(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი) ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია.
თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე.
ავტომობილებით მგზავრობის ინტენსივობის შესამცირებლად ევროპის ქალაქებში, მათ შორის პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების დედაქალაქებში აქცენტს აკეთებენ ტევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია თანამედროვე ტიპის ტრამვაის.
მე წარმოგიდგენთ თბილისში სწორედ თანამედროვე ტრამვაის სისტემის შექმნის რამდენიმე უპირატესობას, რის გამოც მე და ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაის” წევრები თავგამოდებით ვცდილობთ ამ ტიპის ტრანსპორტის პოპულარიზებას.
ტრამვაის უპირატესობები:
უპირველეს ყოვლისა ეს არის მაღალი გამტარუნარიანობა. ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 218 მგზავრს. ამ რაოდენობის მგზავრის გადაყვანას სჭირდება ორი დიდი ზომის ავტობუსი, ან კიდევ 145 პერსონალური ავტომობილი.
შესაბამისად ტრამვაი ავტომობილთან შედარებით ერთი მგზავრის გადაყვანისას 8-ჯერ ეფექტურად იყენებს გზის ფართობს. ის გამოყოფილი სავალი ნაწილის მეშვეობით გვერდს უვლის რთულ საავტომობილო კვანძებს და შესაბამისად იშვიათად ხვდება საცობებსა თუ ხერგილებში.
თბილისში ტრამვაის ოპონენტები ხშირად იმიზეზებენ გადატვირთულ ქუჩებს და რომ თითქოს ტრამვაი კიდევ უფრო გაართულებს ქალაქში მოძრაობას.
როგორც ავღნიშნე, ტრამვაი დიდი ტევადობის მეშვეობით პირიქით იწვევს ავტომობილებზე, ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრთნაკადის შემცირებას, რასაც ემატება სავალი ნაწილის გამოყენების მაღალი ეფექტიანობა. ეს კი ქუჩებში გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შემსუბუქების საწინდარია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე ტრამვაის ახასიათებს ეს არის ეკოლოგიურობა. როგორც ცნობილია თბილისის ჰაერის დაბინძურების 80 პროცენტი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. დაბინძურებული ჰაერი უამრავი დაავადების გავრცელების მიზეზია, ხოლო ტრამვაის სისტემის შექმნა ამ ეკოლოგიური თუ ჯანდაცვის პრობლემის შემსუბუქების ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს. მითუმეტეს, რომ მერების კონვენციის საფუძველზე თბილისის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით, 2020 წლისთვის ატმოსფეროში ცე-ო-ორის (ნახშირორჟანგის) გამოტყორცნა 20 პროცენტით უნდა შემცირდეს. ტრამვაის ქსელის განვითარება ამ ვალდებულების შესრულებასაც წაადგება.
ტრამვაის სისტემა თბილისის სახსრების დაზოგვაშიც დაეხმარება. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტრამვაის ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს ის მაინც შეიძლება განვიხილოთ ეკონომიურ პროექტად, მეტროსთან შედარებით. სხვადასხვა გათვლებით ტრამვაის ხაზის ერთი კილომეტრის მშენებლობა 8-10-ჯერ ნაკლები ჯდება ვიდრე მეტროს მშენებლობა. მაშინ როდესაც ტრამვაის არანაკლები მოცულობის მგზავრების გადაყვანა შეუძლია ვიდრე მეტროს სისტემას.
ასევე, ტრამვაი ეკონომიურია ავტობუსთან შედარებითაც ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ერთ კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი 11 ავტობუსი 1 დღის მანძილზე 1050 ლარის საწვავს მოიხმარს. იმავე რაოდენობის ტრამვაის ვაგონების ექსპლოატაციის შემთხვევაში ენერგოდანახარჯები 858 ლარი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ტრამვაის ყველაზე მცირე ზომის ვაგონიც კი ავტობუსზე მეტს იტევს, ამ მარშრუტზე 11 ავტობუსის მგზავრთა რაოდენობის გადასაყვანად საჭირო იქნებოდა 9 ტრამვაი და შესაბამისად 709 ლარის ენერგოდანახარჯი. და ეს სხვაობა დღევანდელი ფასების პირობებში, როდესაც საავტომობილო საწვავი რეკორდულად არის გაიაფებული.
ენერგოდანახარჯების გარდა ტრამვაის ეკონომიურობა მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება. თუ თბილისის ავტობუსები მწყობრიდან გამოვა 7-10 წლის შემდეგ, ტრამვაის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 20-30 წელს შეადგენს და მოდერნიზაციის შემთხვევაში უცხოეთში უფრო ხანდაზმულ ვაგონებსაც იყენებენ.
მეტი უსაფრთხოება და კომფორტი
ტრამვაი მეტად უსაფრთხოა, როგორც მგზავრებისთვის, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა წევრებისთვის, რადგან ის დაფიქსირებულია სავალ ნაწილზე და გამოყოფილი ზოლიდან მცირედი გადაცდომაც კი შეუძლებელია. მაშინ როდესაც თბილისის ქუჩებში ავტომობილების გარდა სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსებიც კი არ იცავენ მათთვის განკუთვნილ ზოლს, მანევრირებენ პირველსა და მესამე ზოლს შორის, და არც თუ იშვიათად შემხვედრ მიმართულებაზეც გადადიან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებას.
ტრამვაი ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგების ერთგვარ წყაროსაც წარმოადგენს, ის ქმნის საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობას.
რაც შეეხება კომფორტს – ეს თანამედროვე ტრამვაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. სწორედ ეს ქმნის მას პერსონალური ავტომობილისა თუ სამარშრუტო ტაქსების გამოყენების ალტერნატივად. ტრამვაი გადაადგილდება მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ამიტომ მისი მეშვეობით მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ სამსახურში, სკოლაში თუ რომელიმე შეხვედრაზე დროულად მისვლია. ამასთან მგზავრობა ხორციელდება ზედმეტი დაძაბულობისა და საფრთხეების გარეშე. თანამედროვე ტრამვაი მეტად მეგობრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე ეტლიანი ჩვილბავშვთა მშობლებისთვის, ანდაც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის. ისინი პირდაპირ, საფეხურებისა და სხვა დაბრკოლების გარეშე შეძლებენ ამ ტრანსპორტით სარგებლობას.
დიდხანს შეიძლება ტრამვაის უპირატესობებზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა რა პერსპექტივა გააჩნია მას თბილისში?
ტრამვაის სისტემის პერსპექტივა
მე და ჩვენს მეგობრებს ორგანიზაცია „თბილისის ტრამვაიდან“ ღრმად გვწამს, რომ ტრამვაის სისტემას თბილისში დიდი პერსპექტივა აქვს. ის შეიძლება გახდეს სატრანსპორტო სისტემის შემკვრელი რგოლი. რაც იმას გულისხმობს, რომ ტრამვაი მეტროს და სხვა სატრანსპორტო კვანძებს დააკავშირებს ერთმანეთთან და ასევე ისეთ უბნებს, რომლებიც სატრანსპორტო დეფიციტს განიცდიან.
ამ მხრივ პერსპექტიულია როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონი და ძველი თბილისი, რომლის დამაკავშირებელი ხაზის წინასაპროექტო სამუშაოები 4-5 წლის წინ კომპანია „სისტრამ“ მომზადა. ასევე, ტრამვაის ხაზის პერსპექტივას ვხედავთ დიდი დიღმისა და დიღმის რაიონების მეტროსადგურ დიდუბესთან დაკავშირების თვალსაზრისით. ამ ხაზს შეიძლება დაუკავშირდეს თბილისი მოლი, ასევე გლდანი, თემქა და მეტროსადგური სარაჯიშვილი.
ასეთი პროექტის განხორციელება, როგორც საპილოტე პროექტისა შესაძლებლად გვესახება მისი შედარებითი სიიაფის გამო ქალაქის ცენტრში გამავალი ტრამვაის სისტემისგან განსხვავებით, რომელიც ძველი ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის ცვლილებას მოითხოვს და ფინანსურთან ერთად სხვა კონსტრუქციულ სირთულეებსაც წააწყდება. მითუმეტეს, რომ ჩვენს მიერ დასახელებული მიმართულების ბევრი ქუჩა დაპროექტებულია ტრამვაის ხაზის შესაბამისად, ზოგგან ის ფუნქციონირებდა კიდეც 90-იანი წლების დასაწყისამდე. ამ მიმართულების არჩევისას ვიხელმძღვანელეთ „სისტრას“ მიერ 5 წლის წინ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, რომელშიც ნაჩვენებია საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკადების მაღალი ინტენსივობა მოცემულ მონაკვეთზე.
პროექტის პერსპექტიულობაში ისიც გვარწმუნებს, რომ რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტი მათ შორის, “აზიის განვითარების ბანკი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, წინაარმდეგი არ იქნება ტრამვაის სისტემის მშენებლობის საკითხში თბილისის მთავრობასთან ითანამშრომლოს. ასევე, წლების წინ არაერთ ინვესტორს გამოუთქვამს სურვილი ტრამვაის პროექტში მონაწილეობის მიღების შესახებ.
დადგა დრო საზოგადოების აქტიური ჩართულობით გადავწყვიტოთ თბილისში ტრამვაის სისტემის მშენებლობის დაწყება. თანამედროვე ტრამვაი თბილისს უფრო კომფორტულ – საცხოვრებლად, საქმიანობისთვის, თუ დასვენებისთვის უფრო უსაფრთო – ჯანმრთელ და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.