სასტუმრო თუ აპარტამენტი?

რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს ქართული ტურისტული ინტერნეტფორუმების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მოგზაურობისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს სასტუმროში დაბინავებას და აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისს არ აღიარებს. მე კი საპირისპირო აზრი ჩამომიყალიბდა და თუ რატომ პოლონეთის ულამაზესი ქალაქის კრაკოვის ერთი სასტუმროსა და აპარტამენტის მიმოხილვის საფუძველზე გავარჩიოთ.

ეს არის სასტუმროების ცნობილი ქსელის ibis-ის ორადგილიანი ნომერი კრაკოვში სამვარსკვლავიან სასტუმრო Hotel ibis Krakow Centrum-ში. ამ მომენტში ორ ადგილიანი ნომრის დაჯავშნა შესაძლებელია 70 ევროდ. რეალურად ეს ოთახი უფრო პატარა ზომისაა და ასე გამოიყურება.

ამ სასტუმროს მთავარი ღირსება დილის საუზმეა, შვედური სუფრა, სადაც სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტები ძეხვეული, სოსისი, კვერცხი, პური, ნამცხვარი, ჩაი-ყავა, ხილი… შეგიძლიათ მიირთვათ.

დილის საუზმის გარდა სხვა რაიმე პლიუსის პოვნა გამიჭირდა, ნომრის ფანჯრიდან მოსჩანს მხოლოდ ბენზინგასამართი სადგური და ფანჯრის გამღების შემდეგ ხმაური და ბენზინის სუნი მოსვენებას არ მოგცემთ. ფანჯრის დახურვის შემთხვევაში კი ვენტილაციის გუგუნი არანაკლებ გამაღიზიანებელია. ნომერში არ არის მაცივარი (მინიბარი), არც ჩაის მადუღარა და წახემსების რაიმე სხვა საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ვაველის სასახლესთან ახლოს მდებარეობს, ქალაქის ცენტრში ფეხით გადაადგილებისთვის მაინც მოუხერხებელია.

ახლა აპარტამენტს მივადგეთ.

ჩემს მიერ Airbnb-ზე შერჩეული ბინა მდებარეობს წმინდა იანის ქუჩაზე, რომელიც კრაკოვის ისტორიული ცენტრის გულში მდებარეობს და პირდაპირ უერთდება ცენტრალურ “ბაზრის მოედანს”. ეს სივრცე იმდენად საინტერესოა, რომ შეიძლება რამდენიმე დღე მოანდომოთ მისი ისტორიული ობიექტებისა თუ რესტორნების შესწავლას 🙂

აპარტამენტის სახელწოდებაა Coco Apt. 1bedroom, max .4 people და მასში ერთ დღე-ღამეში 75 ევრო გადავიხადეთ. აღსანიშნავია, რომ ფასები სეზონურად იცვლება. თუმცა, თუ Airbnb-ზე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

მართალია ბუხარი დეკორატიულია, მაგრამ ის განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის აპარტამენტის საცხოვრებელ სივრცეში, რომლისგანაც, უფრო მეტი სიმყუდროვისთვის მონდომებით არის გამოყოფილი სამზარეულო და აბაზანა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხედი აპარტამენტის ფანჯრებიდან.

ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ბენზინგასამართი სადგურისა და ავტომობილების ხმაურის ნაცვლად ღია ფანჯარაში პერიოდულად მხიარული ტურისტების შეძახილები ისმის.

დასკვნა: თუ ოჯახი ან მეგობრების ჯგუფი მიდიხართ სამოგზაუროდ აუცილებლად აპარტამენტი აირჩიეთ, სივრცეც მეტია, საკვების მომზადების თავისუფლებაც, ბოლო-ბოლო ჩაის და ყავას მოიდუღებთ როცა მოგესურვებათ და ადგილმდებარეობაც ხელს უწყობს ფეხით ხეტიალს. ხოლო თუ 1-2 დღით ოფიციალურ შეხვედრებზე გეპატიჟებიან სასტუმრო გამოგადგებათ მხოლოდ იმიტომ, რომ დილის საუზმეზე ფიქრი და ზრუნვა არ მოგიწევთ.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

ინფორმაცია იმის შესახე თუ როგორ იმოგზაუროთ კრაკოვში და საერთოდ ევროპაში იაფად, როგორ გამოიყენოთ აპარტამენტების დაჯავშნის სისტემა და როგორ გადაადგილედეთ ქალაქებს შორის, იხილეთ “მსგავს თემებში”

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის