Airbnb – ბინის გაქირავება. როგორ “გავმდიდრდეთ”

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება.

თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.

ტურისტული სეზონი ახლოვდება და ჯერ კიდევ არ არის გვიან. სწორედ გაზაფხულის დადგომისთანავე დავიწყე მეც. ამიტომ საქმეს ახლავე შეუდექით

დარეგისტრირდით ამ ბმულიდან: www.airbnb.com/r/airbnbsakartvelo და სცადეთ “გამდიდრება”.

თანხის განაღდებას პირველი სტუმრის მომსახურების შემდეგ შეძლებთ. თუმცა თავად ტურისტების მასპინძლობით მიღებული ემოცია და ფინანსური სარგებელი გაცილებით მეტია.

მოკლედ, ამ გვერდიდან უნდა დაიწყოთ თქვენი ბინის ამსახველი ინფორმაციის შეტანა. თუ ინგლისური არ იცით, საიტს აქვს რუსული ვერსიაც.

 

ბინის გაქირავება

თავდაპირველად გასაქირავებელი ფართის ტიპი უნდა შეარჩიოთ. ჩვეულებრივ ბინას აპარტამენტის ტიპი შეესაბამება. ასევე, ჩამონათვალში არის კერძო სახლი, ციხე-სიმაგრე, სახლი ხეზე და ათასგვარი საცხოვრებლის ტიპი და სახეობა.

მომდევნო ველში ირჩევთ სტუმრების განთავსების ტიპს. ანუ: სტუმრებს უთმობთ მთლიან ბინას, ცალკე ოთახს გამოუყოფთ, თუ ოთახი საერთო და საზიარო გექნებათ. რეგისტრაცია მოგვიანებით გავაგრძელოთ, ახლა ბინის შესახებ:

ასეთ ეზოს, რომელიც საღამოობით ავტომობილებით ივსება, არ აქვს ხედი, ეზოში პირდაპირ დიდი ბეტონის კორპუსია, ხოლო მეორე მხარეს სოლოლაკის გორა და მძლავრი ტრანსფორმატორების შენობა დგას, ბინის გაქირავება სტუდენტებზეც გაჭირდება. მით უმეტეს თუ რემონტიც დაუსრულებელია.

სასწრაფოდ დასუფთავებისა და კედლების შეღებვის შემდეგ იატაკზე ძველი ხალიჩის დაფენა გადავწყვიტე, მაგრამ “დომინოში” და “გორგიაში” ლამინატის იატაკი ისეთი იაფი იყო, რომ… თუ თქვენ ამის გაკეთება არ გჭირდებათ გაგიმართლათ, მაგრამ ოთახის განახლება, შეღებვა მაინც მისასალმებელია.

ჩემი ძალისხმევის შედეგი ასეთი აღმოჩნდა. პატარა ოთახი ძველი თუ ახალი ნივთებით შევავსე (სასურველია დიზაინერის ჩარევა). ასევე საჭიროა ინტერნეტი, უთო, ფენი, წყლის მადუღარა, მცირე ქურა, სამზარეულოს ატრიბუტიკა და მაცივარი. სარეცხის მანქანა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

აბაზანა-ტუალეტს რაც შეეხება, არ არის საჭირო ყველაფერი კაფელში იყოს. უბრალოდ კედლები ნათელი, წყალგამძლე საღებავით შეღებეთ და ეცადეთ მაღალი დონის სისუფთავე შეინარჩუნოთ.

ასეთი მარტივი ბინის მოწყობის შემდეგ უნდა გადაიღოთ შედარებით კარგი სურათები.

 

გავაგრძელოთ რეგისტრაცია

სარეგისტრაციო ფორმის ველში ქალაქის ჩაწერის შემდეგ, დააჭირეთ გაგრძელების ღილაკს. სისტემა მოგთხოვთ ავტორიზაციას, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ფეისბუკის, ან გუგლის ექაუნთის გამოყენებით, ანდა სხვა მეილის მეშვეობით. ავტორიზაციის შემდეგ გამოდის შეტყობინება, რომ თქვენი განცხადება შექმნილია და გთავაზობთ დაასრულოთ მისი შევსება.

აპარტამენტის აღწერა მოითხოვს ინფორმაციას მისი უპირატესობების შესახებ. მდებარეობა, ტრანსპორტთან კავშირი, ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვე, სხვა მიმზიდველი ფაქტორები… ინგლისური ტექსტი არ უნდა შეიცავდეს შეცდომებს და არ უნდა იყოს რთული. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია სხვა ენებზე, მაგალითად, რუსულად, უკრაინულად…

ფოტოების ჩატვირთვას მიუდექით მთელი სერიოზულობით. პირველ ფოტოდ დააყენეთ ყველაზე ხარისხიანი და შთამბეჭდავი კადრი. ჩემს შემთხვევაში ყველაზე ეფექტური ქუჩის კადრი აღმოჩნდა. მაგრამ თუ ოთახი, ან ეზო ყურადღებას მიიქცევს, საწყის ფოტოდ მისი არჩევა უფრო გამართლებულია.

საკმარისია დაახლოებით 20 ფოტო, რომელზეც ასახული იქნება აპარტამენტის როგორც საერთო მდგომარეობა, ასევე ცალკეული დეტალები, მაგალითად, ნახატი, ან ვაზა ვაშლებით სავსე, ან კიდევ ღვინის ბოთლი ბოკალთან ერთად და ასე შემდეგ. 1-2 კადრი თბილისის ხედებიც შეიძლება.

მომდევნო ეტაპი ფასების დაწესებაა. ბინის ფასის განსაზღვრისას იყავით რეალისტები, შეარჩიეთ ისეთი რიცხვი, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის დონეს შეესაბამება. მაგალითად, ბუდაპეშტის ცენტრში აპარტამენტების ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე თბილისში, რაც ძნელი გასაგებია პოლონელი, ჩეხი თუ ფრანგი სტუმრებისთვის. თავად სისტემაც გთავაზობთ გარკვეული ფორმულით გამოანგარიშებულ ფასს და საწყის ეტაპზე შეგიძლიათ მას მიენდოთ.

ასევე, უნდა აირჩიოთ დაჯავშნის მეთოდი. არის მომენტალური და განხილვადი. პირველ შემთხვევაში სტუმარი დაჯავშნას პირდაპირ ანხორციელებს, თუმცა შეუძლია დაგეკითხოთ კიდეც. მეორე შემთხვევაში კი თქვენთან გასაუბრებისა და თქვენი თანხმობის გარეშე ჯავშანს ვერ გააკეთებს. აქედან ერთ-ერთის არჩევის შემდეგ თქვენი ექაუნთის სეტინგებში უნდა ჩაწეროთ ფულის მიღების მეთოდი, რომელსაც გამოიყენებთ, მაგალითად, საბანკო გადარიცხვა, ან “ვესტერნ უნიონი”. პირველ შემთხვეაში ფულის მიღებას დასჭირდება რამდენიმე დღე და დაახლოებით 15 დოლარი ბანკის მომსახურების საკომისიო; მეორე კი უფრო ოპერატიულია – 1-2 დღე და საკომისიო 10 დოლარი. შეგიძლიათ “პეიპალიც” გამოიყენოთ.

თავად “ეარბიენბი” ფულს თქვენს ბალანსზე დასვამს თქვენ მიერ სტუმრის მიღებიდან 24 საათის შემდეგ.

პირველი სტუმრის მიღება საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ერიდება გარისკოს და ყურადღებას აქცევენ უკვე გამოცდილი ბინების სტუმართა შეფასებებს. ის თუ როგორ ხდება აპარტამენტების შერჩევა-დაჯავშნა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც სხვა აპარტამენტები შეივსება და ტურისტებს თქვენ იქეთ გზა აღარ ექნებათ. აი მაშინ კი საჭიროა შეცდომა არ დაუშვათ და პირველი სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი გაისტუმროთ. სისტემა შემოგთავაზებთ სტუმრის შეფასებას და თუ მართლა უკმაყოფილო არ დარჩით (ასეთ შემთხვევაში გირჩევთ საერთოდ არ შეაფასოთ) ერთი-ორი ტკბილი სიტყვა არ დაიშუროთ. სანაცვლოდ მიიღებთ სტუმრის დადებით შეფასებას, რომელიც ახალ სტუმრებს უბიძგებს თქვენი აპარტამენტის დაჯავშნისკენ.

მაღალი შეფასების მქონე მასპინძლებს “ეარბიენბი” ანიჭებს სპეციალურ ნიშანს, რაც კიდევ უფრო ზრდის ბინის სანდოობას და მის მფლობელს შეუძლია ფასები ოდნავ გაზარდოს და ბიზნესი გააფართოვოს, სხვა ბინებშიც გახსნას აპარტამენტები.

დარეგისტრირდით ამ ბმულიდან: www.airbnb.com/r/airbnbsakartvelo და სცადეთ “გამდიდრება”, ტურიზმი ამის საშუალებას ყველას აძლევს.

თუ თქვენ გჭირდებათ ბიუჯეტური საცხოვრებლის პოვნა საზღვარგარეთ ან თუნდაც თბილისში სათანადო ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი – hotelscombined.com.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

1 კომენტარი

Russa 29 თებერვალი, 2020 - 11:25
დიდი მადლიბა ასეთი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Comments are closed.

Add Comment