რიყე, ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი

ხშირად მჩვევია თბილისის ტურისტული ადგილების მონახულება და იმის გაცნობიერება თუ რა შეიძლება დაინახოს უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოგზაურმა, ან რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.

ნარიყალა განსაკუთრებულ ტურისტულ სანახაობად ახალი საბაგირო გზის გაკეთების შემდეგ იქცა და მნახველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. საბაგირო გზის შესასვლელთან თითქმის არ წყდება რიგი, თუმცა მე გამიმართლა და მხოლოდ 5-6 კაცის შემდეგ მოვხვდი სალაროსთან.

საბაგიროს შავშუშებიანი კაბინები ტურისტული “სელფების” და უფრო პროფესიონალური ფოტოებისთვის არახელსაყრელია, მაგრამ ფოტო-ვიდეო გადაღებას მაინც ვახერხებდი. ამჯერად კი შავ შუშებს ზედ დასდებოდა ჭუჭყის სქელი ფენა, რომელიც კადრს სასტიკად ამახინჯებს.

ამიტომ ფეხზე წამოვდექი, კარების ზედა ნაწილში პატარა სარკმელში ფოტოკამერის ობიექტივი გავაცურე და ფოტო ასე გადავიღე. ამ დროს საბაგირო გაჩერდა, არ ვიცი იმის გამო, რომ მე წამოვდექი თუ სხვა რაიმე მიზეზი იყო, მაგრამ შიგნით მსხდომნი გვარიანად შეშინდნენ. მტკვრის თავზე 3-4 წამიანი ქანაობის შემდეგ ნარიყალაზე ავედით.

ციხის კედლის ორივე მხარეს მშვენიერი ხედებია.

პანორამული აივანი ვიბრირებს, ძნელი სათქმელია რამდენად უსაფრთხოა, თუმცა ტურისტები მაინც ეტანებიან. კიდევ ერთი ბილიკი “ქართლის დედისკენ” მიდის.

ბილიკის ნაპირებთან მიახლოებისას უმალვე იგრძნობა შარდის სუნი. დისკომფორტს ქმნის გარევაჭრობა ათასგვარი ტურისტული თუ არატურისტული პროდუქციით.

მოკლედ, ნავაჭრ მოგზაურს შეუძლია უკან დაბრუნდეს ან გზა გააგრძელოს ნარიყალას მეორე მხარეს, ქვევით ბოტანიკური ბაღისკენ.

სალაროში 1 ლარის გადახდის შემდეგ (ბავშვი 50 თეთრი) გზას ვაგრძელებთ ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერისკენ.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოწყობილ ბილიკს მივყვები და მის გასწვრივ პლასტმასის შავ მილებს ვაკვირდები. ვხედავ, რომ ამით ცვლიან საუკუნოვანი “აკვადუკის” მილებს. აკვადუკი რთულ რელიეფზე წყლის გადაქაჩვის მრავალსაუკუნოვანი მეთოდია და ბუნებრივია მის გარეშე “მეფის რუსეთის” დროს გაშენებული ბოტანიკური ბაღის წყლით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდებოდა.

ასეთი ჭები ყოველ 20-30 მეტრშია. მათი მეშვეობით წყლის სხვადასხვა სიმაღლეზე მიწოდება ბუნებრივად, ელექტროსაქაჩების გარეშე ხერხდება.

ამ ბილიკებით მივდივართ ჩანჩქერის ზედა ნაწილთან სადაც ყველაფერია მეფური სეირნობისა და დასვენებისთვისაა. ბოტანიკური ბაღი ხომ ადრინდელი სამეფო ბაღების ადგილზე შეიქმნა. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში (1636 წლიდან), დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა.

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა, ახლა მისი სახელწოდებაა: “საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ესეც ჩანჩქერი ხიდიდან.

თბილისის ბოტანიკური ბაღის სიმბოლოდ ქცეული კადრი. ეს ხიდი წავკისისწყლის ჩანჩქერზე აგებულია 1914 წელს.

ბოტანიკურ ბაღში 3500-მდე სახეობის მცენარეა გაშენებული. აქედან 1000-მდე სახეობა მერქნიანი მცენარეა, დანარჩენი – ბალახოვანი. მათ შესახებ ბევრს ვერაფერს დავწერ, შორს ვარ ბოტანიკისგან.

აქ გაშენებულია შემდეგი კოლექციები: კავკასიის მცენარეთა კოლექცია, ხმელთაშუაზღვეთის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, წიწვოვანი ხეების კოლექცია, კედრნარი, ფიჭვების კოლექცია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, ცენტრალური აზიისა და ირანის მლაშობების მცენარეების კოლექცია, თურქესტანული მცენარეების განყოფილება, პომოლოგიური ბაღი და სხვ.

ბოტანიკური ბაღი ახალდაქორწინებულთა ფოტოსესიების საყვარელი ადგილიცაა.

ამ მწვანე სამოთხის ბილიკებზე დიდხანს ხეტიალის შემდეგ უკან ვბრუნდებით, გზად ადვილი შესამჩნევია სანერგეები და სათბურები…

ნარიყალა ბოტანიკური ბაღიდან.

მთავარ კარიბჭესთან მიახლოებისას კი მშვენიერი ხედი იშლება.

ცენტრალური შესასვლელიდან გავდივართ “ბოტანიკურის” ქუჩაზე, მეჩეთისა და ძველი აივნიანი სახლების ქუჩაზე.

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი