რა არის Airbnb?

აპარტამენტების, ბინების, სახლებისა და სხვა საცხოვრებლების დაჯავშნის ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი სისტემა airbnb.com-ით სარგებლობის წესები და ინსტრუქცია.

Airbnb რეგისტრაცია

თუ თქვენ არ ხართ ამ საიტის მომხმარებელი შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პირდაპირ, ან გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი გვერდიდან: https://www.airbnb.ie/c/sallym1334 ჩემგან რეგისტრაცია იმით არის კარგი, რომ თქვენ მიიღებთ 38 ევროს ბონუსს და პირველი ჯავშნის განხორციელების დროს ბინის საერთო ღირებულებას ავტომატურად გამოაკლდება 38 ევროს. რეგისტრაციის დროს არ დაგჭირდებათ დიდი ფორმის შევსება, შეგიძლიათ პირდაპირ ფეისბუკის ან გუგლის ექაუნთის გამოყენებით შეხვიდეთ.

ძიება

საძიებო ველში ჩავწერთ ქალაქს, ამ შემთხვევაში პრაღას და ბინის დასაჯავშნ თარიღებს, 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე 4 ადამიანისთვის (ოჯახი). სისტემამ გამოიტანა სხვადასხვა ფასიანი ბევრი შედეგი. მე გამოვიყენე ფასის ფილტრი და მაქსიმალური ზღვარი დავაყენე 60 აშშ დოლარზე. პირველი ბინის ფოტო რასაც ამ სკრინშოტზეც ხედავთ მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ერთი დღე ღირს 55 აშშ დოლარი. ბინის მფლობელს airbnb-ისგან მინიჭებული აქვს სპეციალური ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოირჩევა მაღალი სანდოობით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და… მეორე კი შედარებით დაბალფასიანი ბინის ფოტო ჩანს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, მაგრამ ის ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს.

შერჩევა

ბინის შერჩევისას დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ასახავენ ბინის შესაბამისობას, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას… ასევე გადაიკითხეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას მოგცემთ ბინისა და მისი მესაკუთრის შესახებ. თუ ბინა ახალი გამოქვეყნებულია, (როგორც ზედა სკრინშოტზეა) მას არ აქვს ვარსკვლავები და მომხმარებელთა შეფასებები – რისკი იზრდება. ასეთ შემთხვევაში მიწერეთ მფლობელს, გაესაუბრეთ და ეცადეთ დარწმუნდეთ მის კეთილსინდისიერებაში. ბინის მესაკუთრესთან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რათა შეათანხმოთ ბინაში შესვლის დრო, იქ მფლობელის დახვედრის დეტალები…

ეს კი ის აპარტამენტია, რომელიც მე 4 კაცისთვის 48 აშშ დოლარად დავჯავშნე პრაღის ცენტრალურ რაიონში, პრაღა 2-ში. 3 ოთახიანი დიდი ბინა ეკუთვნის მხატვარ კაცს, რომელიც ახლა იტალიაში მოგზაურობს და ჩვენ მისმა მეგობარმა მიგვიღო. სწორედ ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის წინასწარ შეთანხმება. აპარტამენტი ავეჯის გარდა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ხმის გამაძლიერებელი სისტემითაც კი.

რისკები

ამ პოსტის მომზადება იმ კომენტარებმა გადამაწყვეტინა სადაც ლაპარაკია airbnb-ის პრობლემებზე. სისტემაში გამოქვეყნებული აპარტამენტების აბსოლუტური უმრავლესობა სანდოა, მაგრამ არიან უპასუხისმგებლო მფლობელებიც. მაგალითად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბინა დავჯავშნე, ფული გადავიხადე და თანხა იმწამსვე უკან დამიბრუნდა, იგივე განმეორდა მეორე მცდელობისას და შემდეგ მომივიდა ბინის პატრონის წერილი სადაც საიტზე გამოქვეყნებულ ფასებს შეცდომას უწოდებდა და დაჯავშნას ორჯერ უფრო ძვირად მთავაზობდა. ასეთებს ერიდეთ!

კიდევ ერთი შემთხვევა ჯავშნის გაუქმებას უკავშირდება. airbnb-ს აქვს მკაცრი პოლიტიკა და რაც ბინის მფლობელებს თითქმის არ აძლევს ჯავშნის გაუქმების საშუალებას. ის ვინც ამას მაინც გააკეთებს მკაცრად ისჯება. მის გვერდზე გამოქვეყნდება ავტომატური შეტყობინება არაკეთილსინდისიერი საქციელის შესახებ, მეპატრონეს არ ექნება გაუქმებული დღეების გამოყენების საშუალება და ის დაჯარიმდება 50 დოლარით. ამიტომ ჯავშნის გაუქმების ალბათობა ნაკლებია. თავად მომხმარებელს კი თავისუფლად შეუძლია შეკვეთის გაუქმება ბინაში შესვლამდე 3 დღით ადრე.

და თუ ეს რთულად მოგეჩვენებათ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: hotelscombined.com

ვიდეოინსტრუქცია