გსმენიათ აიესეკის შესახებ? სწორედ მისი მეშვეობით ამოვყავი თავი მილანში თვე-ნახევრით. 6 კვირის განმავლობაში ვმოხალისეობდი ერთ-ერთ სკოლაში ტრენერად და ვერცერთი წამით, დღემდე ვერ ვშლი მეხსიერებიდან ამ ულამაზეს მოგონებებს. აიესეკის პროექტმა სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში.
ჩემი მოგზაურობა დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ, 8 თებერვალს დილის 5 საათზე. იმის გამო, რომ მილანში ჩაფრენა კიევის გავლით მიწევდა, დაახლოებით 7 საათი დამჭირდა გზაში.
წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დამიკავშირდა ჩემი იქაური მასპინძელი ოჯახი, რომელთან ერთადაც მიწევდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, დეტალურად გამომკითხეს ჩამოსვლის დრო და ზუსტად აეროპორტის გამოსასვლელში მელოდებოდნენ მისასალმებელი ფურცლებით.
მილანი
ჩვენი სახლი მილანის გარეუბანში მდებარეობდა, გარეუბნები კი სავსეა კერძო სახლებითა და შეძლებული ოჯახებით. სახლში მისვლისთანავე დამხვდა უგემრიელესი იტალიური კერძებით სავსე სუფრა (იტალიელებს, მოგეხსენებათ, ძალიან უყვართ ჭამა-სმა და სუფრასთან დროსტარება). მოგვიანებით, ჩემმა მასპინძელმა დამ ხელი მომკიდა და წამიყვანა მილანის ცენტრში, დუომოს სანახავად.
მეტროდან ამოსვლისთანავე იშლება ულამაზესი დუომო. დანახვისთანავე ჟრუანტელმა დამიარა, მიჭირდა რეალობად აღმექვა ის, რასაც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში სურათებზე ვხედავდი. სახლში მალევე გავბრუნდით, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და მეორე დღეს იწყებოდა ჩემი სამსახური – სკოლაში ტრენერობა. საქართველოსგან განსხვავებით მილანში სკოლები 8 საათზე იწყება, დილა კი 6 საათზე. თავიდან ძალიან მიჭირდა ამ რეჟიმში ჩადგომა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მაინც შევეჩვიე.
პირველ დღეს ჩემი სტუდენტები ტორტით დამხვდნენ, რომელიც ერთ-ერთმა მოსწვლემ გამოაცხო. ასევე სახლიდან მოტანილი ჰქონდათ ორცხობილა, ტკბილეული და სასმელები. სასწავლო ოთახი მორთული ჰქონდათ საქართველოს დროშებითა და ქართული წარწერებით: „მისასალმებელი“, რომელიც როგორც ჩანს „გუგლმა“ იტალიურიდან ქართულად არასწორად თარგმნა.
პირველმა დღემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან კარგად ვიგრძენი იტალიური სტუმართმოყვარეობა და სითბო. მეორე დღეს, სკოლის შემდგომ გავედი მილანის დასათვალიერებლად და შევხვდი ჩემს მეგობარს, რომელიც იქ სწავლობს. ერთად მოვიარეთ მუზეუმები, კაფეები და ლამაზი ადგილები. წასვლის წინ კი, ვესტუმრეთ გუჩის კაფეს, რომელიც დუომოს გვერდით, „გალერეაში“ მდებარეობს.
კვირის დანარჩენი დღეები დასვენება გვქონდა, რადგან მილანში ყოველწლიურად იმართება ღონისძიება „კარნავალი“ და სწორედ ამ დროს, სკოლები ისვენებენ. მე და ჩემმა ოჯახმაც გადავწყვიტეთ კვლავ მილანის უცნობი ადგილები დაგველაშქრა.
ვეწვიეთ ბრერას მუზეუმს, სადაც ინახება იტალიელი გენიოსი ფერმწერების შესანიშნავი ნამუშევრები. როგორც მასპინძლებმა მითხრეს, რაფაელი მათი უსაყვარლესი მხატვარია.
ალპები
როგორც აღმოჩნდა მასპინძლებს კიდევ ერთი სახლი ჰქონიათ იტალიის ალპებში და დარჩენილი უქმეები სწორედ იქ გავატარეთ.
ისევ მილანი
უკან დაბრუნებისთანავე, საქმეს დავუბრუნდი და მოვამზადე სლაიდშოუები, ვიდეოები, ულამაზესი სურათები საქართველოზე. მინდოდა სკოლაში ყველასთვის საფუძვლიანად ამეხსნა, რომ საქართველო რუსეთი არაა და რომ რუსულად არ ვლაპარაკობთ, გვაქვს ქართული დამწერლობა და მრავალსაუკუნიანი ისტორია. რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიე.
ამ პროექტში, ჩემთან ერთად კიდევ 24 მონაწილე იმყოფებოდა, ყველანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან კი ხუთნი ვიყავით. ჩვენმა ორგანიზატორმა ყველა შეგვკრიბა და გაგვაცნო ერთმანეთი. მოგვიანებით გავისეირნეთ ქალაქშიც და კიდევ აღმოვაჩინეთ აქამდე ჩვენთვის უცნობი ადგილები.
ერთ-ერთ საღამოს მასპინძელმა ოჯახმა რესტორანში დამპატიჟა, სადაც ძალიან უცნაური სუფრა გაიშალა. ხის პატარა მაგიდაზე ეწყო სხვადასხვა ინგრედიენტები: ყველი, შაშხი, სალათის ფურცლები და შემწვარი პურები. ჩვენი სურვილისამებრ შეგვეძლო აგვერჩია სასურველი საკვები. რა თქმა უნდა, ამ სადილმა საათობით გასტანა.
წამოსვლისას კი, მე და ჩემი მასპინძელი და-ძმა მილანის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე – ნავილიზე გავედით, რომელიც სავსეა ბარებითა და ღამის კლუბებით. ჩვენც ერთ-ერთ ბარზე შევაჩერეთ არჩევანი.
ვენეცია
შაბათ-კვირას კი ვენეციისკენ ავიღეთ გეზი. მატარებლით სულ რაღაც 3 საათი დაგვჭირდა და ფეხი დავდგი ამ ულამაზეს, ზღაპრული ხედებით სავსე ქალაქში. ნამდვილად ვერ ვიჯერებდი, რომ ამ სამოთხეში ვიმყოფებოდი. უაზროდ ვიბოდიალეთ ვენეციის ვიწრო ქუჩებში, მიუხედავად უსიამოვნო სუნისა, მაინც ვაგრძელებდით აქეთ-იქეთ ხეტიალს.
სწორედ აქ გავსინჯე პირველად ლაზანია, რომელმაც ჩემს უსაყვარლეს საჭმელებში პიცას აჯობა და მოწინავე ადგილი დაიკავა. ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენლად არარეალური და თვალისმომჭრელი იყო.
მილანის დღეები
მილანში ამ დროს მოდის კვირეული მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ჩვენებაზე მოხვედრა ჩემთვის შეუძლებელი იყო, მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნა და ლამაზად ჩაცმული ცნობილი ადამიანების თვალიერებაც სიამოვნებას მგვრიდა.
დღეები სინათლის სისწრაფით გადიოდა, ყოველდღე ახალი ადგილების აღმოჩენაში ვიყავი. ვესტუმრე ბიკოკას მუზეუმსაც, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, დამაჯარიმეს კიდევაც, თანაც იმიტომ, რომ საკმარისი სამგზავრო საბუთები არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მილანში ტრანსპორტი ძალიან ძვირია, პატიოსნად ვიხდიდი ყოველ კვირა 17 ევროს, რომელიც მოიცავდა ყველა ტრანსპორტით მგზავრობის უფლებას. თუმცა, თურმე არსებობს სხვა კერძო კომპანიებიც, რომლის ტრანსპორტით მგზავრობას დამატებითი ბილეთები ჭირდება.
ამას არ შეუშლია ხელი მილანის დაპყრობაში. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოფიამ, რომელიც საბერძნეთიდან იყო, დამპატიჟა „Bagati Valsecchi”-ის მუზეუმში.
ასევე ოჯახთან ერთად ვესტუმრე პრადას მუზეუმს, რომელიც აგრეთქვე თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს.
ჩემი მოგზაურობის მიწურულს კი გადავწყვიტე დუომოს შიგნიდან დათვალიერებაც და სულ რაღაც 11 ევროდ შევედი ამ გიგანტურ და თვალისმომჭრელ შენობაში.
რომი
რა თქმა უნდა, რომის ისტორიულ მიწაზეც დავდგი ფეხი და ჩემი თვალით ვიხილე ისტორიული მონუმენტები. მთლიანი ქალაქი ერთი დიდი მუზეუმია.
დამთავრდა ჩემი პროექტი და მომიწია ჩემს უკვე უსაყვარლეს მოსწავლეებთან განშორება. სკოლის ბოლო დღეს უამრავი საჩუქრით გამომიშვეს უკან. ყველასგან იგრძნობოდა უდიდესი სითბო და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროეტქმა ჩემი ენერგიის 100% წაიღო და 24 საათი ძალებისგან გამოფიტული, გადაღლილი ვიყავი, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. უბრალოდ შეყვარებული ვარ იტალიაზე, კონკრეტულად კი მილანზე.
პოსტის ინგლისურენოვანი ორიგინალი: https://aslmka.wordpress.com/2016/03/26/arrivederci-milano/
ევროპის ქალაქებში დამოუკიდებლად მოგზაურობის შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ დაბინავება იაფ საცხოვრებელში. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილია სპეციალურ პოსტში.
სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.