როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტის საქალაქო ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით.

ამგვარი ტრანსპორტი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ბუდაპეშტში ქუჩებში ხეტიალს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან პირველი შეხება აეროპორტიდან იწყება. 200E არის ავტობუსი რომელიც მეტროს ყველაზე ახლო სადგურთან მიგიყვანთ. ლურჯი ავტობუსი პირდაპირ აეროპორტის ტერმინალის გამოსასვლელთან ჩერდება.

ამ მარშრუტს ახლახანს დაემატა 100E, რომელიც აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მოძრაობს. მისი ბოლო გაჩერება მეტროსადგურ Deák Ferenc ter-თან არის.

სანამ 200E ავტობუსში ჩაჯდებით უნდა შეიძინოთ ბილეთი. ამის გაკეთება მძღოლთანაც შეგიძლიათ, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ტიპის ბილეთები აქვს და ეს არახელსაყრელია. 100E-ს ბილეთები კი ცალკე მის შესასვლელთან იყიდება.

შევეცდები ავხსნა რა ტიპის ბილეთი არის ყველაზე ოპტიმალური საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობისთვის.

ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ასეთი აპარატიდან. სენსორული ეკრანი ცოტა უცნაურად მუშაობს, მაგრამ მრავალენოვანია (ინგლისური, რუსული…) და უნგრულთან დაკავშირებული პრობლემებიც არ შეგაწუხებთ. თუმცა ბილეთის აპარატთან ჩემი პირველი შეხება მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა. გადაწყვეტილი მქონდა აეროპორტში დაბალი კურსით გადახურდავებული მცირე რაოდენობის ფორინტებით ყველაზე იაფფასიანი ბილეთი ამეღო და გრძელვადიანზე აპარტამენტში დაბინავების შემდეგ მეზრუნა. 350 ფორინტიანი (რაც დაახლოებით 3 ლარია) ბილეთის შეძენა ვერ მოვახერხე, რადგან აპარატმა ქაღალდის კუპიურა არ მიიღო. როგორც მივხვდი მცირე ღირებულების ბილეთებისთვის ქაღალდის ფულის მიმღები ჭრილი არ გააქტიურდა. შემდეგ ჯერზე ხურდა მოვქექე და მონეტების გააქტიურებულ ჭრილში ჩავყარეთ, ამჯერად შედეგიანად. იგივე დაემართათ სხვა ქართველებსაც. იხ. ვიდეო…

არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა, 350-იანი ბილეთი მხოლოდ ავტობუსში გამოგადგებათ და მეტროში შესვლისას კიდევ ახალი ბილეთის ყიდვა მოგიწევთ, კონტროლიორი მეტროს შესასვლელში დგას, ბილეთსაც ამოწმებს და ბილეთებსაც ყიდის. იყიდეთ პირდაპირ გრძელვადიანი ბილეთი, რომელიც ყველა ტრანსპორტის კარებს შეუზღუდავად გაგიხსნით.

ჩემს მიერ შეძენილი 7 დღიანი “ტრაველქარდი” ღირს 4950 ფორინტი, დაახლოებით 43 ლარი. ამ ბილეთის შეძენისას უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი და მას ძალა აქვს პასპორტთან ერთად, თუმცა ბილეთის შემოწმებისას პასპორტი არავის მოუთხოვია. “ტრაველქარდები” არის ისეთები, რომელშიც შედის მუზეუმები და ექსკურსიებიც და რესტორნებიც კი, არჩევანი თქვენზეა.

მოკლედ, აეროპორტში 200E ავტობუსში ჩასხდომის შედეგ უნდა ჩამოხვიდეთ მის ბოლო გაჩერებაზე და გაემართოთ მეტროსადგურისკენ. შეგიძლიათ ავტობუსის მობრუნებას დაელოდოთ და ჩამოხვიდეთ ამ ფოტოზე მარჯვენა მხარეს, საიდანაც კიბეებით პირდაპირ მეტროს ბაქანზე მოხვდებით. იმავე ადგილიდან გადის აეროპორტში მიმავალი ავტობუსიც.

მეტროს M3-ის ლურჯი ხაზის საწყის სადგურზე, Kőbánya-Kispest-ზე ჩვენი მეტროს მსგავს გარემონტებულ ვაგონებში ჩაჯდებით და გზას გაუყვებით ქალაქის ცენტრისკენ. შეამჩნევდით, ყველა ვაგონში გამოფენილია მეტროს რუკები, ასევე იმ ტრანსპორტის ნომრები, რომლებზეც შეიძლება მოცემული მეტროსადგურიდან გადაჯდეთ. იხ. ვიდეო M3-ის შესახებ:

ბუდაპეშტის მეტროს აქვს 4 ხაზი, აქედან ყველაზე ძველია M1, ყვითელი ხაზი. იქ ახლაც ძველმოდური ვაგონები მუშაობს. M1 პირველი მეტროს სისტემაა ევროპის კონტინენტურ ნაწილზე. 1896 წელს ამოქმედებული მეტროს სისტემა აგებულია ქუჩის ზედაპირის მახლობლად, მიწისქვეშა გადასასვლელის დონეზე, ამიტომ მასში ჩასვლა-ამოსვლა ძალიან მარტივია და მოსახერხებელი.

თავად მიწისქვეშა მატარებელი წარმოადგენს ტრამვაის ტიპის დაბალიატაკიანი ვაგონების ერთობლიობას, საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ ეგზოტიკური და საინტერესო.

კიდევ ორი ხაზი წითელი M2 და მწვანე M4 ერთმანეთს ძალიან წააგავს ახალი ფრანგული Alsom-ის მატარებლების დამსახურებით. M2 კომუნისტურ ერაში აგებული მოდერნიზებული ხაზია, M4 კი სულ ახლახანს გახსნილი თანამედროვე დიზაინის მქონე მეტრო.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი – ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს