ვროცლავი პოლონეთის ერთი-ერთი გამორჩეული ქალაქია, გამორჩეული ყველაფრით, სილამაზით, ისტორიით, ხალხითა და გნომებითაც კი.
მიუხედავად წინასაახალწლო პერიოდის სიცივეებისა (+3 – +7) ვროცლავმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იმიტომ რომ, გერმანულ-პოლონური არქიტექტურული მიქსის გარდა, მომხიბვლელია, ვროცლავის მშვიდი გარემო, სიიაფე და კეთილგანწყობა. თუმცა ისტორიის მოთხრობას არ დავიწყებ, ინტერნეტში თავადაც მარტივად მოიძიებთ.
როგორც ცნობილია ვროცლავში ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დაფრინავს და ბუნებრივია 25-50 ლარიანი ავიაბილეთები გახდა მთავარი მიზეზი რის გამოც მოგზაურობა გადავწყვიტეთ.
გზა ვროცლავამდე
თბილისი-ქუთაისის დამღლელი მგზავრობის შემდეგ აეროპორტში ლოდინი, შემდეგ შუაღამით “ვიზეარის” თვითმფრინავით ფრენა საოცრად სასიამოვნოდ დასრულდა. ვროცლავში თვითმფრინავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ტრადიციების საწინააღმდეგოდ პირდაპირ აეროპორტის ტელესკოპურ ტრაპს მიადგა და Airbus A320-ის სალონიდან ნათელი აეროპორტის შენობაში აღმოვჩნდით.
სასაზღვრო კონტროლიც სწრაფად გავიარეთ, მხოლოდ პასპორტებს გადახედეს და ეს ყველაფერი ისე თავისუფლად და სასიამოვნოდ მოხდა, რომ ფოტოების გადაღებაც კი გადამავიწყდა. ამასობაში აეროპორტის უფასო Wi-Fi-ს შევუერთდი და Uber გამოვიძახე.
“უბერი” იმიტომ, რომ ძალიან იაფია, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე სამი მგზავრისთვის 22 ზლოტი, ანუ 15 ლარი გადავიხადე. როგორც წესი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ღამის ავტობუსით 3 კაცის მგზავრობა 10 ლარს უტოლდებოდა და შემდეგ ავტობუსის გაჩერებიდან დაახლოებით 500 მეტრი ფეხით უნდა გვევლო ღამით, უცნობ ქალაქში და თანაც სავარაუდოდ ცივ ამინდში. მოკლედ, უბერის ტაქსმა პირდაპირ ჩვენი აპარტამენტის სადარბაზოსთან მიგვიყვანა.
თუმცა დღისით 106 ნომერი ავტობუსით უსათუოდ ვისარგებლებდი. ვროცლავის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი და სხვა დეტალები იხილეთ საიტზე: wroclaw.pl
Airbnb-ის აპარტამენტი ვროცლავში
რა თქმა უნდა აპარტამენტი Airbnb-ზე შევარჩიე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. უამრავი ბონუსის გარდა აპარტამენტის დაქირავებას აქვს პლუსი, რომლითაც სასტუმრო ვერ დაიკვეხნის. აპარტამენტში ცხოვრებით თავს გრძნობ არა სტუმრად, არამედ რიგით მოქალაქედ, რაც მოცემული ქალაქის უკეთ გათავისების საშუალებას იძლევა.
უფრო დაწვრილებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Airbnb აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.
ამ 2 ოთახიანი აპარტამენტში, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ღამის 1 საათზე მასპინძლის გარეშე დამოუკიდებლად დავბინავდით. სადარბაზოს კარი კოდით გავაღეთ, ხოლო ბინის გასაღები კარის წინ ხალიჩის ქვეშ გველოდებოდა. ბინის დატოვებაც ანალოგიურად განხორციელდა – სწორედ ეს არის ის რაც ამ ბინისა და ამ ქალაქის მკვიდრად ყოფნის განცდას მიყალიბებს და დიდხანს რჩება საუკეთესო შთაბეჭდილებად.
ვროცლავის ქუჩები და “მოსტეკი”
სამწუხაროდ, საშობაო დღეებში ბევრი კაფე-რესტორანი თუ სხვა ტიპის სანახაობა დაკეტილი იყო, ამიტომ ძირითადად ქუჩებით შემოვიფარგლები.
პირდაპირ ჩემი აპარტამენტის წინ ქართული რესტორანი U Gruzina აღმოვაჩინე. კარგი ქართული კერძების გარდა რესტორანი იმითაც იწონებს თავს, რომ მას სტუმრობდა ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი. ამ რესტორნის გვერდით არის (ფოტოზე მარჯვნივ) ტრადიციული პოლონური ბარი, რომელსაც მე სასადილოს ვეძახი, ისეთი როგორიც კრაკოვშია.
მოკლედ გეზი ავიღოთ მარია მაგდალინელის ტაძრისკენ… გზად ვროცლავის ურბანულ ინფრასტრუქტურას გადავხედოთ. მიხვდებით ალბათ, რომ ძველ ქალაქში მთავარი ტრანსპორტია ტრამვაი და ველოსიპედი. ავტომობილები აქ შემოსვლას ერიდებიან, ძირითადად ამ რაიონში მაცხოვრებელთა ავტომობილებს შეხვდებით. თითქმის წაშლილია ზღვარი და ბარიერი, ბორდიურებიც კი სიმბოლურია – ქვეითებს, ავტომობილებსა და სხვა ტრანსპორტს შორის.
ყველა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილია, ამაზე ვატმანი ქალის რეაქციაც მეტყველებს.
ამ ქალაქში უამრავი ტაძარია, ალბათ დაინტერესდით თუ რატომ მაინცდამაინც მარია მაგდალინელის ტაძარი? იმიტომ, რომ სწორედ ამ ტაძრის კოშკებს შორის არსებული ხიდიდან “მოსტეკიდან” იშლება ვროცლავის ყველაზე შთამბეჭდავი ხედი. აი ის რომელიც ამ პოსტის პირველ ფოტოზეა აღბეჭდილი.
“მოსტეკზე” ასასვლელად 5 ზლოტი (3 ლარი) უნდა გადაიხადოთ და 45 მეტრის სიმაღლეზე მიმავალი საფეხურები დაძლიოთ, ლიფტი არ არის. მოსტეკი – ხიდი ტაძრის ორ კოშკს შორის მე-14 საუკუნეში აუგიათ, მანამდე აქ მე-11 საუკუნის ორი ტაძარი ყოფილა, რომლებიც მონღოლების შემოსევისას გაუნადგურებიათ.
თავად “მოსტეკიც” რამდენჯერმე დაზარალებულა, ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ააფეთქეს ნაცისტებმა. და მისი აღდგენა მხოლოდ 21-ე საუკუნის დამდეგს მოხერხდა. მის შესახებ რამდენიმე ლეგენდაა გავრცელებული. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ დაბინდებისას მოსტეკზე გამოჩნდებიან სუსტი ყოფაქცევის ქალების სულები. სინამდვილეში კი მოსტეკს ორკესტრისთვის იყენებდნენ, რომელიც ზეციდან სასიამოვნო ბგერებს აფრქვევდა ვროცვლავის ცაზე.
გნომები
ვროცლავში გნომებს ყველგან შეხვდებით და კიდევ ბევრი უნახავი დაგრჩებათ. გნომების პოვნა და აღბეჭვდა ერთგვარი ტურისტული ატრაქციაა. თავიდან, კრიტიკულად ვუყურებდი სხვების გატაცებას, მაგრამ შემდეგ ძალიან სასაცილო და საინტერესო გნომები რომ შევამჩნიე მეც დავიწყე მათი შეგროვება.
ყველას რაც მე ვიპოვე ეს პოსტი ვერ დაიტევს, თუმცა რეალობაში გაცილებით მეტია, ამბობენ 300-ზე მეტიაო.
კუნძულები
ვროცლავი მდინარე ოდრის შუაწელში წარმოქმნილ 12 კუნძულზეა გაშენებული. მათ შორის რამდენიმე ისეთი დიდი ზომის არის, რომ ქალაქის ერთ დიდი რაიონს იტევს. მეორე მსოფლიო ომამდე კუნძულები ერთმანეთთან 300-ზე მეტი ხიდით იყო დაკავშირებული, ახლა კი მათი რაოდენობა მხოლოდ 130-ს შეადგენს. შესაბამისად ვროცლავის სტუმართა შორის ძალიან პოპულარულია თბომავლით გასეირნება, რომლის ბილეთი 3-5 ევრო ღირს.
არანაკლები სანახაობაა თავად ძველი ისტორიული ხიდების დათვალიერება. თითოეული მათგანი თანამედროვე ლეგენდების ობიექტსაც წარმოადგენს. მაგალითად ტუმსკის ხიდი, რომელიც შეყვარებულთა ბოქლომებმა ააჭრელეს. თუმცა ის ერთმანეთს აკავშირებს პლასეკისა და ტუმსკის კუნძულებს.
კუნძულებზე არა მარტო ტაძრებია განთავსებული, მაგალითად მცირე ზომის კუნძულზე სახელად ტამკა მოწყობილია ღამის კლუბი და არტ-ჰაბი.
ვროცლავში გართობის ობიექტებისა და სავაჭრო ადგილების შესახებ მომდევნო პოსტებში მოგიყვებით.
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
2 კომენტარები
Comments are closed.
Add Comment