტამბოლში ჩემს ყოფნას სამი ამბავი დაემთხვა. დაემთხვა რა, ზოგი – დაემთხვა, ზოგიც – დავამთხვიე. მოგზაურობა ისე დავგეგმე, რომ ყურბან-ბაირამს (კურბან ბაირამს) იქ დავსწრებოდი. ეს დღესასწაული აბრაამის მიერ უფლისთვის მსხვერპლის შეწირვის ბიბლიურ ამბავს უკავშირდება და 4 დღე გრძელდება. პირველ დღეს მუსლიმები ცხვარს კლავენ და მომზადებული კერძით ღატაკებს აპურებენ, მაგრამ ბაირამის გამორჩეულად კარგი ტრადიცია “ტკბილი დღეებია” – მუსლიმმა უნდა ბევრი ტკბილეული მიირთვას და სტუმრებსაც გაუმასპინძლდეს. 🙂 არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ თურქეთში რელიგიური დღესასწაულები ტურისტს დისკომფორტს არ უქმნის. სახელმწიფო დაწესებულებები დაკეტილია, მაგრამ იქ არც არაფერი გესაქმებათ, სხვამხრივ კი – ტრანსპორტი მუშაობს, პოლიცია პატრულირებს, მუზეუმები ღიაა (მხოლოდ ბაირამის პირველ დღეს დილის ნაცვლად ნაშუადღევს იწყებენ მუშაობას, მაგიერ, ბაირამის ბოლო დღესაა ბილეთებზე ფასდაკლება), კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიებიც მუშაობს, ბევრგანაა საქონელი “გაინდირიმებული”. 🙂 თუმცა, ბაზრობები კია დაკეტილი.
წელს ყურბან-ბაირამს რესპუბლიკის დღე მიჰყვა (ესეც მეხუთე არასამუშაო დღე. გაუმართლათ თურქებს). 🙂 ანკარაში აღლუმი იმართება, სტამბოლში კი – გრანდიოზული ფოიერვერკი ბოსფორზე. თანაც – არაერთი. სხვადასხვა ადგილას, ბოსფორის ორივე ნაპირზე, ერთიმეორის მიყოლებით. აუცილებლად სანახავია.
აი, ჰელოუინმა კი უჩუმრად ჩაიარა სტამბოლში. მოსაწყენად. არც უცემიათ ვინმე, არც – არაფერი. არადა, ქალაქის ცენტრში, თაქსიმზე მაღაზიები ალმოდებული გოგრებით იყო მორთული და ათასი ჯურის შაითანური ნიღბებით ვაჭრობდნენ. პერას მუზეუმში კი საშინელებათა ფილმების საღამო და რომელიღაც თურქული ჯგუფის ტერორ-პოპის
კონცერტი გაიმართა. ეს მუსულმან მშობელთა კავშირი რას მიკეთებდა, ვერ გავიგე. 🙁
ვისაც ნამდვილად არ ველოდი სტამბოლში და სასიამოვნო სიურპრიზად დამხვდა – კლოდ მონე ოყო. თვითმფრინავში, “პეგასუსის” ჟურნალიდან გავიგე, რომ საქიფ საბანჯის მუზეუმი, თურმე, ჩემი უსაყვარლესი მხატვრის გამოფენას მასპინძლობდა… რა თქმა უნდა, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო და გეგმები შემეცვალა – გრაფიკი გადავალგ-გადმოვალაგე და მონეს თავისი ადგილი მივუჩინე. მის მშობლიურ “მარმოტანშიც” კი მყავს ნანახი, თან – არაერთხელ, მაგრამ მონე “ზედმეტი” არ შეიძლება იყოს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under aCreative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.