მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 6***
ქალაქი, სადაც სიფრთხილეს არ სტკივა თავი
- ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ადგილები ღამით კარგადაა განათებული, ბევრგანაა კამერები, პოლიციაც პატრულირებს, მაღაზიის ვიტრინებიც გაჩახჩახებულია, ხშირად, პატრონიც იქვეა. აქ სეირნობა უსაფრთხოა, მაინცადამაინც რომელსამე ჩებნელებულ ჩიხში ან უცნობ ეზოში ნუ დურთავთ თავს – ესაა და ეს;
- ქუჩაში ძარცვა იშვიათობაა, მაგრამ ჯიბის ქურდბაცაცები კი ბევრია, ამიტომ საფულე, კამერა, მობილური, ტაბლეტ-კომპიუტერი… უყურადღებოდ არ დატოვოთ. დიდი რაოდენობის ფულის ტარება თან სრულიად ზედმეტია – АТМ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და პლასტიკურ ბარათებსაც (განსაკუთრებით Master Card-სა და VISA-ს) ყველგან იღებენ;
- ერიდეთ უცნობი ადამიანებისგან “მაცდურ” შემოთავაზებებს – წავიდეთ, კარგი რესტორანი ვიცი და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ, მაგარი ნაშები ვიცი იაფად, წამო ვიგრიალოთ და ა.შ. – თუ ღამის გართობა გსურთ, სტამბოლში ბევრი კარგი კლუბია, სადაც დრეს-კოდია, დაცვაა, კარგი პუბლიკაა, მათ ჩამონათვალს ტურისტულ გაიდში ბევრს ნახავთ;
- სადმე ბარში, შესაძლოა, გაიცნოთ კარგად ჩაცმული, მომხიბლავი მანდილოსანი, რომელსაც, თითქოს, თქვენსავით დროის გატარება და გართობა სურს და უარზე არაა, საღამო საინტერესოდ გაგრძელდეს, 🙂 ყველაფერი კი (შესაძლოა) დამთავრდეს იმით, რომ ბარში/კლუბში არანორმალურად ძვირი ჩეკის გადახდა მოგიწიოთ და მეტს ვერც ვერაფერს გამორჩეთ… ისე, მამაკაცი-კლიენტების გაწეწვის ეს მეთოდი – სატყუარით, ჩვენთან რაღაც ვერაა მთლად კარგად ათვისებული. 🙂;
წესით და კანონით, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე გადაადგილება თურქეთში აკრძალულია. მაინც სჯობს, პასპორტი სასტუმროში დატოვოთ და მისი ქსეროასლი ატაროთ თან (თუმცა, პირადად ჩემთვის პოლიციას საბუთები არასდროს შეუმოწმებია და რა ვიცი… ).
კიდევ ერთი მინდა ვთქვა – ხშირად გაიგონებთ, რომ თურქეთი ისლამური ქვეყანაა. სინამდვილეში, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი – უფლის დღე მუსლიმებისთვის პარასკევია, მაგრამ არასამუშაო დღე თურქეთში არის კვირა. ახალი წელი 1 იანვარსაა და კალენდარი – გრიგორიანული. ამას იმიტომ ვწერ, რომ სტერეოტიპებს, “ისლამური ქვეყნის” გაგონებისას რომ წამოგვეშლება ხოლმე, თურქეთის დიდ ქალაქებთან არაფერი აქვთ საერთო. არ არის საჭირო სტამბოლში ჩაცმის ან ქცევის განსაკუთრებული სტილი მოირგოთ, იმისგან განსხვავებული, რაც, ვთქვათ, თბილისში გაქვთ. შორტით (მამაკაცის ან ქალის), ვიწრო შარვლით, მაისურით ჭიპამდე ან მინიკაბით სტამბოლში ვერვის გააკვირვებთ, მხოლოდ ეგაა, თუ მეჩეთის მონახულებას აპირებთ, ასეთი სამოსი არ გამოგადგებათ.
- ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა – თურქი მამაკაცის პრობლემა ისაა, რომ ყრუები არიან – სიტყვა “არა” რამდენჯერმე უნდა გაუმეორო, თორემ – არ ესმითო. 🙂
მე ვუპასუხე: მართალი ხარ, თურქი მამაკაცი “აზიატია”, ამიტომ მისთვის ქალის “არა” შეიძლება, ნიშნავდეს ყველაფერს: “არა”-ს, “ჯერ არა”-ს, “დღეს არა”-ს, “აქ არა”-ს დაბოლოს – “კი”-ს. 🙂 მაგრამ, დავამატე, ამაში დამნაშავეები “აზიატი” მამაკაცები კი არა, “აზიატი” ქალები არიან, რომელთა არა” შეიძლება, ნიშნავდეს ყველაფერს: “არა”-ს, “ჯერ არა”-ს, “დღეს არა”-ს, “აქ არა”-ს დაბოლოს – “კი”-ს. 🙂
პატივი ეცით მათს რელიგიას, დროშას და ათათურქის პორტრეტს და ადგილობრივებიც პატივისცემით მოგეპყრობიან. ქართველების მიმართ თურქები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან – ახლა მაინცადამაინც ომი და უბედურება რომ გვქონდა, იმ დროს ნუ გაახსენებთ და, ზოგი ჩვენი პოლიტიკოსისა თუ მედია-საშუალების დარად, ბათუმს რომ “გვართმევენ” და მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ.
თურქები ფეხბურთის გიჟები არიან – სტამბოლში სამი კლუბია “გალათასარაი”, “ბეშიქთაში” და აზიური “ფენერბახჩე”. ერთის გულშემატკივრებთან მეორის ქებას ნუ მოჰყვებით. 🙂
- სულ პირველად რომ მოვხვდი სტამბოლში, “გალათასარაის” ზეობის ხანა იყო, ევროთასებზეც წარმატებით გამოდიოდა და მადრიდის “რეალიც” კი ჰყავდა დამარცხებული. ბუტიკში ვარ და კოსტიუმს ვყიდულობ. სანამ შარვლის ბოლოს შემომიკეცავდნენ, მენეჯერმა (შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაღაზიის მფლობელიც ის იყო) ჩაი შემომთავაზა. საუბარს შევყევით და ფეხბურთამდე მივედით. მე ვეუბნები – დიდი პროგრესი გაქვთ თურქულ ფეხბურთში, აგერ “გალათასარაი” რა ძლიერი გუნდია-მეთქი. უცებ, ის მშვიდი და ინტელიგენტური გარეგნობის კაცი აილეწა, წამოხტა და “ფაქ-გალათასარაიო!” დაიყვირა. “ბეშიქთაშ”!!! “ბეშიქთაშ”-ო!!! 🙂 მე ვიფიქრე, ვაითუ ახლა ჩემი ნავაჭრი უკან საკიდზე შეაბრუნოს და აქედან გამაპანღუროს-თქო… 🙂 ვეუბნები – მეც ფაქ-კაცო, “რეალის” გულშემატკივარი ვარ და კატა მიაკვდა სულში “გალას”-მეთქი. 🙂 ამაზე მოვრიგდით. ჰოდა, გაფრთხილდით, მსგავსი კონფუზი არ შეგემთხვათ. 🙂
სხვამხრივ, როგორც ვთქვი, სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტ-ფრენდლი ქალაქია მსოფლიოში და თურქეთი კიდევ – ასეთი ქვეყანა. ჩვენი არ იყოს, თურქებსაც აქვთ გამოთქმა, რომ “სტუმარი – ღვთისაა”. ამ მიწამ მრავალი “გადამთიელი” “შეიკედლა” – სანტა კლაუსი, სანამ ლაპლანდიაში დასახლდებოდა, დემრეში მოღვაწეობდა, ჰომეროსი – იზმირში, იულიუს კეისარი ქალაქ ზელაში მივიდა, ნახა და გამარჯვა, ალექსანდრე მაკედონელმა კი დღევანდელი ანკარის მახლობლად გაჭრა გორდიას კვანძი…
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზაცია World Travel Awards-მა (მსოფლიო ტურიზმის ჯილდოები) ევროპის საუკეთესო ტურიზმის უწყების ტიტული ტყუილად ხომ არ მიანიჭა წელს.
საყველპურო თურქული:
- გამარჯობა – მეარჰაბა (Merhaba)
- დილა მშვიდობისა – გიუნაიდინ (Günaydın)
- საღამო მშვიდობისა – ი აქშამლარ (İyi Akşamlar)
- ღამე მშვიდობისა – ი გეჯელერ (İyi Geceler)
- ნახვამდის – გიულე-გიულე (Güle Güle)
- მოხარული ვარ, რომ შეგხვდით/გაგიცანით – მემნუუნ ოლდუუმ (Мemnun oldum)
- უკაცრავად – პარდონ
- კარგი დღე გქონდეთ (ამას ხშირად გაიგონებთ) – იი გიუნლერ (İyi günler) და მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ პასუხად
- მადლობა – თეშექიურლერ (Teşekkürler)
- О.К./კარგია – Тamam
- კი – ევეთ (Evet)
- არა – ჰაიირ (Hayır)
- ანგარიში – ჰესაფ (Hesap)
- რა ღირს? – ქაჩ ფარა? (Kaç Para)
- ძვირი – ფაჰალი (Pahalı)
- ფასდაკლება/დისკონტი – ინდირიმ (Indirim)
- ნაღდი – ნაქით (Nakit) მაგრამ ქეშიც იციან
- როგორ მივაგნო (სად არის) – ნერედე? (Nerede)
- გამიჩერეთ – დურ (Dur)
- მშვენიერი, ლამაზი – გიუზელ (Güzel)
- ბევრმა იცით, ალბათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ სიტყვა Mutlu ნიშნავს ბედნიერს.
- Durak – ნიშნავს სადგურს/გაჩერებას, Тabak – თეფშია, Bardak კი – ჭიქა.
- არაყი თურქულად არის Raki, ხოლო Yarak ნიშნავს პენისს. არ აგერიოთ. 🙂
___
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com