როდის არ ამართლებს Airbnb

ამ პოსტის მომზადება Airbnb-ის შესახებ გავრცელებულმა მცდარმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა, რომელთა მიზეზიც ძირითადად არის პირადი ან ნაცნობების უარყოფითი გამოცდილება.

ზოგს ჯავშანს უუქმებენ, ზოგს ადგილზე ჩასვლისას სთხოვენ უფრო მეტის გადახდას, ან ბინა არ არის ისეთი, როგორიც ფოტოებზე, ან სისუფთავე მოიკოჭლებს და ასე შემდეგ. სურათს ისიც ამძაფრებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო აქტიურობენ – ეს ბუნებრივიცაა და ყველას უმტკიცებენ, რომ Airbnb არ არის სანდო, ასე ვთქვათ არ ამართლებს.

განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩემს პირად მაგალითზე და გავაანალიზოთ როდის არ ამართლებს Airbnb, ან რატომ არ ამართლებს.

 

შემთხვევა პირველი

ორი წლის წინ, 2015 წლის სექტემბერში ოჯახით კრაკოვში და პრაღაში მოგზაურობას ვგეგმავდით და რა თქმა უნდა ბიუჯეტი შეზღუდული გვქონდა. შესაბამისად ვეძებდით აპარტამენტებს და არა სასტუმროებს და ვეძებდით ყველაზე ახალ და კარგ საიტზე, “ეარბიენბიზე”. ორიოდე თვით ადრე კრაკოვში რამდენიმე დღე გავატარე Airbnb-ის აპარტამენტებში და კმაყოფილიც დავრჩი. მოკლედ, პრაღა 2-ში ახალი გახსნილი და შესაბამისად იაფი აპარტამენტი ვიპოვეთ, მასპინძელს (ჰოსტი) მივწერეთ და მიღებული პასუხის შემდეგ დავჯავშნეთ. თუ არ ვცდები 22 აშშ დოლარი ღირდა ერთი ღამე. ვიცოდი, რომ შეფასებების არმქონე ბინა რისკების შემცველი იყო, მაგრამ სანამ ჩვენ გავემგზავრებოდით ამ აპარტამენტებს შეფასებებიც გაუჩნდა და თანაც კარგი. მოგზაურობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, როდესაც ყველა ბილეთი და საცხოვრებელი შეძენილი გვქონდა და ჯიბეში ხურდებს ვითვლიდით, “ეარბიენბის” მესიჯი მოგვივიდა, რომ პრაღის აპარტამენტში ჩვენი ჯავშნი გაუქმებულია. სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა, სადღა უნდა გვეპოვა 2 კვირაში იაფი ბინას პრაღის ცენტრში?

კრაკოვიდანაც ცუდი ინფორმაცია მოდიოდა. ჩვენი ძველი მასპინძელი, უკრაინელი სტუდენტი ალინა ფულის დამატებას ითხოვდა, ის თანხა ვერ მივიღე რამდენიც უნდა მიმეღოო. ლაპარაკი იყო 10 დოლარზე, რომლის ჩასვლისთანავე გადავიხდიდი. მაგრამ პრაღის გაუქმებული ჯავშანი მთელს მოგზაურობას ჩაშლით ემუქრებოდა, რადგან 6 დღეში გადახდილი 132 დოლარის ნაცვლად ახლა მინიმუმ 400 დოლარი უნდა გადამეხადა. ბევრი ნერვიულობისა და ძიების შემდეგ 53 დოლარიანი ბინა ვიპოვეთ, არც მას ჰქონდა ბევრი შეფასება, მაგრამ სხვა ვარიანტი აღარ რჩებოდა და გავრისკეთ. საბოლოო ჯამში 6 ღამის ღირებულებიდან 318 დოლარიდან 50 Airbnb-მ დაფარა გაუქმებული ჯავშნის სანაცვლოდ გამოყოფილი სამოგზაურო კრედიტით, რასაც დაემატა საიტზე რეგისტრაციისთვის გამოყოფილი კრედითი 40 დოლარი და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხეთ. შედეგად პრაღა 2-ში, ცენტრალურ რაიონში ჩეხი მხატვრის აი ასეთ აპარტამენტებში ვცხოვრობდით.

ჩემი შეცდომები

აქ Airbnb არაფერ შუაშია, მე გავრისკე ზედმეტად, როდესაც ახლად გამოქვეყნებული, ორჯერ იაფფასიანი ბინა დავჯავშნე, რადგან იაფი ყოველთვის არ უდრის ხარისხიანს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სხვა მსგავს ვებსაიტზე რადგან ვერავინ შეუშლის ხელს რომელიმე ბინის დროებით მფლობელს გამოფინოს განცხადებები და იქამდე ამუშაოს ბინა სანამ ამის მისი ნამდვილი მესაკუთრე არ შეიტყობს და ამგვარ საქციელს არ აუკრძალავს. სხვამხრივ Airbnb-ზე დარეგისტრირებულ მასპინძელს არაფერში აწყობს ჯავშნის გაუქმება, რადგან ის დაჯარიმდება 50 აშშ დოლარით, რაც ბონუსის სახით დაზარალებულ სტუმარს დაერიცხება, ასევე დაიბლოკება გაუქმებული დღეები და შეფასებებში კი ავტომატურად გამოქვეყნდება შეტყობინება, რომ ეს მასპინძელი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მოგზაურობამდე ამდენი და ამდენი დღით ადრე გააუქმა ჯავშანი.

Airbnb-ის შეფასებების სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ აპარტამენტისა და მასპინძლის შესახებ მეტნაკლებ ობიექტურ სურათს იძლევა. მოკლედ, თუ შეფასებებში ერთი-ორ სტუმარს მაინც უწერია, რომ ჩეკინის დროს პრობლემები ჰქონდათ, ან მასპინძელი დათქმულ დროს არ გამოცხადდა, დიდი ალბათობით თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნება, თუ მაინცდამაინც ამ ბინას დაჯავშნით. ამიტომ აუცილებლად შეისწავლეთ კომენტარები და დააკვირდით სტუმრების მიერ მინიჭებულ ვარსკვლავებს, მათი გაყალბება ფაქტობრივად შეუძლებელია.

რაც შეეხება კრაკოვიდან წამოსულ მოთხოვნებს თანხის დამატების შესახებ, ადგილზე ჩასულებს მასპინძელმა გვახარა, რომ საიტთან ყველაფერი გაარკვია და დასამატებელი არაფერი გვქონდა. როგორც გაირკვა პრობლემას საიტზე ნაჩვენები ფასის (დოლარში) პოლონურ ზლოტებში კონვერტაცია წარმოადგენდა, რაც არანაირ შემთხვევაში სტუმარს არ უკავშირდება. ყოველგვარი მსგავსი მოთხოვნა უნდა ეცნობოს Airbnb-ის ადმინისტრაციას, რომელიც კრძალავს საიტის მიღმა ნებისმიერი თანხის მოთხოვნას თუ გადახდას. ასეთ შემთხვევაში Airbnb-ის ჩარევა ყოველთვის ეფექტიანია. თუ ელექტრონული მიმოწერის დრო არ გაქვთ შეგიძლიათ Airbnb-ის წარმომადგენლებს პირდაპირ ტელეფონით დაუკავშირდეთ.

 

შემთხვევა მეორე

მიმდინარე წლის გაზაფხულზე იტალიაში მოგზაურობას ვგეგმავდით და ცხადია ვენეციის მონახულება გადავწყვიტეთ.

ვენეციაში ყველაფერი ძვირია და განსაკუთრებით სასტუმრო-აპარტამენტები და თან მასპინძლები დეპოზიტს ითხოვენ, რომელიც შეიძლება სახლში დაბრუნების შემდეგ დიდი ალბათობით დაკარგო. თუ რატომ ამის შესახებ ცოტა ქვევით დავწერ. ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვეთ აპარტამენტი, რომელიც ფასის სიიაფეზე მეტად იმით გვხიბლავდა, რომ დეპოზიტი არ სჭირდებოდა. ასევე არ ითხოვდა “სიტი ტაქსს” (ქალაქის გადასახადს), რომელსაც იტალიაში თითქმის ყველა ხელზე ითხოვს და რაც Airbnb-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ამ ერთი შეხედვით არც თუ ცუდ ბინას კარგი მდებარეობაც ჰქონდა და კარგი შეფასებებიც, არც ფასი იყო ყველაზე დაბალი და არც უსაზღვროდ მაღალი – ერთი ღამე 150 აშშ დოლარი. მაშინ როდესაც სხვა კარგი ვარიანტები 180-190 დოლარიდან იწყებოდა.

ჩინელ მასპინძელთან მიმოწერაში გაირკვა, რომ ეს არ არის იზოლირებული ბინა, არამედ ეს არის ჰოსტელის ტიპის საცხოვრებელი. ანუ აქვს საერთო სივრცე, საერთო აბაზანა-ტუალეტი და პლუს არ აქვს სამზარეულო. არა და Airbnb-ზე აღნიშნული იყო, რომ ეს არის დამოუკიდებელი ბინა. თუმცა მის მფლობელს თავისუფლად შეეძლო ბინის ინფორმაცია გამოექვეყნებინა საზიარო ოთახებისა თუ პრივატ ოთახების კატეგორიაში. შესაბამისად მე, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებელ ბინას ვეძებდი ვერასდროს ვიხილავდი ამ განცხადებას და არც მოვტყუვდებოდი. ამ შეუსაბამობაზე თვალი დავხუჭეთ რადგან ვენეციაში მხოლოდ ერთი ღამის გათევა გვიწევდა და წყლის მადუღარაც კი მოვამზადე ვენეციაში ჩაის მოსადუღებლად.

გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მასპინძელს მოვთხოვე ბინის მდებარეობის GPS კოორდინატები, რადგან ვენეციაში მისამართები საკმაოდ პირობითი მცნებაა. პასუხად მივიღე სულ სხვა მისამართი ვიდრე მითითებული იყო ჩემს ჯავშანში. გავაპროტესტე მასპინძელთან, რადგან ახალი მისამართი გუგლის რუკაზე არახელსაყრელ ადგილს მაჩვენებდა, რაზეც ჰოსტმა სანუგეშო ვერაფერი მიპასუხა.

ადგილმდებარეობა იმდენად განსხვავდებოდა საიტზე ნაჩვენებისგან, რომ Airbnb-ის ადმინისტრაციაში მასპინძლის სხვა ტყუილების გაპროტესტებას აზრი აღარ ჰქონდა და შეკვეთა გავაუქმე. არავინ იცის ადგილზე კიდევ სხვა რა სიურპრიზები მელოდებოდა.

იმ დღესვე ვიპოვეთ სხვა ოდნავ ძვირი ვარიანტი, მასპინძელი სხვა კიდევ რამდენიმე აპარტამენტს ამუშავებს და ყველა მათგანზე კარგი შეფასებები აქვს. სან-მარკოს მოედნიდან 60 მეტრში საერთო ჯამში 200 დოლარად აი ასეთ აპარტამენტში დავბინავდით.

დეპოზიტის შეტანა არ მოუთხოვიათ, მაგრამ ე.წ. სიტიტაქსი კი ხელზე გადაგვახდევინეს, 1 კაცი 2.5 ევრო. ეს თანხა თავისუფლად შეიძლება ჩაემატოს Airbnb-ის სისტემას, მაგრამ იტალიელების “შტუკებს” რას გაუგებ. 🙂

რატომ ვერიდები დეპოზიტს. ჯერ ერთი საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ, არავის აქვს ზედმეტი 200, 300 ან 500 ევრო, რომ საკრედიტო ბარათზე დადოს და დაბლოკოს. მეორეც, სრულიად შესაძლებელია მასპინძელმა თქვენს შემდეგ ან ცოტა მოგვიანებით 14 დღის მანძილზე რაიმე დაზიანება აღმოაჩინოს და თქვენი დეპოზიტიც მას დარჩება. თუ მაგალითად ბინაში ერთი დღით  რჩებით, 170 დოლარს იხდით და 300 დოლარის დეპოზიტის შეტანა გიწევთ ნამდვილად დიდი რისკია. ხოლო თუ 2 კვირა ჩერდებით და დიდ და ფეშენებელურ აპარტამენტში ამდენივე დეპოზიტს ითხოვენ დაფიქრება კიდევ შეიძლება.

ვენეციის შემთხვევის შეცდომები

აქაც გადამწყვეტი შეცდომა სიიაფეს უკავშირდება. სიიაფის გამო თვალს ვხუჭავდი მასპინძლის აშკარა ტყუილზე, რომელმაც საზიარო სივრცე, თანაც 3 სართულისთვის საზიარო აბაზანა-ტუალეტი (თუ შეიძლება მას აბაზანა ეწოდოს) ერთი დამოუკიდებელი აპარტამენტის საკუთრებად გამოაცხადა. ასევე საეჭვო იყო ისიც, რომ აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით არ ითხოვდა ქალაქის გადასახადსს. და ბოლოს, მასპინძელთან მიმოწერაში იოლი დასანახია მისი ბუნება, კეთილსინდისიერება და ბევრი სხვა რამ. არასდროს იმოგზაუროთ მხოლოდ ჯავშნით ჰოსტთან მიმოწერის გარეშე. არავინ იცის უცხო ქალაქში და ქვეყანაში რა ტიპის ადამიანი გელოდებათ ან საერთოდ თუ გელოდებათ.

 

დასკვნა

Airbnb ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება და ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს პრობლემების მოსაგვარებლად, ჰოსტთან ტელეფონით დაკავშირება, მასთან მოლაპარაკება, მისი დარწმუნება, ანდაც თქვენთვის სამოგზაურო კრედიტის ჩუქება. მაგრამ ზედმეტი პრობლემები გამგზავრებამდე და მითუმეტეს მოგზაურობის პროცესში არავის უმარტივებს ცხოვრებას. ამიტომ ყოველთვის კარგად შეისწავლეთ დასაქირავებელი ბინა და მისი მფლობელი.

და ბოლოს, არ დაიჯეროთ, რომ საცხოვრებლის დაჯავშნის სხვა სერვისები და საიტები უფრო საიმედო და უსაფრთხოა, პირიქით. სხვა უფრო ცნობილ საიტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების დასაცავად და ის ვის ხელში ხვდება წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ. ასევე ვერაფერს გახდება თუ მაგალითად თქვენს მიერ დაჯავშნილი სასტუმრო ან აპარტამენტი დაკავებული დაგხვდებათ. ერთადერთი რაც შეუძლია ეს არის მესაკუთრეს სასამართლოში უჩივლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ თქვენ ამით ვერ გაბედნიერდებით. მე პირადად ბევრი ტურისტი მინახავს თბილისის ქუჩებში ფარატინა ჯავშნის ფურცლებს რომ აფრიალებდნენ და დაჯავშნილისგან სრულიად განსხვავებულ საცხოვრებელს ეგუებოდნენ.

მოკლედ, მე Airbnb-ის გირჩევთ, რადგან ჩემთვის ეს უფრო კომფორტულია: არ მიწევს აპარტამენტის მფლობელთან ფულის ხელზე გადახდა და ისიც ვიცი, რომ ჩემი მასპინძელი თანხას მხოლოდ ჩემი დაბინავებიდან ერთი დღის შემდეგ მიიღებს. ამიtომ, თუ წესიერად არ გამიმასპინძლდება, ან მე არ მომეწონება ბინის მდგომარეობა, თავისუფლად შემიძლია 1 დღის მანძილზე გავაპროტესტო, ჯავშნის გაუქმება მოვითხოვო და არაკეთილსინდისიერი მასპინძელი ფულის გარეშე დავტოვო. არის სხვა ისეთი მექანიზმებიც, რაც ამ სისტემის საიმედოობას და კომფორტულობას განაპირობებს, სწორედ ამიტომ გირჩევთ თქვენც ისარგებლოთ Airbnb-ით. და თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 38 ევროს ფასდაკლებასაც მიიღებთ.

და თუ მაინც სასტუმროს დაჯავშნას გადაწყვეტთ, გირჩევთ ეძებოთ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის