რომელუბნელი ხარ, ეფენდი?
ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.
ბეიოღლუ (Beyoğlu), იგივე – პერა ძველი ქალაქის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცნობილი უბანია. აქაა ბოსფორის ყურე “ოქროს რქა” (Altın Boynuz/Golden Horn) სრუტეზე გადებული გალათას ხიდით (Galata Köprüsü/Galata Bridge). ქრისტეს (იგივე გალათას) კოშკიდან (Galata Kulesi) არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქსა და ბოსფორის სრუტეზე. გალათას ხიდის სიახლოვეს მდებარეობს სირქეჯის (Sirkeci) სადგური, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესი ჩამოდგებოდა ხოლმე (კი, ზუსტად “ის” აღმოსავლეთის ექსპრესი). აქაა პერა პალასი – სასტუმრო, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრები ჩერდებოდნენ, სადაც აგათა ქრისთიმ თავისი ცნობილი რომანი დაწერა და სადაც, სხვათა გვერდით, ალფრედ ჰიჩქოქსაც უცხოვრია. პერას მუზეუმი, რომელიც ქოჩების ოჯახის მფლობელობაშია (შენობა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად მუზეუმში არ ვყოფილვარ). ბეიოღლუს ნაწილია მოდური თაქსიმი მაღაზიებით, კაფეებით, ღამის კლუბებით. თუ გალათასარაის სკოლამდე მიხვალთ და პატარა ქუჩა ჯეზაირზე (Cezayir Sokak) თავქვე დაეშვებით, ფრანგულ უბანშიაღმოჩნდებით. სხვათა შორის, შარდენ-ერეკლეს ქუჩის ალი-კვალია. მაგრამ – უფრო პაწია. აქვეა ორჰან ფამუქის მუზეუმიც. ვისაც მისი “უმანკოების მუზეუმი” გაქვთ, “უმანკოების მუზეუმის” ბილეთიც გქონიათ და ისღა დაგრჩენიათ – ეწვიოთ. თუ წიგნი არ გაქვთ და ბილეთის აღება გიწევთ – მთელი 25 ლირა უნდა გაიღოთ. თაქსიმში მდებარეობსისთიქლალი (İstiklâl Caddesi) – სტამბოლის რუსთაველის პროსპექტი, ევროპული არქიტექტურით, კაფეებითა და ბუტიკებით.
ფრანგული არომატი სდევს რაიონ ეიუფს (Eyup), რომელიც “ოქროს რქის” მეზობლად მდებარეობს და სადაც გორაკზე სტამბოლის ყველაზე გაპიარებული პიერ ლოტის კაფეა(Pierre Loti Café/Piyer Loti Kahvesi). პიერ ლოტი ფრანგი ყურბან საიდია, ფრანგი ოფიცრისა და სტამბოლელი (ეროვნებით ჩერქეზი) გოგოს სიყვარულის ამბის ავტორი. ლოტი პერას სასტუმროში წერდა ლექსებს და იმ კაფეში ვახშმობდა, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქია. ვახშმობისა რა გითხრათ, მაგრამ კაფის ტერასაზე ყავის/ჩაის დალევა და ბოსფორის ხედებით ტკბობა – ყოველი ტურისტის სასიამოვნო ვალდებულებაა. უცნაურია, მაგრამ კაფეში, სადაც ერთ ჩაის ჭიქაზე 5 უცხოელი ტურისტი მოდის, საბანკო ბარათებს არ იღებენ!
ბოსფორის სრუტესთან მდებარეობს ბეშიქთაში (Beşiktaş), რომელიც ბევრმა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბით იცის. ბეშიქთაში კულტურული და კომერციული რაიონია. ბევრი მაღაზიითა და გალერეით. აქ მდებარეობს ორი სულთნის სასახლე – აბდულმეჯიდის დოლმაბაჩე (Dolmabahçe Sarayı) და აბდულჰამიდის იილდიზი (Yıldız Sarayı). მეორეში არ ვყოფილვარ და პირველი კი ძალიან ლამაზია. ამ სასახლეში დრო გაჩერდა და საათი სულ 9 საათსა და 5 წუთს უჩვენებს, იმიტომ კი არა, რომ დაზიანებულია, იმის გამო, რომ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ქემალ ათათურქი, რომელსაც, სულთნების დარად, დოლმაბაჩეში ჰქოდა რეზიდენცია.
- აბდულმეჯიდ პირველი ევროპელი სულთანი იყო, მის დროს თურქეთი ოფიციალურად აღიარეს ევროპელ ერთა ნაწილად. სულთნის ევროპული გემოვნება მისი სასახლის არქიტექტურასა და მორთულობა-მოკაზმულობაშიც აირეკლა. აბდულმეჯიდმა შემოიტანა თურქეთში ნაპოლეონის კოდექსი და ფრანგული სისხლის სამართალი, აკრძალა მონობა და მონათა სყიდვა, გააუქმა საგანგებო გადასახადი, რომლითაც მხოლოდ არამუსულმანები იბეგრებოდნენ. მის დროს გაჩნდა თურქეთში მეჯლისი – რაც პარლამენტარიზმის ჩანასახი იყო. გაგიკვირდებათ და, მორზემ ტელეგრაფი პირველად სწორედ კონსტანტინოპოლში დააპატენტა, როცა დანადგარი აბდულმეჯიდს წარუდგინა. სულთანმა ხომ ევროპასთან კავშირის ფასი კარგად იცოდა – საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ერთად მან წამოიწყო და გამარჯვებით დაასრულა ყირიმის ომი რუსეთთან. სულთნის დედა ქართველი ებრაელი იყო, მისი პირველი ცოლი კი – ქართველი, ფოთელი ქალი ვილმა. მათი ვაჟი მურადი მოგვიანებით ტახტზეც ავიდა. სხვათა შორის, მურადმაც ქართველ ქალზე იქორწინა. დედით ქართველი მურად მეხუთეც, მამის მსგავსად, ფრანგოფილი და რეფორმატორი სულთანი იყო, თურქეთის დემოკრატიზაციასა და კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას ლამობდა, მაგრამ არ აცალეს – შეთქმულება მოუწყეს და აიძულეს, გადამდგარიყო.
ბეშიქთაშის ნაწილია ე.წ. ახალი სტამბოლი – ლავანი (Levent), რომელიც პარიზულ ლა დეფენსს ჰგავს (და ლავანსაც ისევე უწოდებენ “ახალ სტამბოლს”, როგორც ლა დეფენსს – “ახალ პარიზს”). აქ დაიდო ბინა სტამბოლურმა “მონპარნასმა” – ქალაქის ყველაზე მაღალმა შენობამ, “საფირმა” (Sapphire), საიდანაც მთელს სტამბოლს მიმოავლებთ თვალს.
ბეშიქთაშს ემეზობლება ბებექი (Bebek), სადაც გორაკზე ევროპის ციხე-სიმაგრე (Rumeli Hisari) მდებარეობს. მის კედლებზე აბობღება ცოტაკი დამღლელია, მაგრამ ნამდვილად ღირს. ციხის კოშკებიდან მშვენიერი ხედი იშლება ბოსფორზე.
ბეშიქთაშის მეზობლად განლაგდა სტამბოლის ფინანსური და ბიზნს-ცენტრი შიშლი (Şişli), მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული ის ნიშანთაშით (Nişantaşı) გახდა. აქაა ისთიქლალის “კონკურენტი” სტამბოლის ჭავჭავაძე – აბდი იფექჩის პროსპექტი (Abdi Ipekçi Caddesi) ფეშენებელური ბუტიკებით და ძვირიანი კაფეებით. სიგრძით ნახევარ კილომეტრზე მეტია და მშვენიერი სასეირნო ადგილია, თან შეიძლება სადმე ორჰან ფამუქსაც გადაეყაროთ, რომელიც სწორედ აქ, ამ “პეროგაყრილ” უბანში ცხოვრობს. აქვეა შორიახლოს ევროპის უდიდესი მოლი “ჯევაჰირი” (Istanbul Cevahir Shopping and Entertainment Centre), (მოლებზე – სავაჭრო ცენტრებზე ქვემოთ უფრო დეტალურად დავწერ).
- აბდი იფექჩი თურქი ჟურნალისტი იყო, უმცირესობათა უფლებებისთვის მებრძოლი. ის 1979 წელს ალი აღჯამ მოკლა (იმ აღჯამ, ვინც მოგვიანებით პაპ იოანე პავლე მეორეს დაესხა თავს)… ცოტა ირონია კია, რომ აბდი იფექჩის სახელი სწორედ იმ პროსპექტს ჰქვია, სადაც საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტს, ალბათ, ბევრი არაფერი ესაქმებოდა.
ბაირამფაშაში (Bayrampaşa) დაიდო ბინა თურქუაზუმ (Turkuazoo) – სტამბოლის გიგანტურმა აკვარიუმმა, რომელიც, თუ დრო გექნათ, ნამდვილად ღირს ნახვად. აქვეა ახალი სავაჭრო ცენტრი – “ფორუმიც”. ბაირამფაშაზე გადის მნიშვნელოვანი სახმელეთო სატრანსპორტო არტერია – აქ ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურია. აქვეა ციხეც. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბული რაიონია, საკმაოდ მშვიდია და უსაფრთხო.
ევროპულ და აზიურ სტამბოლს შორის, ბოსფორის სრუტეშია წამომართული ე.წ. ქალწულის კოშკი (Kız Kalesi). ლეგენდის თანახმად, ამ კოშკში იყო გამოკეტილი აფროდიტეს ქურუმი ჰერო, მისი სატრფო ლეანდროსი კი ღამ-ღამობით ებრძოდა ბოსფორის ტალღებს, გოგონამდე რომ მიეღწია. ჰერო ჭრაქს ანთებდა, სატრფო გზას რომ არ აცდენოდა, მაგრამ ერთ ღამეს ჩაეძინა, ქარმა კი ალი ჩაააქრო. ყმაწვილმა გზა დაკარგა, კოშკს ვერ მიაგნო. დილით მისი უსულო სხეული ტალღებმა გამორიყა, გულმოკლული ჰერო კი კოშკიდან გადმოხტა.
ტაქსი ხომ არ გნებავთ? ეფათ?
შატლიდან ჩამოხვალთ თუ არა, ამ კითხვას გაიგონებთ, რაზეც თქვენი პასუხი უნდა იყოს – არა! სტამბოლში უნდა ერიდოთ უეცრად აღმოცენებულ “შუამავლებს”, არამკითხე მოამბე-დამხმარეთ და მსგავს სუბიექტებს – ბოლოს ყველა იმით ამთავრებს, რომ ფეხის ქირას (“ჩაევოის”) გთხოვთ. თქვენგან თუ ვერაფერს გამორჩა, იმ მძღოლს/სასტუმროს პორტიეს/კაფის მეპატრონეს… წაგლეჯს, ვისაც კლიენტი (ანუ – თქვენ) მიუყვანა, ის კი როგორმე მოახერხებს, ეს თანხა კვლავ თქვენი ჯიბიდან ამოიღოს.
ზოგადად ნუ ენდობით რაცგინდარა შემოთავაზებას, რომ რაღაცას გაშოვნინებენ “ეფათ”. დიდი შანსია, სამმაგი ფასი დაგიჯდეთ. (ტურიზმის პოლიციის რჩევებს, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თავსა და ჯიბეს სტამბოლში, პოსტის ბოლოს უფრო დეტალურად ჩამოვწერ).
სტამბოლის ოფიციალური ტაქსი ყვითელი ფერისაა. სხვა მოტაქსავე მძღოლებს ერთი პლიუსი აქვთ მხოლოდ – ხშირად ინგლისური “ყვითელ” ტაქსისტებზე უკეთ იციან, მაგრამ სულ რომ ოქსფორდული პრონანსი ჰქონდეთ – ეს ამად არ ღირს. ჩაჯექით მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზირებულ ყვითელ ტაქსიში, რომელსაც ნომერი აქვს კარზე და ტაქსის ნიშანი ძარაზე. თაქსიმზე (და, ცხადია, ბევრ სხვაგან) Istanbul Taxi-ს ოფიციალური გაჩერება მოძებნეთ, სადაც სტამბოლის ყვითელი ტაქსები ჩამწკრივებულნი ელიან კლიენტს და თავისუფალ ავტომობილში ჩაჯექით ან გამვლელ ტაქსის დაუქნიეთ ხელი და გააჩერეთ. კარგი იქნება, თუკი იმ ადგილის დასახელებას/მისამართს, საითაც გაგიწევიათ, წინდაწინ ქაღალდზე ამოწერთ და ტაქსისტს აჩვენებთ – სხვაგან არ ამოყოფთ თავს.
სტამბოლში ტაქსისტებს “ჩაევოის” არ უხდიან – იხდით იმდენს, რაც ტაქსიმეტრმა დაწერა (ელექტრონული მრიცხველი პირდაპირ სარკეზეა და იოლად ჩანს) თუმცა – დამრგვალებით, მაგრამ აქაც დემოკრატიული წესი მუშაობს – 4.60-ის ნაცვლად ტაქსისტი 5 ლირას აიღებს, მაგრამ 4.20-ის ნაცვლად 4 ლირას დასჯერდება (თუ წესიერი და ნამუსიანია :)).
ჩემი დურაკი სადაა?
დურაქი (Durak) თურქულად გაჩერებას ნიშნავს და, ზოგჯერ, მის დანახვას არაფერი სჯობს – ეს ფულის ეკონომიისა და სტამბოლელ ტაქსისტებისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა. თუ თაქსიმზე ხართ დაბანაკებული, მაშინ უახლოეს Тram Durak-ზე გალათასკენ მიმავალი ისტორიული, მე-19 საუკუნის (აღდგენილ-სტილიზებული, ცხადია)ტრამვაის ვაგონი ჩამოდგება, რომლით მგზავრობა ცალკე ტურისტული ატრაქციონია და ერთ რამედა ღირს. მას ნოსტალგიურს (Nostaljic Tramvay) უწოდებენ. დანარჩენ ქალაქში კი თანამედროვე ტრამვაი მოძრაობს. ვინაიდან სტამბოლის ქუჩები გადატვირთულია და იქაური მძღოლები ქართველების მსგავსნი – საცობები ხშირია. ამ დროს რა სჯობს, ტრამვაი რომ დაუბრკოლებლად მიგრიხინობს მის გზაზე, შენ ვაგონში ზიხარ და მშვიდად გასცქერი საცობში გაჩხერილ მძღოლებს. ტრამვაით მიხვალთ თაქსიმზე, ბეშიქთაშზე, იმგზავრებთ მარმარილოს ზღვის პორტებამდე და ბოსფორის ყურეზე გადებულ გალათას ხიდსაც გადაკვეთთ… მიგრიხინობსო კი ვთქვი, მაგრამ, სინამდვილეში, სულ უხმაუროდ მისრიალებს.
მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ძველი ტრამვაი 20 საათამდე მუშაობს, ახალი – შუაღამემდე.
მეტრო (Metrosu) სტამბოლისთვის ახალი ხილია, თუმცა ერთბაშად განვითარდა. სადაც მეტროს სადგური (სააკაძისა არ იყოს, იმ ძველი ანეკდოტიდან) უდგება, ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. გვიანობამდე მუშაობს – ბოლო შამდგენლობა შუაღამისას გადის ხაზზე.
გალათასა და ბეიოღლუს შორის მეტროს ხაზია, რომელსაც თურქები არა მეტროს, არამედ გვირაბს (Tünel – თიუნელ) უძახიან, ისე კი – ორივე ერთია. თაქსიმსა და ბოსფორის სრუტეს შორის კი ფუნიკულიორია (Füniküler).
სტამბოლის მუნიციპალური ავტობუსით (Otobüs) მგზავრობა თეორიაში ძალიან მოსახერხებელია, გაჩერებები ბევრია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თუმცა, შეიძლება, საცობში მოყვეთ და როლები შეიცვლება – თქვენ ქუჩაში იქნებით გაჩხერილი და ვიღაც ტრამვაით ჩაგიქროლებთ და ირონიულდ ან თანაგრძნობით გადმოგხედავთ. ავტობუსს 23:30-ის შემდეგ ტყუილად ნუ დაელოდებით.
ტრამვაისა და მეტროს სადგურებს ლათინური ასო M-ით გამოარჩევთ, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებებს კი წარწერა I.E.T.T. ამშვენებს.
მუნიციპალურ ტრანსპორტში გაჩერებებს აცხადებენ თურქულად და ინგლისურად, დამონტაჟებულია მონიტორები, სადაც გაჩერების სახელი ინთება… თუმცა, ავტობუსებში მონიტორი ყველგან ჯერ არ მუშაობს – როგორც ჩანს, ამჟამად ხდება ტექნიკური გადაიარაღება.
სანაპიროს გასწვრივ და სტამბოლის ევროპულ და აზიურ ნაწილს შორის გადასაადგილებლად საზღვაო ტრანსპორტი ურიგო საშუალება არაა. სწრაფია და ეკზოტიკური, თოლიებს დაუმეგობრდებით და ქალაქის ხედებსაც დაათვალიერებთ ზღვიდან. 23:30-ის შემდეგ ისიც წყვეტს მუშაობას.
ქალაქში ბევრი დოლმუში (Dolmuş) – სამარშრუტო ტაქსი დარბის. დოლმუშები გვიანობამდე მუშაობენ (შუაღამის შემდეგაც მინახავს ქალაქში), მაგრამ არ მისარგებლია, მხოლოდ თვალს გავაყოლებდი ხოლმე. და ისევ ფეხით ვაგრძელებდი გზას ან ჩვეულებრივ ტაქსის ვაჩერებდი.
სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტაქსის გარდა, ტრანსპორტის ყველა საშუალებაში, კომპანია IDO-ს (İstanbul Deniz Otobüsleri – სტამბოლის საზღვაო ავტომუსი) გემების ჩათვლით, მგზავრობის საფასურს სპეციალური ჟეტონებით გადაიხდით – ერთი ჟეტონის ფასი 2 ლირაა. ჟეტონებს გაჩერებაზე შეიძენთ ავტომატებიდან (Jetonomatik-ებიდან), მაგრამ გაცილებით უფრო მოსახერხებელია სტამბოლური მეტრომანი – Istanbulkart. მისი შეძენაც გაჩერებებზეა შესაძლებელი (ავტომატებიდან ან კიოსკებში) – 6 ლირა ხელუხლებელი დეპოზიტია (რომელიც უკან გიბრუნდებათ, თუკი ბარათს ჩააბარებთ, მხოლოდ ჩეკი უნდა შეინახოთ) და ამის ზემოთ რასაც ჩარიცხავთ – გამოყენებადი თანხა. ბარათით მგზავრობა 2 ლირაზე იაფია – ასე რომ, მისი გამოყენება ჟეტონზე მომგებიანია. მოქმედებს ფასდაკლების სისტემაც – დღეში რამდენჯერმე და გარკვეულ შუალედში თუ იმგზავრებთ ტრანსპორტის იმ საშუალებით, სადაც კი Istanbulkart გადის, მომდევნო მგზავრობისას ტარიფი მცირდება. თუკი დეპოზიტი გამოცალეთ, შევსება ავტომატის მეშვეობითაა შესაძლებელი ან იმავე კიოსკებში – მიაწოდეთ გამყიდველს 10 ლირიანი და უთხარით: “ისთანბულქარდ დოლუმუ, ლიუთფენ” (ისტანბულბარათი შემივსეთ, თუ შეიძლება) – ესაა და ეს. საგაზეთო ჯიხურები ფეხის ქირას იღებენ და ბარათს 7 ლირად ყიდიან. ავტომატები და სატრანსპორტო ადმინისტრაციის ოფიციალური I.E.T.T.-წარწერიანი კიოსკები – 6-ად.
2 კომენტარები
Comments are closed.
Add Comment