დისნეილენდი
არ ვიცი, რა ასაკის ხარ, მაგრამ პარიზის დისნეილენდისთვის ერთ დღეს თუ არ გადაინახავ – დიდ შეცდომას დაუშვებ! თუ ბავშვები გახლავს – ასმაგად. შეიძლება არ ნახო მონა ლიზა, მაგრამ არ ეწვიო დისნეილენდს – უპატიებელი ცოდვაა.
როცა პარიზი არსებობს და შენ სხვა ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებ… ამოუცნობი საიდუმლოა ჩემთვის.
მარიონ კოტიარი. ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში”
ბილეთი ძვირია არ არის იაფი, მაგრამ ამ ფასად უკეთესს ვერაფერს იყიდი. პარკში RER-A მიგიყვანს.
თუკი ჩემ რჩევას მიყვები, ჯობს, ორი დღე გადადო. ტურისტულ სეზონში უამრავი სტუმარია და კილომეტრიანი რიგები. გვიან ღამით კი ლაზერ-შოუს მართავენ, უოლთ დიზნის პერსონაჟების აღლუმიც არის და ბევრი სხვა. ეს – ატრაქციონების გარდა. პარკის ტერიტორიაზე და მახლობლად ბევრი სასტუმროა, შორიდან რომ არ იარო.
დისნეილენდის ონლაინბილეთები რიგების გარეშე
NB! კილომეტრიანი რიგები რომ ვთქვი, ჰიპერბოლა არ გეგონოს. ზოგ ატრაქციონამდე რამდენიმე საათი რიგში დგომა გიწევს! მუშაობს ე.წ. სწრაფი ბილეთის სისტემა. ის დღესდღეობით ორია: FastPass და Single Rider. დამატებითი ფასის გადახდა საჭირო არაა– უბრალოდ მიდიხარ კონკრეტული ატრაქციონის საგანგებო სალაროსთან/ავტომატთან, რეგისტრირდები პარიზის დისნეილენდის ელექტრონული ბილეთით და უფასოდ იღებ ამ სწრაფ ბილეთს, რომელზეც მითითებულია დროის მონაკვეთი, როცა შენი რიგი მოგიწევს.
NB! სწრაფი ბილეთი მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე პოპულარულ ატრაქციონზე მუშაობს. ერთდროულად ორი ბილეთის აღება არ შეგიძლია – ჯერ ერთ ატრაქციონზე გამოიყენებ, შემდეგ შეგეძლება აიღო მეორისთვის.
კურდღელი მონმარტრზე
მონმარტზე, ალბათ, ახვალ, მულენ-რუჟიდან საკრე-კერის ულამაზეს ტაძრამდე გზად პატარა შენობაა, სადაც ისტორიული კაბარეა. ერიკ სატის, ჟაკ ბრასანსის, ანი ჟირადროს საყვარელი ადგილი. აქ ედიტ პიაფი მღეროდა. 1875 წელს მხატვარმა ანდრე ჟილმა კედელი კურდღლის გამოსახულებით დაამშვენა, აქედანაა სახელიც – Au Lapin Agile (ონავარ კურდღელთან). შესვლა – აუცილებელი არაა (მითუფრო, რომ არც იაფია და თუ დაჯავშნული არ გაქვს, თავისუფალი მაგიდაც ჭირს) ყურადღების მიქცევა და ჩაინსთაგრამსელფება – აუცილებელი.
ტრიუმფალურ თაღებს შორის მოქცეული პარიზი
პარიზის მეტრო ბევრი კი ვაქე, მაგრამ არის ერთი საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო: ტრიუმფალური თაღიდან (შანს-ელისეზე) – ტიულრის ბაღამდე (ლუვრთან).
პარიზი საუკეთესო ქალაქია სახეტიალოდ. სიტყვაც არის ასეთი – ფლანრი (flânerie – სეირნობა), ბალზაკი რომ “თვალის გასტრონომიას” უძახდა. სამწუხაროდ, ტურისტს ამისთვის (პირველ… მეორე… მესამე ჩასვლაზე) დრო არ გყოფნის.
პარიზული ნიუ იორქი
ლა დეფანს – ესაა პარიზის ნიუ იორქი. ნაპოლეონისეული დიდი და პატარა ტრიუმფალური თაღების შემდეგ რიგით მესამე, მიტერანისეული თაღის ნახვა თუ გსურს – აქაა… თუ არ ნახავ და სამომავლოდ გადაინახავ – ბევრი არც არაფერი დაგეკარგება.
ხიდები და ხედები
არ ვიცი, რამდენი ხიდია სენაზე. პრაღის ხიდებს ამბობენ ხოლმე (მეც ვამბობ), მაგრამ პარიზშიც ბევრია ხიდი და ლამაზი ხიდებიც არის.
NB! პარიზში უნდა იარო ხიდზე და არა – ხიდქვეშ. ხიდქვეშა გვირაბები, ტრადიციულად, უსახლკაროთა თავშესაფარია და არც სასიამოვნო გასავლელია და მაინცდამაინც უსაფრთხოც არ ეთქმოდეს, ეგებ.
ბესონის “ანგელ-ა” თუ გინახავს (თუ არ გინახავს – ნახე), იქ “ალექსანდრე მესამის ხიდია” (Pont Alexandre III). ბესონამდეც პოპულარული ხიდი იყო – დიდ და პატარა სასახლეებს და ინვალიდების სასახლეს შორისაა და ლამაზი ხედი იშლება ამ ხიდიდან.
კიდევ არის პარიზის სამი უძველესი ხიდი: XVI საუკუნის “ახალი ხიდი” (Pont Neuf), XVII საუკუნის “მარის ხიდი” (Pont Marie – სწორედ ასე, მარის და არა მარიამის. ინჟინრის გვარია – კრისტოფ მარი) და “სამეფო ხიდი” (Pont Royal).
ახლა იტყვი – ხიდები მაძებნინე კიდევო,
პარიზული ხედებისთვის ყველაზე პოპულარული წერტილი ეიფელის კოშკზეა, მაგრამ სხვა საჭვრეტ-სათვალთვალოებიც არის: ტრიუმფალური თაღის სახურავიდან, ნოტრ-დამიდან (აქ დამატებითი ბონუსია – გარგულიებს ნახავ ახლოდან), ინვალიდების სასახლიდან, მონპარნასის კოშკიდან (ეიფელის კოშკზე მაღალია)…
NB! იყო დრო ნოტრ-დამზე ასაბობღებლად კილომეტრიან რიგში ჩასადგომად უნდა მომზადებულიყავი! დღეს ეს საქმე გამოუსწორებიათ. სპეციალური აპია – ჩამოქაჩავ, დარეგისტრირდები რიგში (ბილეთი ან მუზეუმის ბარათი – ცალკეა, უნდა გქონდეს) და ზუსტად გეცოდინება მერამდენე ხარ და როდის უნდა მიხვიდე.
NB! ნოტრ-დამიდან და ტრიუმფალური თაღიდან რომ გადმოიხედო 300+ საფეხურის ავლა მოგიწევს. განსაკუთრებით არაიოლი – ტრიუმფალური თაღის სახურავამდე აღწევაა. კიბეები ძალიან ვიწროა და ბოლოსკენ ისე ვიწროვდება… აი ვინი პუჰს რაც შეემთხვა ბაჭიასთან სტუმრობისას საუზმე, ვახშამი და სადილი რომ ერთბაშად მიირთვა. ხომ გახსოვს?
მონმარტრის კიბეებიდანაც ლამაზი ხედი იშლება საკრე-კერის ტაძართან რომ არის და ზუსტად 222 საფეხურს ითვლის. თავად ტაძრიდან – კიდევ უკეთესი.
თუ ჩემი რჩევა გაითავლისწინე და პომპიდუს ცენტრს ეწვიე – ლამაზი შუშის ლიფტი სახურავზე აგიყვანს, საიდანაც გადმოხედავ პარიზს.
დაბოლოს – გალერი ლაფაიეტი. ამის გარეშე როგორ იქნება. შოფინგი, ყავა, ეკლერი და ბონუსად პარიზის ხედი კაფე-ტერასიდან.
შოფინგი
პარიზი შოფაჰოლიკების მექაა. რომელი მოლია და უბანია უფრო იაფი, სადაა უფრო დიდი ფასდაკლებები, როდის ჯობს შოფინგი… ამაზე იმდენი აზრია, რომ მე ვერ ჩავეჩხირები.
გირჩევ, რომ აუცილებლად ეწვიო ორ სავაჭრო ცენტრს:
გალერი ლაფაიეტი ეს არ არის მხოლოდ შოფინგი და, ეგებ, სულაც არ არის შოფინგი – ესაა პარიზის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი მსოფლიოში. 1912 წელს გაიხსნა. ულამაზესი არქიტექტურა, ინტერიერი – ერთი დღე ისე შეიძლება შემოგეფცქვნას, როგორც – წამი. ფული – ჯიბიდან გამომდინარე.
პრინტამპის (Printemps) გალერეა ლაფაიეტზე ძველია (1865 წელს დაფუძნდა), მეზობლად არის და თუ ერთგან მიხვალ – მეორესაც ეწვიე და – პირიქით. ლამაზი შენობაა, ულამაზესი ჭერით. ფასები – ორივეგან ერთია.
ეს ორი მოლი შოფინგში დავწერე, თორემ პოსტის ღირშესანიშნაობების ნაწილშიც დავწერდი.
კიდევ ერთი ცნობილი მოლი, რომელიც მისასვლელადაც მოსახერხებელია (პირდაპირ მეტროს და RER-ის სადგურიდან ამოდიხარ) არის “ფორუმ დეზ ალ”. ამბობენ, ეს იმ პირველ ორზე უფრო იაფიაო. იაფ (შედარებით!) სავაჭრო ცენტრებს შორისაა “იტალი დუ”.
NB! “ფორუმის” გარეშემო-მიდამოები არცთუ შორეულ წარსულში ქუჩურ-კრიმინალური გარჩევების ადგილი იყო ხოლმე, მაგრამ ბოლო წლებია, პოლიციის ყურადღებამ შედეგი გამოიღო. თუ მაინც გული გეთანაღრება – მეტროს სადგური, როგორც ვთქვი, პირდაპირ სავაჭრო ცენტრშია – ამოხვედი, იშოფინგე, ჩახვედი და გაერიდე.
პარიზის ყველაზე ცნობილი საშოფინგო ადგილი ლე მარეა (მე-3 და მე-4 უბნებს შორის). ყველა პრემიუმ ბრენდს და ბუტიკს აქვს აქ ბინა. პრემიუმი-პრემიუმად, მაგრამ კარგი ძებნა უნდა და დიდ ფასდაკლებებსაც გადაეყრებიო აქ, ასე ამბობენ.
აუთლეთებს და საბიუჯეტო შოფინგის ადგილებს შორის ხშირად ახსენებენ ხოლმე “მისტიგრიფსა” და “პისინს”. როგორც კოკა-კოლას თავსახური იტყოდა – “თავად სცადე”.
პარიზული “აბუ დაბის ბაზარი” – სავაჭრო სივრცეა მხოლოდ ქალებისთვის. ქალების ბრენდებზე, როგორც წესი, არ ვწერ ხოლმე – სხვებს ვუთმობ ასპარეზს, მაგრამ ეს პოპულარული საშოფინგო ადგილია და უხსენებლად არ დავტოვე.
აუთლეთების გარეშე როგორ იქნება და “მარქს ავენიუ” პოპულარული სავაჭრო ცენტრია ფასდაკლებითი ვაჭრობისთვის. რამდენიმეა გარეუბნებში, ერთი – სენ-დენიშიც მდებარეობს.
ვითარცა ჩიტი…
ანდრე სიტროენის პარკში პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო ატრაქციონია – საჰაერო ბუშტით პარიზის შემოფრენა. ბილეთის ფასია 12 ევრო და ეს ამად ღირს! თუ მოიფიქრებ, წინასწარ უნდა ჩაეწერო – ადგილზე ბილეთის ყიდვა იოლი არაა, თან ამინდზეა დამოკიდებული, ოდნავ ქარი ამოვარდება და – გაფრენას გადადებენ ხოლმე. სიფრთხილეს თავი არ ტკივაო ამბავში.
___
___
Au Lapin Agile
22, Rue des Saules, 75018 Paris, France
Parc André Citroën – 75015 Paris
40, Boulevard Haussmann, 75009 Paris, France
64 Boulevard Haussmann, 75009 Paris, France
101, Porte Berger, 75001, Paris
Italie Deux
30, Avenue d’Italie, 75013 Paris, France
83-85, rue Saint-Charles, Paris, Île-de-France, France
29, rue des Abbesses, Paris, Île-de-France, France
9, quai du Chatelier, 93450 Saint-Denis
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
- მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets