სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 1

პოლონეთში მოგზაურობისას ავტობუსიდან გადაღებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. პოლონეთის სოფლების კადრებზე აღბეჭდილი ეს დასახლებები ზოგს შეძლებული მოქალაქეების აგარაკები ეგონა, მაგრამ სოფლების სიღრმეშიც ანალოგიურ სურათებს გადავაწყდი.

ეს ფოტო გადაღებულია საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუის მახლობელ სოფელში, მალოპოლსკის სავოევოდოში, კარპატების მთებში, სლოვაკეთის საზღვართან – დაახლოებით ისეთი რეგიონია, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანი. მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი, რომელსაც კრინიცა-ზდრუიში სათხილამურო ტრასები და რეგიონის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალი იზიდავს. შესაბამისად, ტურიზმი კრინიცის მომიჯნავე სოფლების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სოფელ კამიანის (Kamianna) ცენტრი, თაფლის მაღაზიებითა და…

ტურისტულ-საინფორმაციო და პარკინგის ჯიხურით.

აქაურობა გაჟღენთილია სლავური ტომის ლემკების ისტორიით, რომელიც თავიანთ თავს “რუსნაკებს”, “რუსინებს” ეძახდნენ. ლემკები მნიშვნელოვნად შეავიწროვეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ბოლოს კი 1947 წელს, ოპერაცია “ვისლის” ფარგლებში 140 ათასამდე ლემკი საკუთარი საცხოვრებლებიდან აყარეს და უკრაინაში გადაასახლეს. მნიშვნელოვანი ადამიანური და ქონებრივი დანაკარგების შემდეგ, დღემდე ლემკების მცირე დასახლებებიღა შემორჩა უკრაინის მთიანეთში.

მეჩვიდმეტე საუკუნის ხის ტაძარი სოფელ კამიანაში (Kamianna). ლემკების დროს ეს იყო ბერძნულ-მართლმადიდებლური ტაძარი, ახლა კი რომაულ-კათოლიკურია. 1990 წელს პოლონეთის პარლამენტმა ლემკების მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო, თუმცა მათ სოფლებში ახლა სხვები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთ თავს “მთის ხალხს” უწოდებენ.

ტაძრის ეზოდან იწყება აქაური თაფლის ერთ-ერთი მსხვილი წარმოება.

ეზოს შუაგულში ადამიანის ფიგურები დათვების დასაფრთხობად.

ნაციონალურ ფორმაში გამოწყობილი მეფუტკრე იაცეკ ნოვაკი დათვის სტუმრობის დეტალებს გვიამბობს. ერთ-ერთმა მათგანმა სახსოვრად ანაბეჭდიც კი დატოვა.

ეს რელიკვია თაფლის პროდუქციის მაღაზიაში ინახება, აქვეა ტურისტებისთვის საჩვენებელი სკა, რომელშიც დედა ფუტკრის მოძებნა შეიძლება. უკანა ნაწილზე წითელი ნიშანი აქვსო, გვეუბნება მასპინძელი.

პროდუქცია კი მრავალფეროვანია, სანთლებით დაწყებული, თაფლის ღვინითა და წამლებით დამთავრებული. ჩვენმა თანმხლებმა ბელორუსმა და რუსმა სტუმრებმა დაახლოებით 500-500 დოლარის ნაწარმი შეიძინეს. ამ რაოდენობის პროდუქტი მაღაზიაში არ ჰქონდათ და მათთვის საწყობიდან სპეციალურად მოიტანეს.

მაღაზიიდან რესტორანში გადავინაცვლოთ თაფლისა და თაფლის ღვინის დასაგემოვნებლად. მისი მიღება ხდება თაფლისა და წყლის შეზავებისა და ფერმენტაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგად.

სასმლის ფერი, გემო და გრადუსი დამოკიდებულია წყლისა და თაფლის თანაფარდობაზე. 1 წილი თაფლი და 1 წილი წყალი – ღია ფერის მსუბუქი ღვინო, 2 X 1 – საშუალო ტონალობის და ყველაზე გემრიელი და ძლიერი – 3 X 1.

როგორც ჩანს, პოლონური თაფლის ღვინო ოდითგანვე იყო სახელგანთქმული.

1814 წლით დათარიღებული ორი ბოთლი “პოლონეთის თაფლი” დღემდე ინახება ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მარანში.

ვინც კრინიცა-ზდრუიში და მის სოფლებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ხელმისაწვდომ ფასიანი სასტუმროები შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი პარტნიორი სისტემის ვებსაიტზე: www.hotelscombined.com

პოსტის მომზადება შესაძლებელი გახდა კრინიცის “ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში.

Related posts

პოლონური ღვინის ტურიზმი

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან