პრაღის ეიფელი – ასე ეძახიან პეტრინის გორაკზე აღმართულ კონსტრუქციას, რომელიც ძალიან წააგავს პარიზის ეიფელის კოშკს.
1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის შესასვლელში აღმართულმა ეიფელის კოშკმა ბევრი ააფორიაქა. მათ შორის იყვნენ გამოფენის დასათვალიერებლად ჩასული გამოჩენილი ჩეხები – ვილემ კურცი, ჩეხი ზოოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შინ დაბრუნებისას გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პეტრინის გორაკზე პრაღის ხედების დასათვალიერებლად კოშკის აშენების ინიციატივით გამოვიდა.
ეიფელის კოშკის მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობა პრაღაში პეტრინის გორაკზე 1891 წლის მარტში დაიწყო და იმავე წლის აგვისტოში დასრულდა. 60 მეტრიანი ლითონის კოშკი 170 ტონას იწონის. მისი ავტორები არიან ინჟინრები ფრანტიშეკ პრაშილი და იულიუს სოუჩეკი.
1953 წელს პეტრინის პანორამულ კოშკზე ჩეხეთში პირველი ტელეანძა დააშენეს და მისი სიმაღლე 20 მეტრით გაიზარდა. ტელეანძამ 1998 წლამდე იმუშავა, ჟიჟკოვის ახალი ტელეკოშკის ამოქმედებამდე. 1999 წელს პეტრინის კოშკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მას შემდეგ პრაღის სტუმრების სასურველ ადგილად იქცა.
ამ კოშკს ყოველწლიურად თითქმის ნახევარი მილიონი ტურისტი სტუმრობს რადგან მისი პანორამული გადმოსახედიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.
პრაღის კადრები გადაღებული პეტრინის კოშკიდან. კარლოსის ხიდი და სტარომესტკა.
პრაღის ჰრადი (კრემლი)
ხიდები მდინარე ვლტავაზე
სტრახოვის მონასტერი.
წმ. ლავრენსის ტაძარი.
შუაგულში მოცეკვავე სახლი.
კიდევ ერთი კადრი პეტრინის კოშკიდან, ფოტოს შუაგულში “ნუსლეს” ხიდი.
და ბოლოს საერთო ხედი, ჰორიზონტზე მოსჩანს ჟიჟკოვის ტელეკოშკი.
როგორ ავიდეთ პეტრინის კოშკზე?
მოკლედ, თუ აღმართების ფეხით დაძლევა არ გეზარებათ, შეუყევით პეტრინის ფერდობებს, თანაც პარკის სილამაზით დატკბებით. კოშკთან მისვლის ყველაზე ეფექტური საშუალება ფუნიკულიორია. მისი ქვედა სადგური მდებარეობს ტრამვაის გაჩერება Újezd-თან. ფუნიკულიორზე ვრცელდება საერთო სატრანსპორტო ბილეთი. გაითვალისწინეთ, რომ ტურისტულ სეზონზე სადგურებთან საკმაოდ დიდი რიგი დგება.
ფუნიკულიორის ტრამვაის აქვს ერთი გაჩერება შუა გზაზე და ამის შემდეგ ის პეტრინის პარკში აგიყვანთ.
პარკში 100-200 მეტრის გავლის შემდეგ მიადგებით პეტრინის კოშკს, რომელზე ასვლა შეგიძლიათ ლიფტით ანდაც 299 საფეხურის ფეხით დაძლევის გზით. კოშკზე ასასვლელი ბილეთის ფასი შეადგენს 150 კრონს რაც დაახლოებით 16-17 ლარის ტოლია. საოჯახო ბილეთი კი 350 კრონი ღირს.
თუ პრაღაში მოგზაურობას გადაწყვეტთ გაეცანით ჩემს პოსტებს პრაღის შესახებ, რომლებშიც მოთხრობილია თუ სად და როგორ დაჯავშნოთ საცხოვრებელი, შეიძინოთ ტრანსპორტის ბილეთები და ბოლოს სად ისადილოთ 🙂