ჩემს აპარტამენტში უცხოელ სტუმრებს ყოველთვის საჩუქრად გადავცემ ხოლმე ქართულ ღვინოს. შესაბამისად ღვინის საბითუმო მომწოდებელს დავეძებ. ღვინის იაფად შესაძენად სუპერმარკეტში ფასდაკლების აქციების ლოდინი არ ამართლებს. ჩემს მდგომარეობაშია აპარტამენტის ბევრი მფლობელი, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმრო…
წლების წინ საოჯახო ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასაც ვცდილობდი, საცობებს მივაკვლიე, მაგრამ მცირე რაოდენობის უხმარი ბოთლების პოვნა გამიჭირდა. ამ წვრილმან და უფრო მსხვილ საკითხებზე პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე – ირწმუნებიან ორგანიზატორები.
“ვინექსპო – 2016” საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” 3-5 ივნისს უკვე მეცხრედ გაიმართება. ამჯერად ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინდუსტრიულ განვითარებაზე. წარმოდგნეილი იქნება როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები. შესაბამისად გამოფენის მთავარი დამთვალიერებლები იქნებიან ღვინის კომპანიები, საბითმო შემსყიდველები, ექსპორტიორები…
საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით გამოფენის დათვალიერება ფასიანია (10 ლარი).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული ღვინო და ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.
გამოფენის პარალელურად, ვიზიტორებსა და მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „ღვინის ხელოვნება“.
ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, “ვინექსპოს” პარალელურად მოეწყობა ღვინის საერთაშორისო კონკურსი. 2015 წლის კონკურსის 10 ოქროს და 20 ვერცხლის მედლის პრიზიორთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
“ვინექსპოს” გასულ წელს მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 75 კომპანია ესტუმრა, რომელთა პროდუქცია 4000-მდე დამთვალიერებელმა მოინახულა, მათ შორის მეც 🙂
პირველად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ემბარგოს მოჰყვა და 2007 -დან ყოველ წელს იმართება. მახსოვს მაშინ თითქმის ყველა სტენდის პროდუქცია გავსინჯე და კარგა-მაგრად შეზარხოშებულმა რეპორტაჟიც მოვამზადე.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ღვინის ბიზნესსა და მის მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობებისა და კავშირების მოძიება, მათი რეალიზება დღესაც სჭირდება. ამის კარგი საშუალებაა “ვინექსპო – 2016” – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა, რომელიც 3-5 ივნისს “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართება.