პარიზი: ტურისტული პრაქტიკუმი (ნაწილი 1)

თუ ბედმა გაგიღიმა და ახალგაზრდობა პარიზში გაატარე, სადაც არ უნდა იყო შემდეგ, ყოველთვის, სიცოცხლის ბოლომდე ეს ქალაქი დარჩება შენთან. არასდროს დაგანებებს თავს, იმიტომ რომ პარიზი – ესაა დღესასწაული, რომელიც სულმუდამ შენთანაა.
დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა. ერნსთ ჰემინგუეი.

პარიზი არის დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა, მაგრამ ეს დღესასწაული რომ არ ჩაგიშხამდეს, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ, ჩემი პირადი პარიზული გამოცდილებიდან.

რა. სად. როდის.

უბნები და ქუჩები

ფრანგებს ზარმაცი, აცვენილი, ავანტიურისტი და ცოტა ტვინარეული ხალხის რეპუტაცია აქვთ. პოეტების და მხატვრების ერია – პრაგმატიზმით და კარგი ორგანიზებულობით ვერ დაიკვეხნიან. როგორც კოქტომ თქვა აქ ყველა მსახიობია და არვინ – მაყურებელიო. მიუხედავად ამისა, რაღაც ეშმაკებით მოახერხეს და დედაქალაქი უბრალოდ იდეალურად დაგეგმეს.

ურბანისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი, რიგითი ტურისტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში გადაადგილება ერთი სიხარულია. და ლამაზ ხედებში არაა საქმე –  ქალაქგეგმარებაა ისეთი, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ დაიკარგები და იოლად მიაღწევ იქ, საითკენაც გაგიწევია (დღეს, გუგლმეფის ეპოქაში ყველაფერი გამარტივებულია, მაგრამ პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ჯერ გუგლმეფი არ იყო და ეს დაგეგმარება მაშინ ერთიორად დავაფასე).

პარიზის უბნები დანომრილია საათის ისრის მიმართულებით. რაიონები 1-დან-8-მდე ეს პირობითი ცენტრია, სადაც თითქმის ყველა მთავარი ტურისტული ობიექტია განლაგებული. პირველ რაიონში მდებარეობს ლუვრი და შემდეგ – მარცხნიდან მარჯვნივ 1-7 ერთგვარ წრეს კრავს. მე-8 (ტრიუმფალური თაღი) ოდნავ განზეა.

ორი მარტივი წესია:

  • უბნები: პარიზში რაიონების ნუმერაცია იზრდება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და კლებულობს – საპირისპიროდ.
  • ქუჩები: პარიზში შენობის ნომრები იწყება სენიდან. თუ ნუმერაცია კლებულობს – ე.ი. სენის ნაპირს უახლოვდებით, თუ მატულობს – შორდებით.

სენა ბუნებრივი ათვლის წერტილია და ეს გადაადგილებისას ძალიან მოსახერხებელია.

ამასთან, ფირნიშებზე ყველგან არის აღნიშნული ქუჩის დასახელება, შენობის ნომერი და უბნის ნომერი.

NB! პარიზის უბნებზე ცალკე პოსტს დავწერ. აქ ვერ ჩავაკვეხებ – ბევრი მექნება სათქმელი.

მუნიციპალური ტრანსპორტი

ტაქსი პარიზში ძვირია. ამ ქალაქში საერთოდ ყველაფერი ძვირია, მაგრამ რას იზამ. მაგიერ, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელია საუკეთესო, რაც მთავარია (საცობში რომ არ გაეჩხირო) არის ტრამვაი და მეტრო.

პარიზის მეტრო საუკეთესოა, რაც მინახავს. ობობის ქსელივით ფარავს ქალაქს. ყველა წერტილში არის სადგური. აი, მართლა ყველა წერტილში! პლუს სწრაფი მეტროც არის (RER – ექსპრეს-მატარებელია სინამდვილეში, მაგრამ სიიოლისთვის მეტრო დავუძახოთ), რომელიც მხოლოდ ძირითად სადგურებზე აჩერებს და პარიზს მეზობელ ქალაქებს აკავშირებს. მოკლედ, მეტროთი პარიზში ყველგან მიხვალ, ამიტომ პირველი, რაზეც ტურისტმა უნდა იზრუნოს – სამგზავრო ბარათია.

აქ რამდენიმე ვარიანტია: ერთჯერადი ბილეთებიდან – პარიზული მეტრომანის ჩათვლით.

ტურისტებს ოპერატორები და სხვადასხვა საიტები სთავაზობენ ტურისტულ სამგზავრო ბარათს – ე.წ. Paris Visite, რომელიც 1, 2, 3… და ა.შ. დღიან ულიმიტო სამგზავრო ბარათს წარმოადგენს. არ გაბრიყვდე! უკეთესი ვარიანტებიც არსებობს.

გირჩევ, ჩასვლისთანავე მიაკითხო RATP (მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია) ავტომატს, რომელიც მეტროს, ტრამვაის და ავტობუსის თითქმის ყველა გაჩერებაზე და მატარებლის სადგურშია (აეროპორტის სადგურის ჩათვლით) ან RATP სალაროს (იქვე) ან RATP ავტორიზირებულ გაყიდვის პუნქტს (ქუჩის ჯიხურებში) და შეიძინო იისფერი ბარათი Navigo, როგორც ამას ყველა პარიზელი აკეთებს.

NB! ავტომატებს ინგლისური ენა ესმით!  ავტომატები საბანკო ბარათებს იღებენ!

ბარათს ქვია Passe Navigo Découverte. ირჩევ ავტომატში შესაბამის პუნქტს, შემდეგ უთითებ მოქმედების ვადას (კვირა – 22.8 ევრო ღირს) და მოქმედების ზონას (ჯობს, ყველა ზონა (All Zones) აირჩიო – ეს პარიზის შემოგარენსაც ფარავს, ორივე (CDG და ORY) აეროპორტისა და ვერსალის, ვენსანისა და ფონტენბლოს ჩათვლით. თუ მარტო პარიზი გსურს, მაშინ აირჩევ 1-2 ზონას).

ავტომატი 2 (!) ბარათს ჩამოგიგდებს. ერთია სამგზავრო ჩიპიანი ბარათი Navigo, მეორე – საიდენტიფიკაციო Carte Nominative. ამ მეორე ბარათზე უნდა დაწერო შენი სახელი და დააკრა ფოტო ზომით 3×2,5 (კი – ფოტო უნდა წაიმძღვანიო, დაგჭირდება, წებო – არა, ბარათს აქვს-თქვა ).

თუ ამდენი ჩალიჩი არ გსურს – მეტროს სადგურში RATP სალაროსთან (საინფორმაციოსთან) მიხვალ და Navigo ბარათს ოპერატორისგან შეიძენ – ეს ყველაზე იოლი გზაა.

NB! ფოტო-ავტომატებით (ძირითადი) სადგურები აღჭურვილია – ყველაფერზე იზრუნეს ამ თავქარიანებმა. 

თუ პარიზში მეტი ხანი რჩები ან სხვა დროსაც ჩახვალ (ჩახვალ, აბა – სად წახვალ) – ბარათი ისევ გამოგადგება. მიხვალ ავტომატთან და შეავსებ თანხით.

NB! ერთადერთი მინუსი, რაც Navigo ბარათს აქვს – თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ორშაბათიდან-ხუთშაბათამდე შეიძლება. თუ პარასკევს შეავსებ – თანხა მხოლოდ მომდევნო კვირას (ორშაბათიდან) გააქტიურდება (ბარათით პარასკევ-შაბათ-კვირასაც ისარგებლებ, მაგრამ თანხა თუ არ არის ზედ – ორშაბათამდე ვერ გააქტიურებ). ვთქვათ, პარასკევ დღეს ჩაფრინდი პარიზში, ამ შემთხვევაში შეგიძლია ერთჯერადი სამგზავრო t+ ბილეთები იყიდო (1-2 ზონის 10 ცალი (carne) ბილეთის ფასი 14.9 ევროა) ან სამგზავრო ბარათი Mobilis, რომლის შევსებაც ნებისმიერ დღეს და მეყსეულად შეიძლება (დღიური 1-2 ზონის ტარიფი 7.5 ევროა).

NB! t+ და Mobilis თავისი ნაკლი აქვს: მხოლოდ პარიზში მოქმედებს! ვერ იმგზავრებ აეროპორტის და ვერსალის მიმართულებით.

NB! ერთჯერადი ბილეთებით გაიყიდები! 10 ბილეთი პარიზში არაფერია. თვალსა და ხელს შუა შემოგეფცქვნება. აქ სანახავი და დასათვალიერებელი და დასაგემოვნებელი იმდენია, რომ… პარიზში სეირნობას არაფერი სჯობს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე ვერაფერს მოასწრებ!

სასტუმროები

პარიზში უთვალავი სასტუმროა, ახლა კიდევ AirBNB დაემატა… რაღაც იაფიანის შერჩევა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სანამ შეარჩევ, ჩემი რჩევაა, ყურადღებით წაიკითხო შეფასებები. არ დაიზარო. პატარა ოთახი – პრობლემა, იმჰო, არაა, მაგრამ თუ ნესტიანი ოთახი დაგხვდა, თუ საწოლია არაკომფორტული (ეს რბილად რომ ვთქვა), თუ წყალი ძლივს მოწანწკარებს აბაზანაში, თუ სააბაზანოში წყალი დგება და ოთახშიც ჟონავს, თუ პირსახოცებს არ ცვლიან, თუ ზეწრებს არ ცვლიან, თუ კონდიციონერი არაა ან გათბობა… ბევრი თუა კიდევ… თუ… თუ… თუ… თუ რუსებითაა იქაურობა გამოტენილი…

მოკლედ, თრიფედვაიზორზე, ბუქინგზე და სხვ. საიტებზე რას წერენ გადახედე – მხოლოდ ქულას ნუ ენდობი! შეწონილი ქულა ხშირად არაფრისმთქმელია. ჩამოშლი და მდებარეობისთვის 10-ია და სისუფთავისთვის – 5, შეწონილი 7.5 გამოვა, მაგრამ, არ მგონია, იქ შესვლა ღირდეს.

როდესაც ქალაქში პირველად ჩადიხარ, სასტუმროს (ან ბინას – მნიშვნელობა არ აქვს) ეძებ ცენტრში… კარგი ტაქტიკაა, თუმცა პარიზში, ეგებ, არ გაამართლოს.

ჯერ ერთი, ტურისტის თვალსაზრისით ეს “ცენტრი” პარიზში პირობითია ან, უკეთ რომ ვთქვა – ძალიან ფართო. ეიფელის კოშკი, ლუვრი და ტრიუმფალური თაღი საკმაოდ შორი-შორსაა და ყველა შეიძლება “ცენტრად” დადგეს. კიდევ არის მონმარტრი, ნოტრ-დამი, ლათინური კვარტალი, ლუქსემბურგის სასახლე… ყველას თავისი პეწი აქვს.

ყველაზე მოხერხებული (და, ხშირად – ბიუჯეტდამზოგავი) გადაწყვეტილებაა – მეტროს სადგურის სიახლოვეს დაუკვირდე და არა ღირშესანიშნაობას (გამორჩეულად მეტროს 1-ლი ხაზია კარგი, თუმცა, სხვა სადგურის სიახლოვეც გამოდგება).  პარიზული მეტრო მოხერხებულია და სწრაფი – გახვალ სასტუმროდან დილით, 15-20 წუთი მგზავრობა, ამოხვალ “ცენტრში” და ისეირნე რამდენიც გენებოს.

NB! ზოგი სასტუმრო ნომრის ჩაბარების (ჩექაუთის) შემდეგ ბარგის შენახვის (უფასო!) სერვისს გთავაზობს. კარგი რამეა, თუ საღამოს მიფრინავ. არ მოგიწევს ქალაქში ჩემოდნებით პროწიალი. 

ქულები და მილები

ის მილები არა “ტრუბები” როა  – ავია-კომპანიები რომ გარიცხავენ ის მილები (მაილზ).

PointsHound არის სხვადასხვა ლოიალური კლიენტის პროგრამების პარტნიორი, მათ შორის Star Alliance-ის, რომლის კლიენტიც ვარ. ნახე, ეგებ გამოგადგეს შენც. მე პირადად გაორმაგებული ქულები დამერიცხა ბარათზე, პლუს მცირე ფასდაკლებაც გამოვიდა.

ასევე, Accor-ის Le Club ბარათი 10% ფასდაკლებას გაძლევს ამ ქსელის სასტუმროებში (და არამარტო). Accor ფრანგული ჯგუფია და სხვა ბრენდებს შორის ibis Hotel-ს ფლობს. ფასი/ხარისხის თვალსაზრისით “იბისი” კარგი არჩევანია. და მომსახურება აქვთ საუკეთესო.

სიმშვიდე და კარგადყოფნა

პარიზი (ტერორისტებს თუ გამოვრიცხავთ) უსაფრთხო ქალაქია და პოლიცია კარგად მუშაობს. არის ადგილები, რომლებსაც უნდა მოერიდო (როგორც ვთქვი, პარიზის უბნებზე ცალკე პოსტს დავწერ და ამ ამბებზე – იქ), მაგრამ მეტწილად სიმშვიდეა და არვინ გერჩის. ურიცხვი ტურისტული საიტია (მეტწილად – ჩვენი ერთმორწმუნე ოკუპანტის) სადაც ათასგვარ ჭორ-მართალსა და სისულელეს წაიკითხავთ, იმაზე, რომ პარიზი “გაფუჭდა”, ჩამოსულები გასაქანს არ გაძლევენ, მობილურს თუ ტაბლეტს ხელში ვერ დაიჭერ – აუცილებლად გამოგტაცებს ვიღაც და სდიე მერე და უყარე კაკალი, კაფეში თუ დაჯექი, ლეპტოპს ვერ დადებ მაგიდაზე – აგაცლიან… საფულეს, სამკაულისა და ათასი სხვა…

ქურდბაცაცები ყველგანაა, მაგრამ პარიზი არაფრითაა სხვა დიდ ქალაქზე უარესი, ბევრზე უსაფრთხოც კია. ელემენტარული გონიერება უნდა მოიხმო – ესაა სულ. ქეში არ აფრიალო კიდევ ბღუჯა-ბღუჯა (საბანკო ბარათებს ყველგან იღებენ – ჯიხურიდან და ქუჩის კრეპერიედან სავაჭრო ცენტრამდე და რესტორნამდე). ნუ აცდუნებ ბაცაცას.   ცდუნება – ცოდვაა! და ნუ უიოლებ საქმეს – ამით მის პროფესიონალურ თავმოყვარეობას შეურაცხყოფ.

აპები და ზურგჩანთები

არაერთგზის ვახსენე და არ დამეზარება, გავიმეორო – Kayak საუკეთესო ტურისტული აპია. რომ ეძებს და პოულობს – ერთია და თვალს რომ ადევნებს დაგეგმილ მოგზაურობას – ავიარეისს, სასტუმროს, მატარებელს… ამოწმებს რეისი ხომ არ იგვიანებს, გატყობინებს რომელი გასასვლელია, რომელი ტერმინალია… კიდევ გირჩევდი Google Trips და TripAdvisor-ს.

ზურგჩანთის/ჩემოდნის ჩალაგებას რაც ეხება, ამაზე ცალკე პოსტიც მაქვს.

დაკიდევ – თბილისიდან გაფრენისას ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ევროპის აეროპორტებში IATA უსაფრთხოების მოთხოვნებს უფრო მკაცრად იცავენ (თუმცა – აეროპორტებს შორის იქაცაა განსხვავება). ყურადღება მიაქციე რა ნივთები გაქვს ხელჩანთაში და სითხე/კოსმეტიკა/სუნამო/ავთერშეივი/კბილის პასტა/გელი და სხვ. (თითო – მაქსიმუმ 100მლ მოცულობის) გამჭვირვალე პოლიეთილენის ზიპერიან პაკეტში უნდა მოათავსოთ (მისი მოცულობა – მაქსიმუმ 1 ლიტრი). სამართებელი – თუ თავაკი ეცვლება/ეხსნება ხელბარგში მოთავსება აკრძალულია, თუ მთლიანია და არ იშლება (მაგალითად bic ან Gillette Blue) – ნებადართული.

© Lord VaderStylish Blogსაავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

TripSavy – ბლოგი, სადაც ბევრი და უახლესი ინფორმაციაა უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქზე. შეზღუდვებზე, ტერორიზმის საფრთხეზე და ა.შ.

Parisinfo – პარიზის მუნიციპალიტეტის ტურისტული ბიუროს საიტი

RATP – პარიზის მუნიციპალური ტრანსპორტი

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის