საქართველოში სასტუმროების ფასები თითქმის 4%-ით შემცირდა

საქართველოში სასტუმროების ფასები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, 3.9%-ით შემცირდა.

PMCG კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხევით, საქართველოს სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში (-5.4%) და შიდა ქართლში (-4.7%). სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა (1.3%).

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, 3.3%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და მცხეთა-მთიანეთში შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსი არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2018 წლის იანვარში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების კლება 6.4%-ს, ხოლო თბილისში 9.9%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში, ფასები ყველაზე მეტად თბილისში და მცხეთა-თიანეთში იყო შემცირებული. ფასების ზრდა საქართველოს მხოლოდ სამ რეგიონში დაფიქსირდა.

2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, ფასების ინდექსი 2.6%ით გაიზარდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (19.2%) და სამცხე-ჯავახეთში (6.2%) გაიზარდა.

2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით სასტუმროების ფასები ექვს რეგიონში შემცირდა. თბილისში ფასების კლებამ 4.6% შეადგინა.

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსი 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და სამცხეჯავახეთში გაიზარდა. თბილისში, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 4.8%-ით შემცირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 2%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად ქვემო ქართლში და შიდა ქართლში შემცირდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 3.8% შეადგინა.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს