ჩემთვის სტამბოლი იწყება ისტიკლალიდან, დამოუკიდებლობის გამზირიდან, სასტუმრო “რიჩმონდიდან”, რომელიც 2007 წელს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოზე მარჯვენა მხარეს მოსჩანს. ადვილი შესამჩნევია, ძველი არქიტექტურის შემონობაზე დადგმული შავი შუშის კონსტრუქცია.
პირველად, აქ 2003 წელს “ამერიკის უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მოვხვდი. სასტუმროდან როგორც კი გამოვედი და ისტიკლალის საფეხმავლო ქუჩას სეირნობით გავუყევი შორიდან ნაცნობი ჰანგები მომესმა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნაცნობი ჰანგები სულ უფრო ემსგავსებოდა მშობლიურს. ამოვიცანი, “დიდოუ ნანა” ისმოდა. მაშინ თბილისში პოპულარული იყო ერთი ჯგუფი, რომელიც “დიდოუ ნანას” პოპვერსიას მღეროდა, ვერაფრით დავიჯერე იმ ჯგუფის სტამბოლშიც პოპულარობის ამბავი და მუსიკალურ მაღაზიაში მომღერალი ვიკითხეთ. მაშინ პირველად გავიგე კაზიმ კოიუნჯის შესახებ, რომელსაც მთელი თურქეთი იცნობდა, ლაზური, მეგრული და ქართული ფოლკლორული რეპერტუარის გამო. შემდეგ კაზიმი საქართველომაც გაიცნო და დააფასა.
ისტიკლალის (დამოუკიდებლობის) გრძელ ისტორიულ გამზირზე, ასევე ძველი და ისტორიული ტრამვაი დადის, რომელიც სტამბოლის ერთგვარ სიმბოლოდაც კი გადაიქცა. ტრამვაის ეს ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ტაქსიმის მოედანს და ისტიკლალის ბოლოს მდებარე მიწისქვეშა ფუნიკულიორს – “თიუნელს”. სწორედ აქედან გავუყვეთ ამ ულამაზეს ქუჩას.
ეს ფოტო სტამბოლში 2013 წელს გადავიღე, სამწუხაროდ, იმ პერიოდში ტრამვაი არ მუშაობდა, შეიძლება გახშირებული საპროტესტო გამოსვლების გამო, რომელთა ეპიცენტრი ტაქსიმზე და ისტიკლალზე იყო. ფოტოები, სადაც ტრამვაის შეამჩნევთ გაცილებით ადრე გადავიღე – 2007-2008 წლებში.
ისტიკლალი ანგრევს ჩვენთან გავრცელებულ სტერეოტიპებს თურქეთსა და მის საზოგადოებაზე.
გამზირის ორივე მხარეს, ვიწრო ქუჩებში და ჩიხებში, უამრავი აზიური, თუ ევროპული ღია კაფე და რესტორანია. აქ ევროპა და აზია, ქრისტიანობა და მუსულმანური რელიგია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
პიცა და ბურგერის გვერდით ეზოში კათოლიკური ტაძარია, წმინდა ანტუანის ეკლესია.
ჯვრისწერის ცერემონიალი
უფრო ზევით, ტაქსიმთან ახლოს კი არის ბერძნული, მართლმადიდებლური, წმინდა სამების სახელობის ტაძარი.
ხალხით სავსე ისტიკლალი.
და სტამბოლის განუყოფელი ნაწილი – კატები
მთელი გამზირი სავსეა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტით თუ კაფე-რესტორნით.
თურქული ტკბილეულის მაღაზია. შეგიძლია შეფუთული შეიძინო, ან ასაწონი და იქვე მოითხოვო შეფუთვა, შეგიძლია ივაჭრო და ისეთი ფასდაკლება მიიღო, რომ ვაჭრობის სურვილი კიდევ უფრო გაგიღვივდეს.
კიდევ ტკბილეული
ისტიკლალზე თითქმის ყველა რესტორნის სამზარეულო ქუჩის პირზეა და მზარეული ყველას დასანახად ტრიალებს, კერძი კი გამჭვირვალე გარემოში მზადდება.
ვიზუალი და სურნელი ერთად მუშაობს კლიენტის მისაზიდად.
ისტიკლალზე არის უფრო ბოჰემური კაფე-რესტორნებიც, მათი უმრავლესობა განლაგებულია მეორე სართულზე.
კაფე-რესტორნებს ენაცვლება ჩვენთან უკვე ცნობილი ბრენდების მაღაზიები.
აქვეა მრავალსართულიანი “კოლიზეუმი” და “ვაიკიკიც”, რომელიც თავისი სიიაფით დიდი ხნის მანძილზე იყო ჩემი სტამბოლში ჩასვლის მიზეზი.
ისტიკლალზე ყოველთვის ერთმანეთში ირევა ხალხი და ტრამვაი.
ქუჩაში ორცხობილით ვაჭრობა ტრამვაის მსგავსი ვაგონეტკებიდან მიმდინარეობს. წაბლით მოვაჭრის დახლიც კი სტილიზებულია.
ტრამვაი ამ ქუჩაზე არამარტო ისტორიულ-სიმბოლურ მისიას ატარებს, არამედ ის გადაადგილების კარგი საშუალებაა დაღლილი ტურისტებისთვის თუ გამზირის სწრაფად გავლის მსურველთათვის. ვაგონები გვერდს უქცევენ ისტიკლალის შუაში, გალათასარაის წინ.
სწორედ ეს ადგილია სტუდენტული გამოსვლებისა თუ ათასგვარი მიტინგ-დემონსტრაციის ერთ-ერთი მთავარი ბუდე. აქ ხომ ათიათასკაციანი მსვლელობა ორგანიზების გარეშეც ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ხალხის და ტრამვაის თანაცხოვრება
სანამ ტაქსიმს მივადგებით, მანამდე მარცხნივ ერთ ქუჩაზე, თევზის ბაზარში შევიაროთ.
ცოცხალი თევზით ვაჭრობის გარდა აქვე შეგიძლიათ თქვენს თვალწინ მომზადებული ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ.
მზარეულები
თევზეული
ნამდვილი სამოთხეა თევზის და ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის.
ისევ ისტიკლალზე დავბრუნდეთ, შებინდებასთან ერთად ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს.
ხალხში ირევა ლეგალური თუ არალეგალური ვაჭრობა.
ქუჩის მუსიკოსები სევდიან თურქულ ჰანგებს აკვნესებენ, ძალიან უხდება ამ გარემოს
ვუახლოვდებით ტაქსიმის მოედანს.
აქ არის ტრამვაის ბოლო გაჩერება…
ყვავილების ბაზრობა და რესპუბლიკის მონუმენტი, რომელიც აგებულია 1928 წელს.
მონუმენტზე გამოსახულია მუშები, ჯარისკაცები და გლხები, რომლებსაც სათავეში უდგას მუსტაფა ქემალ ათათურქი. ტაქსიმი დღისით (2008 წ.)
ძეგლის მიმდებარე ტერიტორია არის პაემნებისა და შეხვედრების საუკეთესო ადგილი.
აქ ჩამომსხდარ ხალხს გარემოვაჭრეები ცხელ ყავას და ჩაის სთავაზობენ.
ტაქსიმიდან ორიენტირება ძალიან მარტივია, აეროპორტის მიმართულებით დადის პირდაპირი ავტობუსები, აქვეა მეტრო, უამრავი საქალაქო ავტობუსის გაჩერება და ისტორიული ტრამვაი.
რუკა