როგორ ჩავედი პარიზში. პირველი შთაბეჭდილებები

ამ საიტის ავტორს დავეთანხმები, რომ პარიზი ზუსტად იმდენია, რამდენი ადამიანიც არსებობს. ჩემთვის პარიზი სადღაც რემარკის და უელბეკის წარმოსახვების ნაზავია.

ასევე ქალაქი, სადაც იმ წარმოუდგენლად მაგარ მიუზიკლებს დგამენ, რომელზე მოხვედრაც ჩემი ოცნებაა. ამიტომაა, ერთი წელი ამაოდ რომ ჩავკირკიტებ მიუზიკლების საიტებს და ვოცნებობ მიკელანჯელო ლაკონტეს (ვიცი კი იტალიელია) ამადეუსის (ვიცი ხო, არც ეგაა ფრანგი) შესრულების ნახვაზე. მოკლედ უიმედოდ. ხოდა იმ შაბათ დღეს რაღაც სხვანაირმა გავიღვიძე. დილის ყავა ჩამოვისხი, მიუზიკლების ძებნის გარეშე, პირდაპირ ვიზეარის საიტზე შევძვერი და გინდა ვიგიჟოთ-თქო ბავშვობის მეგობარს მივწერე. იქიდან თავის დაქნევა და პარიზის ბილეთების ყიდვა ერთი იყო. ხო, ერთი წელი ველოდე ჩემს საყვარელ მიუზიკლს, ბოლოს კი ასე ავდექი, ღრმად ჩავისუნთქე და მე, მომდევნო-ერთ-წელ-წინასწარ-დაგეგმილმა თხისრქამ, უახლოესი თარიღის ფრენა უბრალოდ ვიყიდე. ამ კვირაში პარიზში მივდივართ, მივწერე მაიკოს. მაიკომ ერთი კი დამ-Seen-ა და ეგ იყო, ნახევარი დღე არ გამოჩენილა (ბარგს ალაგებდა, როგორც მერე გავიგე).

მიუხედავად იმისა, რომ ფრენამდე ერთი კვირით ადრე ვიყიდე ბილეთები, ვიზეარზე მგონი მაინც იაფად გამოვძვერი. თითო ბილეთი დაახლოებით 170 დოლარი დამიჯდა. + 30 ევრო ერთ წლიანი დისქაუნთ კლუბის წევრობა, რომელიც მომავალშიც კარგად გამომადგა.

ქუთაისამდე თანამშრომლის რჩევით ომნიბასის ავტობუსით წავედით, რომელიც წინასწარ საიტზე დავჯავშნეთ. ორივე გზაში 35 ლარი გადავიხადე. აქედან ვუხდი მას მადლობას ასეთი კარგი რჩევისთვის. ინფორმირებული გიდით, ვაიფაით, წყლით, ძალიან კომფორტული და მოწესრიგებული ავტობუსით, ქუთაისამდე ისე ჩავედით, მანძილი ვერც კი ვიგრძენით.

აი ქუთაისში კი…  ქუთაისის აეროპორტში ცხოვრებაში პირველად ამოვყავი თავი. აეროპორტში შესვლა და ცხვირის აწვა ერთი იყო. ცუდი ის არის, რომ პარიზის რეისის დროს, თითქმის ერთდროულად სამი ფრენა სრულდება. ამიტომ აეროპორტში იმდენი ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა. ვინ აღარ იყო აქ. სასრიალო აღჭურვილობიანი უცხოელები რომლებიც იწვნენ ყველგან, სადაც დაეტეოდნენ.  მათ შორის ერთს, შუა დარბაზში, პირდაპირ თხილამურებზე ეძინა. ქართველები, მათი მთვრალი გამცილებლები, მთვრალი გამცილებლების ფხიზელი ახლობლები, ქუჩის ძაღლები, უზარმაზარი ჩანთები და ერთიც, ყავისფერ ქურქში გამოწყობილი, იღლიაში პუდელამოჩრილი უცნაური ქალბატონი, რომელიც ისე გაშეშებული და ღირსეული იდგა ამ საგიჟეთში, კარგა ხანი ვფიქრობდი, ხომ ნამდვილია-თქო.   ყველგან, ყველგან, სულ ყველგან ეს იყო. გარეთ თებერვლის ისეთი სუსხიანი ღამე იდგა, ორი წუთითაც კი ვერ გაჩერდებოდა ადამიანი. შიგნით კი, დასაჯდომს ვინ ჩიოდა, ფეხზე დასადგომი ადგილი არ იყო.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფრის მეორედ გადამტანი ვარ – შევბუზღუნე მაიკოს და ნირწამხდარი ჩამოვჯექი ჩემოდნების ურიკაზე, რომელიც მაგთის ოპერატორის დახლის გვერდით ძლივს-ძლივს ჩავაკვეხეთ. სამი საათის განმავლობაში რიგ-რიგობით ვიჯექით ურიკაზე, შევცქეროდით უცნაურსახელიან წმინდანის შესაწირ ყუთს, ვითვლით ჩაყრილ ხურდებს და ცალი ფეხით ქუჩის ცუგოს ვიგერიებდით, რომელიც ახლომახლო ქასქასებდა და  ჯიუტად ცდილობდა ურიკისთვის მიეფსა.  ნაძალადევად ვიცინოდით. არ გვინდოდა გვეფიქრა იმაზე, როგორ გაგვიფუჭა განწყობა ამ აეროპორტმა.

ბოლო-ბოლო ჩვენი რეგისტრაციაც გამოცხადდა. ნუუ….. რეგისტრაციის პროცესი ძალიან წააგავდა 90 წლების პურის რიგს, თავისი საიდანღაც ამომძვრალი ურიგო მგზავრებით, გამიშვი-გამატარეთი და წესრიგის დაცვის მოწოდებებით. მე და მაიკომ, ამ ეპოქაში გამობრძმედილმა ხალხმა, მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადავიტანეთ რიგში ჯაჯგური და როგორც იქნა საზღვრის ზოლს მიღმა გავაღწიეთ, საიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ აეროპროტში არსებული ხალხის მხოლოდ 1/3 წარმოადგენდა მგზავრს. დანარჩენი, ნაწილი როგორც ზემოთ ვთქვი გამცილებლები და გამცილებლების გამცილებლები იყვნენ.

შემოწმება გავიარე თუ არა, დიდი რუდუნებით შევუდექი გეითის ძებნას. თან ბილეთს ჩავკირკიტებდი და თან შეშფოთებული დავძრწოდი წრეზე, წარწერების ძებნაში. ბოლო-ბოლო ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ავწიე თავი ქაღალდებიდან და Whaat? ერთ პატარა დარბაზში ვიდექი, რომელსაც სამად სამი კარი ჰქონდა და სულ ეგაა. შენი სამი გეითი J. არა, მგონი ამის გულისთვის ნამდვილად ღირს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა. ზიხარ შენთვის  გეითის წინ გახარებული. როგორც იქნა სკამი იპოვე, ბედნიერი ასვენებ ფეხებს და მისჩერებიხარ მინის მიღმა სივრცეს. ჩამოფრინდება თვითმფრინავი, წაატორმუზებს პირდაპირი გაგებით რომელიღაც კარების (ანუ გეითის)  წინ. ჩამოვა ხალხი, ავა ხალხი, შეტრიალდება ეს ჟოლოსფერი ლურჯა, გაგორდება იქვე ორ ნაბიჯში, აკრეფს სიჩქარეს  და ჰოპ , აფრინდება ცაში. ვითომც აქ არაფერია … ისე უბრალოა ეს ყველაფერი, ისე ჩვეულებრივი. არადა, მე ჯერ კიდევ განვითარების იმ ეტაპზე ვარ, პილოტი ღმერთთან დაახლოებული პიროვნება რომ მგონია და როცა ვხედავ მოწიწებით პირჯვარს ვიწერ. რაღაც არ ვაკეთებ მგონი სწორად.

ფრენა და სავიზო რეჟიმის გავლა ცალკე საკითხია. ვერ მოვყვები ამას მოკლედ და ამიტომ თემას მომავლისთვის შემოვინახავ. ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობით, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩავფრინდით ბოვეში და საზღვარი გადავკვეთეთ. აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი ტაქსის  მძღოლი დაგვხვდა გასაღების თითზე ტრიალით და ტაქსი ხომ არ გინდა შეთავაზებით (ქართულად).  ჩვენ წინასწარ გვქონდა ავტობუსის ბილეთები ნაყიდი და ამიტომ მათთან კომუნიკაციას თავი ავარიდეთ. შესაბამისად ვერ გეტყვით რა ჯდება ტაქსით ტრანსპორტირება (არამგონია ავტობუსზე იაფი იყოს)  თუმცა საიტზე, ავტობუსით ორმხრივ მგზავრობაში 29 ევრო გადავიხადეთ. აერპორტშიც შევნიშნეთ, რომ ადგილზე იყიდებოდა ბილეთები და მგონი ფასიც იგივე ღირდა.

ტრანსპორტი საკმაოდ კომფორტულია და პირდაპირ (გაჩერების გარეშე) მიდის ქალაქის ცენტრში. ჩემი აზრით ეს შატლები საუკეთესო არჩევანია პარიზში ტრანსფერისთვის.  Port mailot (სადაც შატლი ჩერდება) ერთი მოსაწყენი ადგილია, რომელიც ძალიან ახლოს არის ტრიუმფალურ თაღთან. ხოდა ჩვენი 3 დღიანი მოგზაურობის დროს პირველი 2 დღე სწორედ აქვე, რამდენიმე ნაბიჯში ვცხოვრობდით.

სასტუმრო Hotel Harvey-მ იმედები სასიამოვნოდ გაამართლა. მეტიც, ჩექ-ინზე დილა ადრიანად მისულებს თბილად გაგვიღიმეს და თქვენი ოთახი მზადააო, გასაღები მოგვაწოდეს (რასაც სტამბულის გამოცდილების შემდეგ, სადაც 2 საათამდე ცოცხალი თავით არ შეგვიშვეს ნომერში, ნამდვილად არ ველოდი). ნომერი შენობის სხვენზე მდებარეობდა, სადაც ლიფტით ავდიოდით. თავად ოთახი პატარა, მაგრამ ძალიან სუფთა და კომფორტული აღმოჩნდა. ფართო გარდერობი, სუფთა და გემრიელი საწოლები, ფართო აბაზანა ყველა საჭირო პირველადი ნივთით, პატარა მაგიდა ჩაიდნით, ჩაით და ყავებით. მოკლედ სხვენის ეს პატარა და მყუდრო ნაწილი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. ხო, ეს ნამდვილად ისაა, რასაც მომავალში ხშირად გავიხსენებთ მე და მაიკო როგორც ადგილს, სადაც ჩვენი ცხოვრების ბედნიერი 3 დღე გავატარეთ. მანამდე კი, ოთახში შევედით თუ არა, დაღლა ერთიანად ვიგრძენით. ჩანთები იქვე მივყარეთ, ლოგინებზე პირქვე გადავემხეთ და 12 საათის ნამგზავრებს მკვდრებივით დაგვეძინა.

დაახლოებით 2 საათზე მაიკომ როგორც იქნა შეძლო ჩემი გაღვიძება. წავედით ქალაქი ვნახოთო. თავად უკვე გამზადებულ/გაპრანჭული ადგილზე ცმუკავდა და თვალს არ აშორებდა ჩემს მცდელობას როგორმე ავბობღებულიყავი ლოგინიდან.

ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ბილეთები კი ვიყიდე, ტრანსფერებიც მე დავჯავშნე, მაგრამ შეზღუდული დროის და  სამსახურის გადამკიდე „პარიზში“ მეცადინეობა ვეღარ მოვასწარი. მეტიც, ცოტა დამაკლდა სამსახურიდან არ მომიწია პირდაპირ აეროპორტში გაქცევა. ერთი ის მოვახერხე, წამოსვლის წინ ამ საიტს ვეწვიე და პარიზის შესახებ თუ რამე სტატია იდო, ყველაფერი ამოვბეჭდე. თვითმფრინავში შეძლებისდაგვარად გადავიკითხე და სულ ეგ იყო მთელი ჩემი მომზადება. აქვე იმასაც განვმარტავ, რომ ჩვენი მოგზაურობის მთავარი კონცეფციები სტაბილურად ისეთ სიტყვათა კომბინაციებისგან შევადგინეთ, რომლის მიხედვითაც რაც შეიძლება ნაკლები ფული უნდა დაგეხარჯოს კაცს. მაგალითად როგორიცაა: მთავარია პარიზი შევიგრძნოთ, ბევრი ვიხეტიალოთ ქუჩებში და დავტკბეთ ქალაქით, ვიგორიალოთ ელისეის მინდვრებზე და ვიყოთ ბედნიერები, მუზეუმები? არა, რა მუზეუმები, მანდ არ შევალთ რათა დრო არ დავკარგოთ და ა.შ.

3 საათზე როგორც იქნა გამოვეტიეთ სასტუმროდან, ვარდებითა და თავის ქალებით მოქარგულ ვარდისფერ პერანგში გამოწყობილ ნაზ მარტინს (კონსიერჟს) გასაღები ჩავაბარეთ, თბილად დავემშვიდობეთ და სახეტიალოდ გამოვეშურეთ.

ერთ-ერთ სტატიაში ამ საიტზე წერენ, პარიზი ისე კარგადაა დაგეგმარებული, ძალიან უნდა მოინდომო გზა რომ აგებნესო.  ხოდა, მინდა გითხრათ სულაც არ მომინდომებია, თავისით. გითხარით ხომ, ტრიუმფალურ თაღთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით-თქო?! ხოდა ჩავრგე თავი გუგლ-მეფში და წავჩანჩალდით სადღაც ბრმად. ასე ერთ კილომეტრში აღმოვაჩინე, საწინააღმდეგო მიმართულებით რომ მივდიოდით. ბოლო-ბოლო მივხვდით, შემოვბრუნდით და აღმართიან ფართო გზაზე აღმოვჩნდით. აღმართის ბოლოს, გვირგვინივით გამოჩნდა ცაში მოელვარე ტრიუმფალური თარიღი. ჩვენი პირველი საჩუქარი ქალაქისგან. დარჩენილი მანძილი ერთი ამოსუნთქვით ავიარეთ და აჭყლოპინებულებმა მინიმუმ სამი წრე შემოვარტყით იმ მოედანს სადაც თაღი დგას. ბოლოს დიდი ენთუზიაზმით სახურავის  დალაშქვრის მსურველთა რიგებს შევუერთდით, თუმცა შუა გზაში გავარკვიეთ, რომ ზემოთ ასვლა მთელი 7 ევრო ღირდა და უცებ დავშოშმინდით. ცოტა დაღონებულ მაიკოსთვის  ჩვენი მოგზაურობის კონცეფციიდან ერთი-ორი აბზაცის თქმა მომიწია, მაგრამ იქვე მივაყოლე ჯადოსნური სიტყვები, თუ რამეა ახლოს ვცხოვრობთ და მერე ამოვიდეთ-თქო და ცოტა მოხასიათდა.

ის ის იყო, შანზ-ელისეზე მეასე სურათის გადაღებას ვაპირებდით, რომ ფრიად სიმპატიური, ღილისთვალება ჟურნალისტი გვეტაკა მიკროფონით, თქვენი მოსაზრება რომ ჩავიწერო, თუ შეიძლებაო.

– რა მოსაზრება? – გამიკვირდა მე.

– აი ამათზე – ხელი გაიშვირა თაღთან შეკრებილ ყვითელ ჟილეტიან ხალხისკენ.

მოკლედ ძალიან შევრცხვი როცა ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს ეგ რა ხალხია თქო. იმან კიდე, ეგ არაფერიო და თავისი ჟღურტულა ინგლისურით უცებ ჩამომიღუღუნა რა ხალხიცაა. მერე ისევ მიკროფონი მატაკა, ახლა შენი მოსაზრება მითხარიო. თან ძალიან საყვარლად, ინტერესით აფახულებდა მრგვალ თვალებს. მოკლედ ძლივს მოვიშორე. არადა კაი ტიპი კი იყო.

შანზ-ელისედან ეიფელის კოშკი მოჩანდა პირდაპირ. ჩვენც ბევრი აღარ გვიფიქრია, სულ ღიღინ-ღიღნით (მელოდიას მიხვდებით ალბათ) გავუყევით გზას და მალევე იმ ხიდთან აღმოვჩნდით, სადაც ჩემს ყველა პარიზში ნამყოფ ახლობელს აუცილებლად სურათი აქვს გადაღებული, რამეთუ აქედან მადამ ეიფელი ყველაზე ტანადად გამოიყურება. ჩვენც რათქმა უნდა არ ჩამოვრჩით არსებულ პრაქტიკას და ყველა გამვლელს, გამომვლელს, რასის, რელიგიის და ორიენტაციის ადამიანს სათითაოდ ვთხოვეთ სურათი გადაეღო  (მგონი გერმანელი გამომვლელი პროტესტანტის გადაღებული სურათი გამოვიდა ყველაზე კარგი. გაითვალისწინეთ მომავლისთვის). ბოლო-ბოლო ხალხმა რომ მორიდება და გვერდის ავლა დაგვიწყო, რაღაცას მივხვდით და ახლა ერთმანეთს დავუწყეთ სურათების გადაღება. კიდევ კარგა ხანს ვიქნებოდით ასე, ხიდზე ყვითელჟილეტიანების მთელი არმია რომ არ გამოჩენილიყო. რაღაცეებს გაჰყვიროდნენ და ჟილეტებს მოაფრიალებდნენ.  უკან კი ცხენებზე შემსხდარი ერთი-მეორეზე სიმპატიური პოლიციელების არმია მოჰყვებოდა. მაიკოს გავხედე. სასურათედ გამზადებული იჯდა ხიდის მოაჯირზე და ერთიანად დნებოდა. ისინი კი ზედაც არ გვიყურებდნენ. მკაცრი სახეებით უბღვერდნენ მოჰიპო ჟილეტიანებს და გაშეშებულები ისხდნენ ცხენებზე. ერთი-ორი სურათი მაგათთანაც გადავიღეთ, მაგრამ არ გამოვიდა მთლად კარგი, მარტო მე ვიღიმი.

ბოლო-ბოლო დავაყენეთ საშველი და ეიფელისკენ წავედით. ეიფელი ორ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილი (ეიფელის შუაწელი) და წვერო. ვიზიტის ფასები იმის მიხედვით განსხვავდება,  რომელ ნაწილში მიდიხარ და ასევე კიბით გინდა ასვლა (შედარებით იაფი) თუ ლიფტით (შედარებით ძვირი). მე კენწეროს ავხედე და გამოვაცხადე ბოლოში უნდა ავიდე და თანაც ფეხით-თქო (პარიზი უნდა შევიგრძნო თემაში). კიდევ კარგი მაიკომ თქვა, მეო სიმაღლის მეშინია და თან დაღლილი ვარო. ხოდა ავედით მეორე სართულზე ლიფტით. ეს სიამოვნება თითოს 16 ევრო დაგვიჯდა (ბოლომდე ლიფტით 25.5 ევრო ღირდა). სხვათაშორის ამ არასეზონზეც კი (თებერვალი) დაახლოებით 2 საათი გავატარეთ მოლოდინში და რიგმა მაშინ მოგვიწია, ჩვენს თანამერიგეებთან უკვე საკონტაქტოებს რომ ვცვლიდით და თან ვიშვიშებდით, ეს რა პატარა ყოფილა მსოფილიოო. ახალ ნაცნობებს დავემშვიდობეთ, ოჯახებში მოკითხვა დავაბარეთ და უცნაური ფორმის ლიფტში გაჭირვებით შევეკვეხეთ (სხვათაშორის კარებთან ვიღაც ქალი იდგა და გადაიწიეთ გადაიწიეთო ყვიროდა).

მალე ყველაზე ლამაზ რკინის ქალბატონს შუაწელზე მოვექეცით. როგორ გითხრათ რა სანახაობაა ან რა გრძნობაა იდგე ეიფელზე და გადაჰყურებდე პარიზის ღამეს. ერთი მომენტი კინაღამ ვიტირე, რომ ვუყურებდი ქუჩებით სიმეტრიულ ფიგურებად დაყოფილ გაჩახჩახებულ ქალაქს და იმაზე ვფიქრობდი, რომ ოდესღაც ამ ქუჩებს მოუყვებოდა ექიმი რავიკი, ამ მდინარეზე გადებულ ხიდზე იდგა ჟოანი, რომელიღაც ამ სახლში ცხოვრობდა პატი და აქვე, სადღაც უბრალოდ არსებობდნენ ლენცი, რობი და ოტო.  ხო, ალბათ მოსაყოლად ძნელი რომაა, ამიტომაც იღებს ხალხი უამრავ სურათს ისტერიულად. ასე ორი საათი მაინც ვიტრიალეთ წრეზე. შევედით სუვენირების მაღაზიაში და გამოვედით. მერე ერთი ორი წრე გავაკეთეთ, უფასო ტუალეტში სამჯერ დავიბანეთ ხელები და ისევ ისე შევედით იმ მაღაზიაში, თითქოს პირველად ვიყავით. გადავიღეთ უამრავი სურათი, გადავხედეთ პარიზს ასჯერ, ორასჯერ, უაზროდ ვიცინეთ აზრიანად დავდუმდით, კიდევ ერთი სამი წრე გავაკეთეთ და ბოლოს ემოციებით დაღლილები ძლივს-ძლივობით, გაჭირვებით გამოვემშვიდობეთ ამ ულამაზეს სანახაობას.

უკანა გზაზე, უკვე დაბლა ჩამოსულმა, თვალი მოვკარი რომ პატარა ჯიხურში   შოკოლადიან კრეპებს ამზადებდნენ. უცებ გამახსენდა რაღაც ვიდეო, სადაც ამ კრეპებზე ამბობდნენ, მერამდენღაცაა იმ რაღაცთაგანში, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო პარიზშიო. ხოდა არც ვაციე და არც ვაცხელე, ვეტაკე და 5 ევროიანი ცხელ-ცხელი „ბლინი“ ავაგდე. რავი მგონი გემრიელი იყო, მაგრამ არც არაფერი ისეთი, მთელი 15 ლარის გადახდა და მითუმეტეს ღამის 11 საათზე ჭამად რომ ღირებულიყო. მოკლედ არ ენდოთ მასთ დუ ლისტებს.  ფასის ხათრით  კრეპი მაინც ბოლომდე შევსანსლე (გზა და გზა მაიკოს ვატენიდი მაცდური სახით, მაგრამ არაფერი გამომივიდა) და იქვე მივხვდი რომ ვეღარ ვსუნთქავდი. სამაგიეროდ იმედით გავხედე გრძელ გზას სახლამდე და გავიფიქრე, არაუშვს მიღებულ კალორიებს გზაში დავწვავ-თქო. ხომ ძნელი მოსახერხებელია? მაინც მოვახერხე და სადღაც გზა  კიდევ აგვერია. ეგ არაფერი, გუგლმეფი გვიმყოფოს კარგად ღმერთმა. მალევე გამოვასწორეთ ერთ-ორ კილომეტრიანი შეცდომა და თან იმ წყეულ კრეპზე ვფიქრობდი იმედიანად, ზოგი ჭირი მარგებელია-თქო.

ღამის პირველ საათზე თაღი ადგილზე დაგვხვდა. იდგა მრავალი ჩვენნაირის მნახველი, მაინც მშვიდი და ძალიან ტრიუმფალური. ჩვენც რაღაცნაირი მოწიწებით ჩავუარეთ გვერდი (რავიკის თაღია, ვფიქრობდი ჩემთვის) და სახლისკენ უკვე ნაცნობ გზას დავადექით. იქვე სუპერმარკეტში შევიარეთ და მომდევნო დღისთვის საუზმე ვიყიდეთ. დიდი ბჭობის შემდეგ ჩემთვის ორაგულის, მაიკოსთვის კი ქათმის სალათი ავარჩიეთ, ფორთოხლის წვენი, წყალი და ერთიც ვეება ბრიოში. ჯამში 15 ევრომდე გადავიხადეთ და დაზურგულები მივადექით სასტუმროს.

იაფი კვება პარიზში

ხო, საუზმის შესახებ  მინდოდა მეთქვა. სასტუმროში საუზმე 15 ევრო ღირდა (კაცზე) და თან მაინცდამაინც კარგი რევიუები არ ქონდა. ამიტომ არ ავიღეთ. გარე კაფეებშიც, დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ შეთავაზება 13.8 ევროდ, რაშიც ტაფამწვარი და ჭიქა ფორთოხლის წვენი შედიოდა (ჰმ, ორი შემწვარი კვერცხი და ჭიქა წვენი, მთელი 40 ლარი). ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნომერში საუზმეც არაა ცუდი იდეა.

ეგ როგორი იყო, ამას შემდეგ დღეს მოგიყვებით. მანამდე კი მე და მაიკო დღით გადაქანცულები ლოგინებზე წამოვწვებით, მივაშტერდებით პარიზის ცას,  რომელიც ჩვენი სხვენის ფანჯრიდან მოჩანს და ჩვენ-ჩვენ წილ ფიქრებში ჩაგვეძინება.

პირველი დღის დასკვნები: პარიზი გიგანტების ქალაქია. აქ თავი ლილიპუტი მგონია გულივერების ქვეყანაში, რადგან ყველაფერი ძალიან, ძალიან დიდია. უზამაზარია ქალაქი, უზარმაზარია ფართო ქუჩები, მოედნები, ვეება სახლები ვეება ფანჯრებითა და კარებებით, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ვიწრო ქუჩებიც კი უზარმაზარია. წარმოგიდგენიათ? რაღაც რიგითი გამოფენის ერთი ექსპონატიც კი მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა შემოეკეთათ.

ხოდა, ასე მგონია, ერთხელაც იმ უზარმაზარი სახლების ვეება ზარი რომ ჩამოვრეკო, კარს აუცილებლად გარგანტუა გამიღებს. ჩემსკენ  დაიხრება, ვეება ხელისგულზე ფრთხილად დამისკუპებს, შინ შემიყვანს და ვეება ოთახში, ვეება მაგიდასთან, ვეება ჩაის ფინჯანთან თოჯინასავით ჩამომსვამს. თავად იქვე ჩამოჯდება, გაფართოებული ბავშვური თვალებით შემისწავლის და მერე ინტერესით ჩამიკითხება:

  • რაო, პატარავ. სამ დღეში მოგინდა ჩვენი ქალაქის დათვალიერება?

 

რეკომენდაციები

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • პარიზში მოსახვედრად იაფი ავიაბილეთები ეძებეთ საიტზე: kiwi.com
  • აეროპორტიდან ტრანსფერისთვის გამოიყენეთ: kiwitaxi.com
  • მატარებლის და ავტობუსების ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის