ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია.

ისინი მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის.

თუ როგორ მოვხვდი ლვოვში, როგორ აპარტამენტში ვცხოვრობდი და რა თანხა ჯდება ეს ყველაფერი, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ლვოვში ჩემი ხეტიალი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც დილის 9 საათზე მოვხვდით და რადგან მთელი ღამის ნამგზავრნი 12 საათამდე აპარტამენტში ვერ დავბინავდებოდით, იქვე ოპერასთან პირველივე კაფეში შევედით.

ეს არის ლვოვის ისტორიულ-კულტურული ცენტრი და ყველაზე ტურისტული და ყველაზე ხალხმრავალი ადგილი და მოსალოდნელი იყო, რომ ფასებიც შესაბამისი – ტურისტულად მაღალი იქნებოდა, მაგრამ …

კაფეში, რომელიც სახელწოდებაა “ლვოვის ყავის მანუფაქტურა” და რომელიც დიზაინი განსაკუთრებულიად ცალკე მსჯელობის საგანია, ყავის ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობდა, თუმცა ჩვენ სტანდარტული ორი ამერიკანო და ერთი ტირამისუ შევუკვეთეთ.

მადა ჭამაში მოდისო და შემდეგ ჩაიც დავამატე, კარგი დასაყენებელი და არა ერთჯერადი ჩაი. უფასო ვაიფაით კარგა ხანს ინტერნეტში ხეტიალის შემდეგ ანგარიში მოვითხოვე და 24 ჰრივნიანი ჩეკი მომიტანეს. ლარებზე გადავიანგარიშე და ვერაფრით დავიჯერე, შემდეგ გუგლში ჩავწერე და თურმე არ ვცდებოდი.

ორ ამერიკანოში, ერთ ნამცხვარსა და ჩაიში გადავიხადე 2 ლარი და 7 თეთრი. თბილისში ამ ფასად ერთი ჩაის დალევა თუ მოხერხდება და ისიც არა ტურისტულ ცენტრში.

კაფედან დასვენებულები გავუყევით გზას ბაზრის მოედნისკენ, რომელიც ლვოვის გულს წარმოადგენს და აქ თითქმის ყველა ქუჩა საფეხმავლოა, მოკირწლული ძველი და საკმაოდ მოზრდილი ქვაფენილით. ქუსლიანების მოყვარულებს გირჩევთ რბილძირიანი ფეხსაცმელები მოიმარაგოთ, სხვაგვარად ლვოვის ცენტრში გადაადგილება გაგიჭირდებათ, თუმცა თავად ლვოველთათვის უსწორმასწორო ქვაფენილი დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ბაზრის მოედანზე დუღს და გადმოდუღს ცხოვრება, გარევაჭრობა, ქუჩაში მოხეტიალე ყავისა და შოკოლადის სურნელი, ქუჩის მუსიკოსები და საცეკვაო მოედანი ტრამვაის ზარის წკრიალთან ერთად განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.

თუ ბაზრის მოედნის ერთ კუთხეში სპონტანურად შემდგარი წყვილები ლათინოამერიკულს ცეკვავენ, მეორე მხარეს ბრეიკდანსს უბერავენ.

ხეტიალს ვაგრძელებთ და ოდნავ მოშორებით, სომხურ ეკლესიასთან, კრაკოვის ქუჩაზე კარამელის “მასტიერნია” აღმოვაჩინეთ. აქ მომხმარებლების თვალწინ მზადდება მუშავდება კარამელი, ნაირნაირი ფერისა და ფორმის, პროცესი კი ასე მიმდინარეობს.

უხეში დამუშავების შემდეგ კარამელს სარეალიზაციო ფორმას აძლევენ.

ამ პროცესის შედეგი კი ასე გამოიყურება, უგემრიელესია 🙂

ცოტაოდენი ისტორია

მუზეუმების მოყვარული არ ვარ, უფრო ვამჯობინებ ქალაქში ცხოვრებას და ამ გზით მის შეცნობას. მაგრამ მოკლედ ასეა:

არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალაქის ტიპის დასახლება ამ ტერიტორიაზე უკვე იყო მეშვიდე-მერვე საუკუნეში. გავრცელებული ინფორმაციით ლვოვი დაარსდა მე-13 საუკუნეში მეფე დანილო გალიცკის მიერ, რომელმაც ქალაქს მისივე ვაჟის ლევ დანილოვიჩის სახელი დაარქვა. ქალაქის სახელი – Lviv ნიშნავს ლომს და ალბათ ამიტომაც ქალაქის სახელი საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხან კიევის რუსეთი განაგებდა, ხანაც ჰაბსბურგების დინასტია (ავსტრიის იმპერია) მართავდა, იყო დასავლეთ უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში და ბოლოს კი პოლონეთის საზღვრებში.

ლვოვი პოლონეთს ფაშისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის აქტით 1939 წელ ჩამოაშორეს და საბჭოთა უკრაინას მიაკუთვნეს.

ასეთი ხედი იშლება ქალაქის შუაგულში მდებარე გორიდან, რომელზეც ციხესიმაგრე ისე არის აშენებული, რომ ერთი შეხედვით რთული გასარჩევია სად მთავრდება გორა და სად იწყება საფორტიფიკაციო ნაგებობა. ქალაქთან ერთად აშენებული ციხესიმაგრის სახელწოდებაა “ვისოკიი ზამოკ“. ამავე გორაზე დგას სატელევიზიო ანძაც.

“ვისოკიი ზამოკი” და მის გარშემო გაშენებული პარკი არის ლვოვში ჩასული სტუმრებისა და თავად ლვოველების საყვარელი სასეირნო ადგილი. ახლა ლვოვში 800 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან ეთნიკურად უკრაინელად თავს მიიჩნევს 85 პროცენტზე მეტი, ხოლო 12 პროცენტი რუსია.

 

სამზარეულო და ფასები

ლვოვში ავსტრიის, პოლონეთისა და უკრაინის გავლენა იგრძნობა არა მარტო არქიტექტურაში. ამიტომ თავდაპირველად სამზარეულოს გავეცნოთ. ბაზრის მოედნის გვერდით ქუჩებზე ხეტიალისას ტროტუარზე გაშლილი ლუდხანის მაგიდებს მივადექი, მენიუს გადავხედე, პოლონური “ჟურეკი” აღმოვაჩინე (ინფო ჟურეკზე: ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში), პელმენიც და ჩამოვჯექით.

ამ ლუდხნას, რომელიც ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარეობს ჰქვია “პაბ ბილიი ლევ” (თეთრი ლომი). შევუკვეთე ჟურეკი, პელმენი, ლუდი და ჩირის კომპოტი.

ჟურეკი ძეხვეულით აღმოჩნდა უგემრიელესი, ავსტრიულ ყაიდაზე დამზადებულმა გაუფილტრავმა ლუდმა “თეთრმა ლომმაც” კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე კათხაც შევუკვეთე.

პელმენი არაჟნით აღმოჩნდა ენით აუწერელი, ორი ადამიანი ძლივს მოვერიეთ 1 კილოგრამიან პორციას. ჩვენი მენიუ და ფასები უფრო დაწვრილებით:

Макітра пельменів – 1000 (გრამი) – 188 ჰრივნა
Журек 400 (გრამი) – 45 ჰრივნა
Львівське Білий Лев 2 (კათხა) – 50 ჰრივნა
Узвар 300 (მლ/ლ) – 14 ჰრივნა

სულ: 297 ჰრივნა

ცნობისთვის ამ ლუდხანაში ბორჯომი 47 ჰრივნა – 4.2 ლარი ღირს.

ამის შემდეგ რომელ რესტორანშიც არ შევედით ორ ადამიანს კერძებში 30 ლარზე მეტი არ გადაგვიხდია.

ლვოვში უამრავი რესტორანია სხვადასხვაგვარი თემატიკის და დიზაინის. ერთ-ერთი მათგანის ფასადზე ჩემი საყვარელი ტრანსპორტი, ტრამვაიც კი დადის.

ამ მრავალსართულიანი ძველი შენობის სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა ლეგენდის შესაბამისი რესტორანია. ამ ყველაფერს ერთად კი ლეგენდების სახლი (Дім легенд) ჰქვია.

ლეგენდების გადაღება ამიკრძალეს, ამიტომ რაც მოვასწარი ეს არის. ფოტოგრაფირება დაშვებულია სახურავზე სადაც სპირალური, ძალიან ვიწრო კიბით ავედით. რესტორნის სახურავზე თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთულია, განსაკუთრებით საღამოს, სამაგიეროდ თავისუფალი აღმოჩნდა “მფრინავი” ტრაბანტი და მეც იქ ჩავჯექი.

იქვე სახურავზე.

ეს არ არის ლვოვის კაფე-რესტორნების კრეატიულობის მწვერვალი.

არის ისეთი რესტორნებიც სადაც შესასვლელში უკრაინელი ნაციონალისტები გხვდებიან და უკრაინის ჰიმნის შესრულებას მოითხოვენ.

ან კიდევ ისეთ რესტორანსაც გადაეყრებით, სადაც კვება და სექსუალური თამაშები ერთმანეთშია არეული…

რესტორნებიდან ყავაზე გადავიდეთ – ლვოვში ყავის კულტია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყავის საწარმო (მანუფაქტურა), ყავის მაღაზია და კაფეა.

აქ ყავის შეძენა მთელი პროცესია, რომელიც განსაკუთრებული არომატის ყავას კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს.

ფოტოზე გამოსახული შენობის შესასვლელ კარზე ოქროსფერი წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაიბადა ლვოვის ყავა, შევიდეთ…

აქ ხდება ყავის მოხალვა. შემდეგ ფოტოზე კი დასაფქვავად გამზადებული სხვადასხვა სახეობის ყავაა.

თქვენს მიერ შერჩეულ ყავას აწონიან, დაფქვავენ და თქვენს თვალწინ მოათავსებენ ქაღალდის პაკეტში, რომელსაც ეტიკეტთან ერთად ამოაგვირისტებენ.

შემდეგ დარბაზში ყავის სარეალიზაციოდ მომზადება და შეფუთვა ხდება.

ასეთ ადგილს ცენტრში ბევრგან იპოვით და ყველგან უგემრიელეს ყავას აღმოაჩენთ.

იგივე ვითარებაა შოკოლადის მანუფაქტურებშიც, რომელიც მიზეზთა გამო ვერ მოვინახულე, თუმცა კი კარამელის დამზადებაზე ზევით ვისაუბრე.

ლვოვის აღწერისას შეიძლება ბევრი თემა გამომრჩეს ან გამოვტოვო. მაგრამ ვერაფრით მოხერხდება ქალაქის გამორჩეულად ევროპული არქიტექტურისა და ასევე ევროპის ქალაქების განუყოფელი ტრამვაის იგნორირება.

ტრამვაის უკვდავსაყოფად გამოფენილი ექსპონატი და კაფე ერთად ლვოვში თბილისის მშრალი ხიდის მსგავს ძველმანების ბაზრობასთან. აქვე გადის მოქმედი ტრამვაის ხაზიც.

რამდენიმე ფოტო ლვოვის ქუჩებიდან

ლვოვში ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველებს აუცილებლად დასჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

აპარტამენტები ლვოვში

როგორ მოვხვდი ლვოვში