ვაგრძელებ პოლონეთის სოფლის ცხოვრების აღწერას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა სოფელი ასეთი იყოს და ყველგან მსგავსი ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ მალოპოლსკის სავოევოდოში სოფლების უმრავლესობა ნამდვილად ასეთია.
სოფელი ტილიჩი პოლონეთის მთებში, კარპატებში მდებარეობს და ისევე როგორც პირველ პოსტში აღწერილი სოფელი, 1947 წლამდე დასახლებული იყო ლემკების ეთნიკური ჯგუფის ხალხით. შესაბამისად, მთელი ისტორია ლემკებს უკავშირდება, ისევე როგორც სოფლის ცენტრში მდებარე მე-17 საუკუნის ხის ეკლესია (ფოტოზე მარჯვნივ).
მარცხნივ მდებარე ეკლესია ახალი აგებულია და ბევრს უკვიrს რა საჭირო იყო ის, როდესაც ძველი მოქმედია. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ პოლონეთში კათოლიკური ეკლესია დიდ როლს თამაშობს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ტილიჩში არის მესამე ეკლესიაც.
ახლა კი თვალი გადავავლოთ სოფელს.
სოფლის ცენტრში გაშენებულია მცირე ზომის პარკი, ხოლო შემდეგ ფოტოზე მოჩანს სოფლის საერთო ხედი და მარცხენა კუთხეში სტადიონის ტრიბუნები.
სოფელს აქვს მარკეტის ტიპის მაღაზია, ფოსტა და სახანძრო პუნქტი.
ქუჩებში დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები და ტრაქტორიც კი წესების დაცვით მოძრაობს.
სოფლის სკოლა
ავტობუსის გაჩერება, “სტილიზებული” მოსაცდელით. ბაკურიანშიც შევნიშნე ქალაქის სტილიზების მსგავსი მცდელობა.
სოფლელების სახლები
ტილიჩში სტუმრობის მთავარი მიზანი ბიომეურნეობის “ფარმა ლამას” მონახულება იყო.
ფერმის საქმიანობა მრავალმხრივია ცხოველების მოშენებით დაწყებული აგროტურიზმით დასრულებული.
კადრში სალაროა, სადაც იყიდება ფერმაში დაგეგმილი ღონისძიების ბილეთები.
ჩვენი სტუმრობის მომენტისთვის დაფაზე გამოკრულ ღონისძიებათა პროგრამაშია ჯირითში შეჯიბრი და ტალანტშოუ. მაგრამ ჩვენ მცირე ტური შემოგვთავაზეს და მარხილზე შემოგვსვეს.
ასეთ კომფორტულ მარხილზე პირველად ვიჯექი, ამორტიზატორების გარდა მარხილი აღჭურვილი იყო მუხრუჭებით, ასევე სტოპ და მოსახვევის ციმციმა ფარებით, რომლებსაც წამყვანი დანიშნულებისამებრ იყენებდა.
ერთი-ორი კილომეტრის გავლის შემდეგ მივადექით დასასვენებელ კომპლექსს.
Domki w Lesie – ასე ჰქვია ამ სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექსს.
კოტეჯები ადამიანებისთვის და ცხოველებისთვისაც 🙂 აღსანიშნავია, რომ კომპლექსის დატვირთვა ერთი-ორად იზრდება, როდესაც თხილამურებისა და თოვლზე სრიალის სეზონი დგება.
მინერალური წყლის ბუნებრივი წყარო. ბორჯომის ბუნებრივი საბადოსგან განსხვავებით წყალი გაცივებული მოედინება.
ბუნებრივი წყაროს მახლობლად მდებარეობს მინერალური წყლის საწარმო Kropla Beskidu
ვბრუნდებით უკან “ფარმა ლამაში”.
ფერმაში იგრძნობა, რომ მუდმივი განვითარების პროცესი მიმდინარეობს, შენობების ნაწილი რემონტდება ტურისტული თუ სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
“ფარმა ლამაში” დაბინავების მსურველთათვის სასტუმროს ნომრები ასეთია.
ფერმის მთავარი სიამაყეა საჯინიბო.
ცხენოსნობაში შეჯიბრისა და შოუებს გარდა ბავშვებს ცხენზე ჯირითს ასწავლიან, აწყობენ სასკოლო ტურებს და აქვთ სხვა სახის ანაზღაურებადი მომსახურებაც.
ცხენების საცხოვრებელი მუდმივად ღიაა და შიგნით თითქმის უწყვეტად ისმის პოპულარული მუსიკა.
ცხენების გვერდით და კიდევ ბევრ სხვა ადგილას იზრდებიან კურდღლები, ცხვრები და თხები…
ცალკე განყოფილება ეთმობა ათასგვარ ფრინველს.
ფერმის შუაგულში კი არის ლამაზად მოწყობილი საპიკნიკე.
აქ ცხვრის ხორცით, პოლონური “ვიშნოვკით” და ყავით გაგვიმასპინძლდნენ.
ამ უზარმაზარი კომპლექსის, რომლის სრულად აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანდა, შემქმნელია ერთი ამერიკელი ქალი.
მან 20 წლის წინ დააფუძნა ფერმა ტილიჩის ცენტრში, მაშინ როდესაც პოლონეთს არანაკლებ უჭირდა ვიდრე საქართველოს. თუმცა პოლონელებმა უცხოელისთვის კარის ჩაკეტვას მასთან თანამშრომლობა ამჯობინეს.
შედეგად, სოფლად გაჩნდა სამუშაო ადგილები, ფერმაში ჩამოსული ტურისტების მომსახურებისთვის გაჩნდა დამატებითი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა. და ბოლოს, სოფლელი ბავშვებისთვის სწავლისა და გართობა-დასვენების არიალი გაფართოვდა. საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ ტილიჩის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდა რაც მარტივი შესამჩნევია მათ საცხოვრებლებზე თვალის გადავლებით.
პოლონეთის ამ სოფელის უფრო ახლოს გაცნობის მსურველებს შეუძლიათ მცირე დანახარჯებით იმოგზაურონ. დაბალფასიანი სასტუმროების მოძიება შესაძლებელია საიტზე: booking.com
პოსტის მომზადება შესაძლებელი გახდა კრინიცის “ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში.