რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა.

რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე.

მატარებლის ბილეთი შეძენა შეიძლება როგორც ვაგზლის სალაროში ასევე თავად მატარებელში და ის არარეალურად იაფი ღირს, მხოლოდ 50 თეთრი. ასეთი ფასით საუბარიც კი ზედმეტია მატარებლის რაიმე ეკონომიკაზე ან სარკინიგზო ბიზნესზე. ფასის შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს ამ მატარებლის კომფორტი და მგზავრობის ხარისხი.

18:55-მდე, გასვლამდე მატარებელი თითქმის მთლიანად გაივსო. კიდევ ერთი მატარებელი რუსთავის მიმართულებით დილის 7-ზე გადის. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია და ამ ხნის მანძილზე ვერც ფანჯრიდან ცქერით დატკბები და ვერც ვაგონის კომფორტით.

მატარებლის ფანჯრიდან გადაღებული ვიდეოhttps://www.youtube.com/watch?v=DadPGrS-ueo

თუმცა ალაგ-ალაგ არქიტექტურული არტეფაქტების აღმოჩენაც შეიძლება, მაგალითად რკინიგზის სადგური “ველი”.

გარდაბნისკენ (რუსთავისკენ) მიმავალ მატარებელს პირველი გაჩერება აქვს სამგორში, იქ სადაც უნდა აშენებულიყო აღმოსავლეთის რკინიგზის სადგური და რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნებოდა მეტროსთან, მაგრამ ძველის დანგრევის შემდეგ პროექტი პოლიტიკას შეეწირა და ახლა იქ ქაოსური ბაზრობა და ავტოსადგურია მოწყობილი.

აქ მატარებელი მთლიანად ივსება და ისედაც ხმაურიანი ვაგონი კიდევ უფრო ახმაურდება. მოსაწყენი ხმაურის შემდეგ შებინდებისას ჰორიზონტზე რუსთავიც გამოჩნდა.

ბოდიში ფოტოების ხარისხის გამო, მატარებლის ფანჯრების სისუფთავის ხარისხი მეტის გადაღების საშუალებას არ იძლეოდა. ამასობაში მგზავრები წამოიშალნენ და გასასვლელებს მიაწყდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავის რკინიგზის სადგურს მივუახლოვდით.

რუსთავში მატარებელი თითქმის დაიცალა. უკან გზაზე თბილისამდე ბევრი არავინ დამგზავრებია.

ამ სარკინიგზო ხაზის გაუმჯობესების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ გრანდიოზულ პროექტებზე ოცნებობენ და რუსთავს ხან მიწისზედა მეტროთი ხანაც ტრამვაით აკავშირებენ. კიდევ კარგი მონორელსის იდეა რომ არავის აწუხებს. ყველა პროექტს თავის ეკონომიკა აქვს და მარტივი გამოსათვლელია ყოველდღიურად 20 ათასი მგზავრის გადასაყვანად რომელი ტრანსპორტი გამოდგება და რა პროექტის განხორციელება ღირს. მინიმუალური დანახარჯებით კი შეიძლება არსებული ლიანდაგის რეკონსტრუქცია ისე, რომ თანამედროვე ტიპის შემადგენლობამ მაღალი სიჩქარე (შტადლერის შემთხვევაში 160 კმ/სთ-მდე) განავითაროს და რუსთავი თბილისს უმოკლეს დროში დაუკავშირდეს.

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს